USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება“
Date:  448

„რუსეთ-უკრაინის ომი ორივე ქვეყნისათვის კატასტროფას წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც არცერთ მხარეს არ აქვს ჭარბი უპირატესობა და მათი პოლიტიკური პოზიციები დაზავების საკითხში დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, საომარი მოქმედებები ახლო მომავალში არ შეწყდება. მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია: ეს ომი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ღრმა და გრძელვადიანი გლობალური შედეგები ექნება“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება“ (ავტორი - ფენჯ იუიძინი, პეკინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ჩინელი მეცნიერ-პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ომს კრემლი წააგებს.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

პირველი - უკრაინელთა წინააღმდეგობა და ეროვნული ერთიანობა, რომელიც ბოლო დრომდე უპრეცედენტოა;

მეორე - საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, მართალია, ბოლო დროს კიევის მოლოდინს არ ამართლებს, მაგრამ მაინც ფართო რჩება;

მესამე - თანამედროვე ომის ხასიათი, რომელშიც გამოიხატება ეკონომიკური ძლიერების, სარდლობის, კონტროლის, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის ურთიერთშეთავსებაში.  ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდება რუსეთი უკრაინასთან ომში, არის ის, რომ კრემლი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დეინდუსტრიალიზაციის ეტაპიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. და თუ ეკონომიკის დონე, დასავლეთთან შედარებით, ბევრად დაბალია, ეს გარემოება განაპირობებს რუსეთის სისუსტეს სხვა მახასიათებლებშიც.

მეოთხე - ინფორმაციის ფაქტორი. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებამდე მიდის, ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო ხაფანგშია მოქცეული - პრეზიდენტი იმდენ ხანს არის ხელისუფლებაში, რომ მას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციებს აწვდიან. რუსეთის ლიდერს და მის გუნდს ეროვნული უშიშროების საკითხებში ხშირად ნამდვილი და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაცია არ გააჩნიათ. იმ სისტემაში, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არ არსებობს შეცდომების გამოსწორების ეფექტური მექანიზმი. ამ მხრივ მათი უკრაინელი კოლეგები უფრო მოქნილები და ეფექტურები არიან.

ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთის საბოლოო დამარცხებას. დროთა განმავლობაში კრემლი იძულებული გახდება გავიდეს უკრაინის ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მას აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით. რუსეთის ბირთვული პოტენციალი წარმატების გარანტიად არ ჩაითვლება. აბა, გავიხსენოთ: განა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არ გავიდა კორეიდან, ვიეტნამიდან და ახლახანს - ავღანეთიდან?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ომი ძალიან ძვირად უჯდება, უკრაინელი ხალხის ერთიანობამ და მტრის წინააღმდეგ გაწეულმა წინააღმდეგობამ გაფანტა მითები რუსეთის  დაუმარცხებლობისა და სამხედრო ძლევამოსილების შესახებ. უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ფერფლისაგან აღდგომა: როცა ომი დასრულდება, კიევს შესაძლებლობა ექნება, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს“.

წყარო: https://www.economist.com/by-invitation/2024/04/11/russia-is-sure-to-lose-in-ukraine-reckons-a-chinese-expert-on-russia

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way