USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): რას გააკეთებს ევროპა, დონალდ ტრამპმა რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვოს? ნატოს სამიტის დროსაც კი ევროპელები გეგმა „ბ“-ს ამუშავებენ
Date:  

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას გააკეთებს ევროპა, დონალდ ტრამპმა რომ გაიმარჯვოს? ნატოს სამიტის დროსაც კი ევროპელები გეგმა „ბ“-ს ამუშავებენ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ნათქვამი ყველას გვახსოვს: „მე თუ პრეზიდენტი ვიქნები, უკრაინის ომს 24 საათში დავასრულებო“, მაგრამ როგორ? ექს-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, მაგრამ როგორც ჩანს, მისი სიტყვები გულისხმობს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტას და რუსეთისათვის  სტატუს-ქვოს შენარჩუნების უფლების მიცემას.

და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „დაუდგრომელი ტრამპის“, ანუ თეთრ სახლში ისეთიადამიანის დაბრუნება, რომელიც პრეზიდენტობის პირველ ვადასთან შედარებით უფრო მეტად ნაწყენია, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო ნაკლებად თავშეკავებულია, უკრაინისათვის უბედურების მომასწავებელი იქნებოდა. უფრო მეტიც - ეს იქნებოდა კატარსტოფა ევროპისათვის. თუ დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი, მას შეუძლია მმართველობის პირველი ვადის დროინდელი მუქარა აასრულოს - აშშ ნატოდან გავიდეს. რასაკვირველია, პრეზიდენტი კონგრესის წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ როგორც ცნობილია, ყველა ტიპის მოკავშირეობა ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და თუ ამერიკა მოკავშირეებს აღარ დაეხმარება, მათთვის ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ ასეთი პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას დაანგრევს. საბოლოო ჯამში, ეს სწორედ ის იქნება, რაც რუსეთს სურს.

ევროპელთა შიშები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკა უკრაინას „ლომის წილ“ სამხედრო დახმარებას უწევს და ყველაფერს აკეთებს, რათა  ევროპელმა მოკავშირებმაც იაქტიურონ. თუ ამერიკული სოლიდარობა საბოლოო ჯამში მართლაც ეფექტურ შედეგს გამოიღებს, მაშინ დონალდ ტრამპის პოპულისტური განცხადებები თავის მიზანს და მნიშვნელობას დაკარგავს.

ამრიგად, ევროპული მთავრობები სამი სახის შიშის ქვეშ არიან მოქცეულები: რუსეთის მხრიდან - თავდასხმის შიშში, ჩინეთის მხრიდან - ეკონომიკური გაჩანაგების შიშში და აშშ-ის მხრიდან - მიტოვების შიშში. საფრანგეთი მკაფიო პასუხს იძლევა ამ სამივე საკითხზე: აუცილებელია „ევროპული ტრატეგიული ავტონომია“. მაისის თვეში ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გამოსვლისას პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კითხვა დასვა: „განა მუდამ ასეთი იქნება ამერიკა? ვერავინ ვერ იტყვის მტკიცედ იმას, რომ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკელ ამომრჩევლებზე იყოს დამოკიდებული“. ფრანგი ლიდერის აზრით, ევროპელებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ემანუელ მაკრონის განცხადება „სტრატეგიული ავტონომიის“ შესახებ ევროპისა და ამერიკის კავშირების გაწყვეტის მცდელობას წარმოადგენს. მაგრამ რა მოხდება სინამდვილეში, თუ ამერიკა მართლაც „გაათავისუფლებს“ ევროპას მფარველობისგან? ფრანგ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ტრანსატლანტიკური გაყოფა უკვე მიმდინარეობს, ამერიკა „საკუთარ თავს უბრუნდება“, მისი საგარეო პოლიტიკა კი მხოლოდ ჩინეთზე ფოკუსირდება. დონალდ ტრამპი ამ ტენდენციის ყველაზე მკაცრი გამოხატულებაა.

ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველას ჰგონია - თითქოსდა ამერიკის პრიორიტეტს ჩინეთთან მეტოქეობა წარმოადგენს. ადრე თუ გვიან პროტექციონიზმის მომხრე ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, რომ ევროპას ნაკლები დრო დაუთმოს და ყურადღების კონცენტრირება აზიაზე მოახდინოს. ეს შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს. მომავალ პრეზიდენტ-დემოკრატსა და თუ პრეზიდენტ-რესპუბლიკელს შორის განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, თუ რა სიჩქარით დაშორდებიან ისინი ევროპას.. მართალია, ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობა ამ ანალიტიკურ დასკვნას არ იზიარებს - აშშ-ის სამხედრო ვალდებულება ევროპისადმი მუდმივად მატულობს - მაგრამ ის მაინც გასათვალისწინებელია, მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

ევროპა - საკუთარი თავის იმედად

შეუძლია თუ არა ევროპას საკუთარი თავის პატრონობა, თუ მას მფარველი მიატოვებს? თეორიულად, კი. ნატოს ევროპელი წევრები ეკონომიკურად მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენენ, 600 მილიონი მოსახლეობით. მათი არმიები მილიონობით სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და მათ ერთმანეთთან მრავალწლიანი სამხედრო ურთიერთობა აკავშირებთ. ნატოს ევროპელ წევრებიდან ორ სახელმწიფოს - დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს - ბირთვული იარაღი აქვთ. გარდა ამისა, ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებსაც წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა, ნატო აშშ-ის სამხედრო ძლიერებას ეყრდნობა., რომელზეც ალიანსის სამხედრო ხარჯების ორი მესამედი მოდის. ნატოს მხოლოდ ათმა წევრმა შეძლო მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა - 2%-იანი სამხედრო ხარჯები ბიუჯეტში. ესეც საკმარისი იქნებოდა, რომ ევროპა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.  სტოკჰოლმის ინსტიტუტის გამოთვლით, 2022 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვისათვის საერთო ჯამში 333 მილიარდი დოლარი დახარჯეს - ეს უზარმაზარი თანხაა რუსული 86 მილიარდთან შედარებით. მაგრამ ევროპა ხშირად არაკოლექტიურად მოქმედებს, თანაც სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა სიძლიერის არმიები ჰყავთ, ანუ ერთი შეხედვით თითქოსდა უზარმაზარი თანხა არათანაბრადაა გადანაწილებული.

ერთიანი სივრცის მიუხედავად, ევროპელებს შორის „ვასალიზაციის“ პრინციპი მოქმედებს - ვიღაცა რაღაცაში ვიღაცაზეა დამოკიდებული. ისინი ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან და გაურკვეველია ამ დროს როგორ იმოქმედებს „ევროპული ავტონომიზაცია“. ევროპის ორი უმთავრეს გაერთიანებას - ევროკავშირს და ნატოს არცთუ იშვიათად ერთმანეთთან სრულყოფილი ურთიერთდამოკიდებულება არ აქვთ. გარდა ამისა, ნატო მნიშვნელოვანი წევრები - დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და თურქეთი ევროკავშირის წევრები არ არიან და ამიტომ მათ ევროკავშირის ინტერესები შედარებით ნაკლებად აღელვებთ. კოლექტიური ტავდაცვა ნატოს საქმეა, რომელსაც ამერიკა უძღვება, ხოლო ეკონომიკას ძირითადად ევროკავშირი წარმართავს, რომელიც, პრინციპში სამხედრო კავშირის ანტითეზის სახით შეიქმნა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ ცდილობდა თავის დროზე საფრანგეთი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების აშშ-ის წინააღმდეგ გამოყენებას.

ამერიკა თუ უკრაინას მიატოვებს, ევროპელები დიდი არჩევანის წინაშე დადგებიან - გააგრძელონ თუ არა უკრაინისადმი დახმარება და საომარი მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ. ზოგიერთი დიპლომატი გულახდილად ამბობს, რომ ევროპა კიევის დახმარებას შეწყვეტდა. ზოგიერთები ყოყმანობენ და ამ ჰიპოთეტურ კითხვას მტკიცედ ვერ პასუხობენ. ფაქტი კი ისაა, რომ ამჟამად ევროპული სამხედრო არსენალები ბევრად უფრო ცარიელია, ვიდრე ამერიკული. ევროპაში უფრო აშკარად ჩანს ის პრობლემა, რაც ამერიკასაც ახასიათებს - ისინი ვერ ასწრებენ, რომ იარაღის წარმოების პროცესში „დროში ზუსტად ჩაეტიონ“: მათთვის ხომ უკრაინის ომი მშვიდობიან პერიოდში ხდება, ისინი ხომ უკრაინის გამო საკუთარ ქვეყანაში (და ეკონომიკაში) საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებენ. მშვიდობიან დროს კი ძნელია ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა.

დონალდ ტრამპისეული ამერიკის არმია თუ ევროპიდან წავა, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ევროპელებს მოუწევთ უზარმაზარი სიცარიელის ამოვსება -  85 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის ჩანაცვლება (დაახლოებით 22 საბრძოლო ბატალიონი, რაც იმდენია, რამდენიც დიდ ბრიტანეთს ჰყავს). ამერიკელები წავლენ ნატოს შტაბ-ბინიდანაც. ევროპელებს მოუწევთ უამრავი „რაღაც-რაღაცეები“ თვითონ დაამზადონ, ან სადმე შეისყიდონ, რითაც დღეს ამერიკა მათ იაფად და დიდი რაოდენობით უზრუნველყოფს. ევროპას კი მათი წარმოებისათვის ათწლეულები დაჭირდება.

ევროპაში ევროპელის ლიდერობა რთული იქნება. მათთვის ამერიკული ჰეგემონიზმის ადგილობრივად ჩანაცვლება ბევრ პრობლემას გამოიწვევს. გერმანია თითქოსდა ბუნდესვერის გადაიარაღებას აპირებს, მაგრამ მაგრამ პაციფიზმს მაინც ვერ შორდება. დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის გამო ევროპულ საქმეებთან დისტანცირებულია. საფრანგეთი ლიდერობას ცდილობს, მაგრამ მას ნაკლებად ენდობიან.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს: რუსეთს თითქმის 6 ათასი ბირთვული ქობინა აქვს, დიდ ბრიტანეთს - 200 და საფრანგეთს - 300. თუ ამერიკა ევროპიდან წავა, ვაშინგტონის გარეშე პარიზს და ლონდონს თავიანთი მარაგის გაფართოების, დოქტრინისა და ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გადახედვა მოუწევთ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ევროპა ეკონომიკური „ავტონომიის“ თვალსაზრისით შედარებით უკეთ გამოიყურება: ევროპელებმა ევროკავშირის ჩარჩოებში გარკვეული სოლიდარობის გამოიჩინეს და საკმაოდ ოპერატიულად მოაგვარეს რუსული გაზისა და ნავთობის ჩანაცვლება (ამერიკულით და ახლოაღმოსავლურით).

ემანუელ მაკრონი თვლის, რომ „ევროპული ავტონომიისათვის იდეოლოგიური ბრძოლა მოგებულიაო“, მაგრამ კვლავ ძალაშია ევროპის არსებობის ორი მოდელი, რომელიც მაკრონის მიზნებს ეწინააღმდეგება: პირველი, „შედარებით კარგი“, რომლის მიხედვით, ევროპა ამერიკასთან ერთად უნდა დაიცვას საერთო ფასეულობები და ინტერესები და მეორე, „შედარებით ცუდი“, ფრანგული „გოლისტური“ ტრადიციის მიხედვით, რომლის მიხედვით, ევროპა ამერიკას შორდება და კონკურენტულ გეოპოლიტიკურ პოლუსს ქმნის.

დონალდ ტრამპი და ევროპის პერსპექტივა

„დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად „დაგეგმილი კატასტროფის“ ტოლფასი იქნებოდა“, - ამბობს კონსტანცია შტელცემიულერი ამერიკული ბრუკინგის ინსტიტუტიდან. ევროპელ ლიდერებს მტკიცე პასუხი არ აქვთ. ზოგიერთებს ამაზე ფიქრი არ უნდათ, ზოგიერთები კი უფალს ევედრებიან, რომ დონალდ ტრამპი, თუ იგი ისევ თეთრ სახლში შევა, ნაკლებად „დამანგრეველი“ იყოს და იგი, კრიზისულ სიტუაციებში, კონგრესმა და პენტაგონმა შეაჩეროს.

ერთ-ერთი პრობლემატურ საკითხად ითვლება ის, თუ როგორი კოზირი იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ევროპელი ულტრამემარჯვენეების ხელში. მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ეს პარტია პოპულარობით ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატთა დონეზე იმყოფება. რთული სიტუაციაა საფრანგეთშიც: ულტრანაცმემარჯვენე მარინ ლე პენი შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს 2027 წლისათვის. ორივე პარტია - გერმანულიც და ფრანგულიც - პრორუსულ გადახრებს ავლენენ და დასავლეთს უკრაინის დახმარების გამო აკრიტიკებენ.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, რომ თავისი ძალით შეუძლია ევროპელები გააერთიანოს, ასევე დონალდ ტრამპს შეუძლია თავისი ძალით ევროპელები დაქსაქსოს. 

ნატოს ხელშეკრულების თანახმად, ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს. ამჟამად მისი მთავარი მიზანია არ დაუშვას საბჭოთა კავშირის აღდგენა. და თუ ევროპელები, ემანუელ მაკრონის დოქტრინის მიხედვით, მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ ევროპის უსაფრთხოებისათვის, მაშინ ამერიკა მეტ ყურადღებას დაუთმობს გარეშე საფრთხეებს აზიაში [ჩინეთის სახით]. ამით გაბათილდება დონალდ ტრამპის ბრალდებები ევროპელთა წინააღმდეგ - მდგმურები ხართ, ამერიკელები გარჩენენო. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, ნატო რუსეთის შეკავებასაც მოახერხებს, ალიანსის შიგნით აშშ-ის გარკვეულად ჩანაცვლებას და ჩინური საფრთხის განეიტრალებასაც - ერთობლივი ძალისხმევით.

წყარო: https://www.economist.com/international/2023/07/11/what-would-europe-do-if-trump-won

 

region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way