USD 2.7070
EUR 3.1344
RUB 3.3058
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინელებში პესიმიზმი ძლიერდება“
თარიღი:  377

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინელებში პესიმიზმი ძლიერდება“, რომელშიც განხილულია უკრაინის საზოგადოებაში არსებული სიტუაცია რუსეთთან ომის მსვლელობისა და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა რუსეთთან ომის უკვე მესამე წელი დაიწყო, უკრაინელებში მატულობს გაურკვევლობის გრძნობა, რაც თანდათან მოსახლეობის მეტ რაოდენობაზე ვრცელდება. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, „შესაძლო გამარჯვების“ რწმენას მოქალაქეთა 85% ინარჩუნებს, მაგრამ როდის მოხდება გამარჯვება, დასახელებული ვადები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ბევრი დარწმუნებულია, რომ რუსების დამარცხებას წლები დაჭირდება. კიდევ ერთი გარემოება: პირველად კონფლიქტის დაწყებიდან, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის.

„მოსახლეობის სულ უფრო მეტი ნაწილი ფიქრობს არა იმდენად რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნებაზე (ანუ ქვეყნის კანონიერი საზღვრების აღდგენაზე), არამედ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე“, - ამბობს ალექსანდრე მარტინენკო, ჟურნალისტი, ყოფილი მაღალჩინოსანი. „ჩვენ რუსების წინააღმდეგობის გაწევას, მათი შეჩერების მიზნით, გავაგრძელებთ, მაგრამ გაურკვეველია მთავარი კითხვა: როდემდე?“.

დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შესუსტება იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია, დიდი ალბათობით, გაუარესდება. უკრაინელი ჩინოვნიკები სულ უფრო მეტად ნერვიულობენ იმაზე, რომ მცირდება ფულის ნაკადი, იარაღის მიწოდება და მობილიზაციის ტემპები. როგორც სერგეი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფინანსთა მინისტრი, იგი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ დანაპირებს და უკრაინის 2024 წლის არასამხედრო (სოციალურ) ბიუჯეტში 37 მილიარდ დოლარს ჩარიცხავენ (უშუალოდ უკრაინაში გადახდილი გადასახადები მთლიანად სამხედრო მიზნებით იხარჯება), მაგრამ მან არ იცის, თუ რა იქნება მომავალ წელს: „ჩვენ არანაირი გარანტიები არ გვაქვს 2025 წლისათვის“.

რაც შეეხება საბრძოლო მასალების უკმარისობაა, ის უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა და მისი მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ევროპა ისევ ისწავლის იარაღის წარმოებას, რომელსაც ცივი ომის შემდგომ წლებში გადაეჩვია.

რა თქმა უნდა, რუსეთსაც თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ კრემლი მოსახლეობის რაოდენობითა და რესურსების თვალსაზრისით უპირატესობას ინარჩუნებს, რასაც ხანგრძლივი და გაჭიანურებული კონფლიქტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს: „სანამ მსუქანი ხდება [წონაში იკლებს], მანამ გამხდარი კვდება“, - ციტირებს უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილობრივ უკრაინულ ანდაზას.

მიხეილ ფედოროვი - პრემიერ-მინისტრის მოადგილე და სამხედრო ტექნოლოგიების კურატორი, ამბობს, რომ წინსვლისათვის ერთადერთ გზას თვითკმარობა წარმოადგენს: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ძალის დემონსტრაცია მოვახდინოთ. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან აშკარა უპირატესობა გვაქვს რუსეთზე ეფექტიანობასა და მაღალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისება-დანერგვის სფეროში“.

ვიცე-პრემიერის თქმით, კრეატიული აზროვნებით მოქმედებამ უკრაინას მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მოუტანა: კიევმა შეძლო მოეპოვებინა წარმოუდგენელი წარმატებები შავ ზღვაზე: 2023 წელს და 2024 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთი მეხუთედი გაანადგურეს და შეძლეს გემების ცურვისათვის  საზღვაო დერეფნის შექმნა, რუსეთის მხრიდან მუდმივი მუქარების მიუხედავად. კრეატიულმა მიდგომამ ასევე ხელი შეუწყო იაფი და ბრძოლისუნარიანი დრონების წარმოებას. უკრაინას შეუძლია იტრაბახოს უპილოტო საფრენი აპარატების ათამდე მოდელით, რომლებსაც მიზნის განადგურება 600 კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ. შორი რადიუსით მოქმედი დრონების ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანია დარწმუნებულია, რომ 2024 წელს უკრაინული დრონები რუსეთის სიღრმეში - ცენტრალურ რეგიონებში მდებარე ობიექტებსაც გაანადგურებენ. „პუტინს მოუწევს საკუთარი ხალხის წინაშე ახსნა-განმარტება. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, იგი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება“.

მაგრამ რუსეთის სამომავლო პერსპექტივისაგან განსხვავებით, უკრაინას სწორედ ახლა უმძიმდება შიდაპოლიტიკური სიტუაცია, მისი მდგომარეობა სულ უფრო მყიფე ხდება. ორი წლის განმავლობაში არსებული უჩვეულო პოლიტიკური ერთიანობა თანდათან ადგილს უთმობს ტრადიციულ საჯარო-პოლიტიკურ უთანხმოებას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს მკცრად ჩაახშოს ყოველგვარი კრიტიკა. თებერვლის დასწყისში მან პოსტიდან მოხსნა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი - მას შემდეგ, რაც გენერალმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და ერთმანეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. ამ სარისკო გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები პრეზიდენტს, ალბათ, წინ დაუხვდება. საქმე ისაა, რომ პოსტიდან გათავისუფლებამდე ვალერი ზალუჟნი უკრაინელებს შორის 94%-იანი რეიტინგით სარგებლობდა, ხოლო მისი შემცვლელ ალექსანდრე სირსკის მხარს მხოლოდ 40% უჭერს.

ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანის თქმით, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ უკრაინის პოლიტიკური სისტემა ამგვარ მზარდ დაპირისპირებასა და დაძაბულობას გადაიტანს. მისი მტკიცებით, კრემლი აუცილებლად ისარგებლებს უკრაინის შიდაპოლიტიკური განხეთქილებით: „რუსეთს სურს ვოლოდიმირ ზელენსკი თავიდან მოიცილოს - იმიტომ, რომ უკრაინაში სიტუაცია უკონტროლო გახდეს“.

ყველაზე რთული მომენტი, ალბათ, მაისში დადგება, როცა ოფიციალურად დასრულდება ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთლიანი პრეზიდენტობა. მართალია, სამხედრო მდგომარეობა მას უფლებას აძლევს პოსტზე მანამ დარჩეს, სანამ სხვა არ ჩაანაცვლებს, მაგრამ სხვა არავინ არ იქნება, რადგან იმავე სამხედრო მდგომარეობის გამო, კონსტიტუციის დებულებების თანახმად, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

დღეს კიევში მიმდინარე პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითადად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის წყვეტას ეხება. როგორც კონსტიტუციის ექსპერტი ანდრეი მახერა ამბობს, კრიტიკა ამ შემთხვევაში იურიდიულად უსაფუძვლოა, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელება კონსტიტუციურად არის უზრუნველყოფილი, მაგრამ პრაქტიკულად ვოლოდიმირ ზელენსკი „ბეწვის ხიდზე“ დადის: „ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი თავის პოსტზე მხოლოდ ომის გამო რჩება - არც მეტი, არც ნაკლები. მან ეს კარგად უნდა გააცნობიეროს და იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგეებს დაერიოს, უნდა შეეცადოს ისინი თავის ირგვლივ გააერთიანოს და შეამჭიდროვოს“. საერთოდ, ცნობილია, რომ სხვადასხვანაირად მოაზროვნე ადამიანებთან თანამშრომლობა ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედების სტილი არ არის.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავის დაიმშვიდოს საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ჯერ კიდევ შედარებით მაღალია, მაგრამ შემცირების ტენდენციით. „რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის“ მიერ ამას წინათ ჩატრებული გამოკითხვით, პრეზიდენტი თითქმის 70%-იანი ნდობით სარგებლობს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსისადმი გამოხატული ნდობა, მაგრამ ბევრად ნაკლებია ვალერი ზალუჟნის რეიტინგთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ იმავე „რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის“ მონაცემებით, პრეზიდენტის მხარდამჭერებშიც სხვადასხვა აზრი შეიმჩნევა: პირველი ნაწილის ნდობა ძირითადად განპირობებულია ვოლოდიმირ ზელენსკის უკომპრომისო დამოკიდებულებით რუსეთთან მოლაპარაკებისადმი. დასავლეთმა საერთოდ რომ შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე მხოლოდ 18% თუ იქნება - ანუ, უმრავლესობის აზრით, კიევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს. მხარდამჭერთა მეორე ნაწილი (22%) დასაშვებად თვლის კონფლიქტის გაყინვას, მაგრამ რაიმე დათმობების გარეშე.

ნებისმიერი გარიგებისთვის რეალურ დაბრკოლებას წარმოადგენს არა იმდენად მომხრე თუ მოწინააღმდეგე ქვეყნის შიგნით, რამდენადაც მოლაპარაკებისათვის სანდო და საიმედო პარტნიორის  ძიება. „მოლაპარაკება რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია ტანგოს რიტმში მოქმედება“, - ამბობს უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, - „სამწუხაროდ, სიტუაცია მართლაც პუტინისათვის მომგებიანი ხდება. და როცა ასეთი მდგომარეობაა, კრემლი რატომ შეჩერდება?“.

უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ ტექნიკისა და საბრძოლო საშუალებების გამოყენების ამჟამინდელი ტემპი, ადრე თუ გვიან, აიძულებს ორივე მხარეს ცეცხლის  დროებით შეწყვეტაზე დათანხმდეს, ალბათ, 2025 წლამდე. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პაუზა: ძალიან მცირე რწმენა არსებობს იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი იქნება - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი იცოცხლებს: „კარგად ვიცით, თუ როგორ სძულს მას თავისუფალი უკრაინა. ჩვენ მისი ინტერესებისათვის ცუდი მაგალითი ვართ“.

მაგრამ ბევრი უკრაინელისათვის რუსეთის ხელისუფლების შეცვლამდე მოლოდინი უკვე აუტანელია. ისინი ჩივიან, რომ უკრაინის მთავრობას რიგითი მოქალაქეების მდგომარეობა ავიწყდება. „თუ პუტინის სიკვდილს დაველოდებით, მაშინ ბრძოლის ველზე ყველა ჩვენი შვილი, ჩვენი ახალგაზრდა დაიღუპება... თუ სხვა ვარიანტი არ არის, მაშინ უმჯობესია მოლაპარაკება დავიწყოთ“, - ამბობს ერთ-ერთი ასაკოვანი მოქალაქე.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/02/22/after-two-years-of-war-ukrainians-are-becoming-pessimistic

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.