USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგებმა შეიძლება უკრაინისა და ევროპის ბედი გადაწყვეტოს“
თარიღი:  611

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 22-28 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია ერთ-ერთი მოწინავე ლიდერული სტატია სათაურით „მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგებმა შეიძლება უკრაინისა და ევროპის ბედი გადაწყვეტოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ათეულობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის - იწრთვნებიან, ტექნიკას სწავლობენ, ამოწმებენ აღჭურვილობას და ახლობლებს წერილებს წერენ - ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ეს მათი ბოლო წერილი იყოს. ჩვენ არ ვიცით, თუ ზუსტად სად და როდის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ უკრაინის არმია მალე დაიწყებს თავის დიდიხნის წინ დაგეგმილ კონტრშეტევას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვთ ხელში ჩაგდებული. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინისა და ზოგადად, დასავლური ალიანსის ბედი შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რა მოხდება უახლოეს კვირეებში.

შესაძლოა, უკრაინას არასოდეს აღარ ჰქონდეს იმაზე უკეთესი შანსი, როგორიც დღეს აქვს: ოკუპანტები დასუსტებულნი არიან - რუსეთის არმიამ ბახმუტის და დონბასის სხვა ქალაქებისთვის ბრძოლაში უამრავი ჯარისკაცი დაკარგა, რომელთა ჩანაცვლებას ჯერ-ჯერობით სრულად ვერ ახერხებს. მართალია, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი კანონები მიიღო არმიაში მოქალაქეთა გაწვევა-დაქირავების გაიოლების მიზნით, „საზარბაზნე ხორცად“ გამოსაყენებლად, მაგრამ სანამ ისინი საბრძოლველად მომზადდებიან, თვეები უნდა გავიდეს.

უკრაინამ ბოლო დროს ნატოს სტანდარტის დიდძალი იარაღი მიიღო: ტანკები, მაღალი სიზუსტის მქონე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ძლიერი საარტილერიო სისტემები, მილიონობით ავტომატი და ტყვიამფრქვევი. ავიაგამანადგურებლებიც უკვე გზაშია, რომლებიც, მართალია, მხოლოდ პოლონეთმა და სლოვაკეთმა გაიმეტეს, მაგრამ მაინც. ამერიკა და ევროპა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხში ჯერ კიდევ თავს იკავებენ - ისევე როგორც ადრე ტანკებთან მიმართებით აკეთებდნენ.

რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმ უპირატესობით, რომელსაც ქვეყანა დღეს ფლობს? კიევი უნდა შეეცადოს, პირველ რიგში, „გადაჭრას“ და გაანადგუროს ის „სახმელეთო დერეფანი“, რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთადერთი კონკრეტული მიღწევა, რითაც ვლადიმერ პუტინს შეუძლია იტრაბახოს, ამ დერეფნის შექმნა წარმოადგენს - უამრავი სისხლისა და სხვა სამხედრო დანაკარგების მიუხედავად. ობიექტურად თუ ვიტყვით, „დერეფანი“ მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მის გარეშე ყირიმი, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, ძალზე მოწყვლადია: ნახევარკუნძულს რუსეთთან მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტი და ქერჩის სარკინიგზო-საავტომობილო ხიდი აკავშირებს, რომელზეც გასული წლის ოქტომბერში აფეთქება მოხდა და დროებით მწყობრიდან გამოვიდა.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საომარ ველზე - მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ რუსებს უკან, დნეპრის მიღმა დაახევინა ხერსონთან - ძირითადად მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ეს არ არის კარგი ნიშანი. იმიტომ, რომ კონფლიქტი შეიძლება „გაიყინოს“ იმ ხაზზე, რომელიც მოწინააღმდეგეებს შორის დღეს არის შექმნილი. ასეთი სიტუაციის შენარჩუნებით უკრაინა მნიშვნელოვნად დაზარალდება: კიევს ზღვასთან კავშირი ისევ შეზღუდული ექნება, რაც ზიანის მომტანია - უკრაინას ჰაერივით ჭირდება აზოვისა და შავი ზღვის ნავსადგურები, რითაც თავის პროდუქციას - მარცვლეულს და სხვა ნედლეულს საზღვარგარეთ გაიტანს. კიევისათვის უფრო უკეთესი იქნება, რომ რაიმე გარკვეული წარმატება მოიპოვოს კონტრშეტევით და ისე მიიღოს მონაწილეობა სამომავლო მოლაპარაკებებში - იმის გათვალისწინებით, რომ  ყირიმის ოკუპაცია რუსეთისათვისაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს და საფრთხის შემქმნელია. მოკლედ, უკრაინის არმიის მიერ „დერეფნის“ ლიკვიდაციის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ თუ კომპრომისს არ გამოიჩენს, ყველაფერს დაკარგავს, რაც შეიძინა.

თუმცა უკრაინისათვის რისკები ძალიან მაღალია: კიევს ცოტა აქვს „დედამიწა-ჰაერის’ კლასის რაკეტები, რომლებიც აუცილებელია რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად. გარდა ამისა, რუსეთი კარგად არის მომზადებული უკრაინის არმიის შესაძლო კონტრშეტევის მოსაგიერიებლად - ფროტის ხაზის დიდ ნაწილზე გათხრილია ტრანშეების რამდენიმეჯერადი რიგი, ყველგან დადგმულია ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილები“, წინა ხაზზე და ზურგის პოზიციებზე უამრავი ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო სისტემებია განლაგებული... უკრაინის წარმატებული კონტრშეტევისათვის აუცილებელია, რომ მისი არმია მოწინააღმდეგის ძალებს რიცხობრივად ჭარბობდეს, მაგრამ ჯარის ასეთი კონცენტრაცია კიევს [1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე] მხოლოდ ცალკეული მიმართულებებით თუ შეუძლია. უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის თავდაცვა რომც გაარღვიოს, მაინც ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რადგან გარღვევები ხშირად ალყაში მოქცევით და ქვაბში მოხვედრით მთავრდება ხოლმე.

ამრიგად, უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები წინასწარ მომზადებულნი და შეგუებულნი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კონტრშეტევით შეიძლება მხოლოდ უმნიშვნელო წარმატება იქნას მიღწეული და სეიძლება უარესიც კი მოხდეს. და თუნდაც უკრაინის არმიამ „დერეფანი გადაჭრას“,  მაინც არ არსებობს იმის 100%-იანი გარანტია, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. მას, უეჭველია, იმედი აქვს, რომ თუ ომს დიდი ხნის განმავლობაში გააჭიანურებს, დასავლეთი ყოყმანს დაიწყებს და უკრაინისადმი დახმარება შემცირდება.

უკრაინის მოკავშირეებს და მომხრეებს არ უნდა ეგონოთ, რომ კონტრშეტევით სავარაუდო წარმატების მიღწევის შემდეგ ბრძოლები დასრულდება. ეს ასე ნამდვილად არ იქნება. როგორც კი ბრძოლის კვამლი და მტვერი გაიფანტება, უკრაინას მიღწეულის შენარჩუნება დაჭირდება - მტერი არ თვლემს, კრემლი შეეცდება ასევე კონტრშეტევა წამოიწყოს. შესაბამისად, კიევმა უნდა გააძლიეროს  თავდაცვითი პოზიციები, რომ რუსეთის არმიას ბრძოლა გაუძნელდეს. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ვერა და ვერ შეძლო ბახმუტის დაკავება, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებითაც შედეგს ვერ მიაღწევს და ყველა მსგავსი ბრძოლა ჩაიფუშება. ამიტომაც ამერიკამ და ევროპამ უკრაინისადმი დახმარების გაწევა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში უნდა გააგრძელონ და ეს კიევს ნათლად უნდა განუცხადონ, ვლადიმერ პუტინის გასაგონად.

რაც უფრო მტკიცე იქნება დასავლეთის გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების დაცვისათვის, მით უკეთესია. 1994 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა საკუთარ თავზე აიღეს, მაგრამ არავითარი მექანიზმები ამ მიზნით არ შექმნილა. ამიტომაც ზემოთ ხსენებული სამი ქვეყნიდან ერთ-ერთმა დადებული პირობა 2014 წელს  თავხედურად დაარღვია. მომდევნო გარანტია ნამდვილი და მტკიცე უნდა იყოს.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2023/04/20/ukraines-coming-counter-offensive-may-shape-its-future-and-europes

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის