USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „კავკასიელი ტყვე: საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ იხრება, პროდასავლურად განწყობილი ქართველები კი უძლურნი არიან მის შესაჩერებლად“
თარიღი:  

ბრიტანული ცნობილი და გავლენიანი ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 1-7 ივნისის ნომერში ქვეყნდება სტატია სათაურით „კავკასიელი ტყვე: საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ იხრება, პროდასავლურად განწყობილი ქართველები კი უძლურნი არიან მის შესაჩერებლად“, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე მომხდარი მოვლენები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ქუჩებში არც რუსული ტანკების ხრიგინი არ ისმის და ცას არც რუსული თვითმფრინავები არ სერავენ - ისე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს ხდებოდა, როცა კრემლი თავს დაესხა თავის ყოფილ იმპერიულ ვასალს. მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ დგას ისეთი საშიში საფრთხის წინ, რომელიც მის არსებობას ემუქრება. ბრძოლამ საბჭოთა წარსულსა და სავარაუდო ევროპულ მომავალს შორის უკვე გააპარტახა უკრაინა, რუსეთში კი დიქტატორული რეჟიმი გააბატონა. ახლა იგივე პროცესი ვრცელდება კვკასიაშიც და საქართველოს დემოკრატიას, მის დამოუკიდებლობას და ევროატლანტიკურ სწრაფვას ემუქრება.

საქართველო, რომელიც ოდესღავ დემოკრატიის შუქურა სა დასავლეთის ერთგულ მოკავშირეს იცნობდნენ, ახლა რუსეთის გავლენის სფეროში შედის და დასავლეთს შორდება - არა რუსი ჯარისკაცების, არამედ საკუთარი მმართველის - განდეგილი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მან თავისი მილიარდები 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, საქართველოს კი 2012 წლიდან მართავს, ძირითადად კულისებიდან, პარტია „ქართული ოცნების“ მეშვეობით, რომელიც თვითონ დააარსა.

ათი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აგრძელებდა დემოკრატიისადმი  ერთგულების პრეტენზიებს და ფრთხილ ხაზს ატარებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი მან თავისი ბედი ისევ რუსეთს დაუკავშირა და ღიად შეაქცია ზურგი დასავლეთს, რომელსაც იგი „გლობალური ომის მხარედ“ თვლის. საქართველო დ დათანხმდა მოსკოვის წინადადებას და კვლავ აღადგინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, გარდა ამისა, თავის ჩრდილოელ მეზობელს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რაც რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდაში აისახა. იმავდროულად მუზარადებით დაცული პოლიცია და ხელისუფლების მომხრე პირები თავს ესხმიან დასავლეთზე ორიენტირებულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად. დღემდე მთავრობა თავის ხელისუფლებას ახორციელებს.

ამჟამინდელი კრიზისი მიზეზია მთავრობის მიერ ინიცირებული და მიღებული კანონპროექტი, რომელსაც ოპონენტები „რუსულ კანონს“ უწოდებენ და რომელიც, მათი აზრით, ვლადიმერ პუტინის ლექსიკონიდან არის გადმოღებული. „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და თუ ისინი საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ის იუსტიციის სამინისტროში უცხოეთის გავლენის გამტარებელ იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა კანონის ხელმოწერაზე და ვეტო დაადო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პარლამენტი უმრავლესობა აქვს, ვეტო გადალახა - ეს ხდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

საქართველოში დემოკრატია ემყარება არა ძლიერ ინსტიტუტებს, ოპოზიციურ პარტიებს ან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, არამედ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხშირად დასავლეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც ხელისუფლების მიმართ ერთგვარი საპირწონის (ბალანსის) როლს ასრულებენ. როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ბევრ მათგანს შეუზღუდავს საქმიანობას, იარლიყებს მიაწებებენ, მოახდენენ მათ სტიგმატიზაციას, ისინი ვერ გაუძლებენ ჯარიმების გადახდას და დაიხურებიან. დაზარალებულთა შორის შეიძლება აღმოჩნდნენ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები - საერთაშორისო რესპუბლიკური და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტები - აშშ-ის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები. არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილმა კანონი არჩევნების შედეგების მანიპულირებისთვისაც გამოიყენოს.

„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გარდა, არის კიდევ რთი სამართლებრივი აქტი, რომელმაც საქართველო შეიძლება ოფშორულ ზონად გადააქციოს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრებს შეუძლიათ აქტივების მიზიდვა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის რუსეთიდანაც. „ასეთი კომბინაციით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველო კერძო [საკუთრებად] გადააქციოს“, - ამბობს დავით ზედელაშვილი, თბილისელი ადვოკატი. ბოლო დროს მიღებული კანონები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე პრობლემებს უქმნის და არაა გამორიცხული, რომ ასეთი კანონებით ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღმა აღმოჩნდეს - მიუხედავად იმისა, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ჯერ-ჯერობით სისხლი არ დაღვრილა

საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, მშვიდობიანი ხასიათი აქვთ. ქართველი ახალგაზრდები რევოლუციონერობას არ ამჟღავნებენ. ამასთან, ევროკავშირის დროშები, ,რომლებსაც ისინი აფრიალებენ, ის ქართული სიმღერები, რომლებსაც მღერიან და ის ცეკვები, რომლებსაც ისინი ასრულებენ, მათ პოლიციის ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზისაგან ვერ იცავს. აქციის მონაწილეებს ასევე თავს ესხმიან უცნობი პირები, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებტან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის კრიტიკა არ ადარდებს. 14 მაისს თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, აშშ სანქციებს დააწესებს იმ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის მიღებაში. ვაშინგტონი ასევე გადახედავს ფინანსურ დახმარების გაწევას საქართველოსადმი, მათ შორის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ.

ამერიკა დილემის წინაშე დგას: საქართველო ხომ მისი მოკავშირე იყო ბევრ საომარ ოპერაციებში - ქართველი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყში და ავღანეთში. „იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლური გზიდან უხვევს, ქართველი სამხედროები და ქართული სადაზვერვო სამსახურები ისე არიან დაინტერესებულნი ამერიკასთან კავშირებით, როგორც არასდროს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი დასავლელი ჩინოვნიკი.

საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავება ვლადიმერ პუტინისათვის გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა. ასევე ეს იქნებოდა ნატოს დამცირება მისი შექმნის 75-ე წლისთავის ფონზე. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გეგმები საქართველოს მიმართ სიმბოლიკის ჩარჩოებს სცილდება. კრემლი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას ქმნის თავისი შავი ზღვის ფლოტისათვის, რომელიც უკრაინის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულიდან გააძევა.

ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა ცდილობს საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის (რომელსაც ასევე კრემლი აკონტროლებს) რაღაც კონფედერაციული ფორმის მქონე კავშირი შექმნას. ამ იდეამ გამოცდა გაიარა  (თუმცა წარუმატებლად) დონბასში 2014 წლის კონფლიქტის დროს, როცა რუსეთმა უკრაინის მიმართ ბარიერები ჩაიფიქრა (სეპარატიზმის ხელშეწყობის სახით) და ვეტოს უფლების მიღება სურდა კიევის ევროპული ტრაექტორიისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის ქართული ოცნების“ მთავრობის ლიდერმა, რომელსაც ქვეყანა კრემლისაკენ მიჰყავს, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე გამოსვლის დროს მოსახლეობას დაპირდა, რომ 2030 წელს „ქართველები თავიანთ აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად იცხოვრებენ“. მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის დაპირებათა ფონზე, „ქართული ოცნება“ ფართო ნაბიჯებს დგამს, რომ შედეგები დაპირებების საწინააღმდეგო იყოს.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/05/30/georgias-government-cosies-up-to-russia

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.