USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ევროკავშირში პატარა ქვეყნების გავლენა სუსტდება: „პატარა“ ევროპელებო, გაერთიანდით!“
дата:  421

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირში პატარა ქვეყნების გავლენა სუსტდება: „პატარა“ ევროპელებო, გაერთიანდით!“. მასალაში განხილულია ევროკავშირში შექმნილი სიტუაცია, მის პერსპექტიულ გაფართოებასთან დაკავშირებით: საუბარია „პატარა“ და „დიდი“ ქვეყნების როლზე და მათ გავლენებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ოდესმე თუ მჯდარხართ ისეთ დიდ მაგიდასთან, რომ თქვენ ბინოკლი დაგჭირდათ, დაგენახათ რა ხდებოდა მაგიდის თავში ან ბოლოში? ასეთია იმ სახელმწიფოების მდგომარეობა, რომლებიც ევროკავშირის სხდომებში მონაწილეობენ. ბრიუსელში სამიტების დროს ორ ათეულზე მეტი მონაწილე იკრიბება ხოლმე - თითო წარმომადგენელი 27 ქვეყნიდან, პლუს იმდენივე რაოდენობის მუქთამჭამელები, რომლებიც სულ მუდამ იქ ტრიალებენ რაღაც ლუკმის მოლოდინში. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთი სიტუაცია ევროკავშირში ნორმას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ მაგიდასთან მჯდარ ევროკავშირის წევრთა წარმომადგენლებს შორის „ხელისუფლება“ საკმაოდ უცნაურად არის გადანაწილებული: იმ დროს, როცა ზოგიერთები მძლავრ ქვეყნებს წარმოადგენენ, მრავალი ათეული მილიონი მოსახლეობით, მათ გვერდით სხედან ისინიც (მაგალითად, მალტის წარმომადგენელი), რომელთა ქვეყნების მოსახლეობა პარიზის ერთი უბნის მოსახლეობაზე ნაკლებია. რასაკვირველია, კლუბის ძლიერი წევრები - მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია - რეალურად მეტ გავლენას ფლობენ, მაგრამ ევროკავშირში გარეგნულად მაინც კონსენსუსს იცავენ. ამასთან, აშკარად შესამჩნევია, რომ ევროკავშირში შიდა გავლენები არაპროპორციულადაა გამოხატული - ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ირლანდია, ლუქსემბურგი და ბალტიისპირელები, ყოველთვის სარგებლობდნენ გრკვეული პრივილეგიებით.

ევროპელი „პატარების“ - მცირე ქვეყნების - დიდებთან შედარებით „არაპროპორციულ წონას“ სამი ელემენტი უზრუნველყოფს:

პირველი - ისინი საკმაოდ ბევრნი არიან - 15 სახელმწიფო საერთო ჯამში ათი მილიონი მოსახლეობით (რაც 14%-ს შეადგენს ბლოკის 448 მილიონი მცხოვრებიდან). როცა ევროკავშირის ლიდერები წითელ ფიანდაზზე მიდიან ხოლმე ბრიუსელის სამიტების დროს, ოლაფ შოლცს - 84 მილიონი გერმანელის წარმომადგენელს, ბალტიისპირა ქვეყნების ლიდერებს შორის „ჩატენვა“ უწევს, რომელთა მოსახლეობა, ერთად აღებული, მხოლოდ 6 მილიონია.

მეორე - ევროკავშირი სამთავრობოთაშორისო კონფედერაციას წარმოადგენს, ვიდრე მთლიანად ჩამოყალიბებულ კავშირს. ყველა წევრს - დიდს თუ პატარას - უფლება აქვთ ევროკავშირის ორგანოებში მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავდეს. გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება, ყველას აქვს ვეტოს დადების უფლება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა გადასახადებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში - „პატარა“ სახელმწიფოების ძალა ამ დროს შესამჩნევად მატულობს.

მესამე - „პატარა“ ქვეყნები, შეზღუდული დემოგრაფიული შესაძლებლობებით, ბევრ თანამდებობებს იღებენ: ევროკომისიის ან ევროსაბჭოს პრეზიდენტობა ჩვეულებრივი საქმეა გადამდგარი პენსიონერი ლუქსემბურგელი პრემიერ-მინისტრისათვის (თუმცა ეს ტენდენცია 2009 წლიდან უკვე შესუსტდა).

პატარა ქვეყნებმა მშვენივრად იციან, რომ მათი პრივილეგიები დაუმსახურებელია. ზოგჯერ ისინი თავიანთი უფლებებით სხვების ინტერესების მიუხედავად სარგებლობენ. მაგალითად, ევროკავშირში არავის არ მოსწონს, თუ როგორ ახორციელებენ თავიანთ ფინანსურ და საგადასახადო პოლიტიკას ირლანდია და ლუქსემბურგი, რომლებიც დიდების „ჯიბეში“ ხელებს აფათურებენ და ფული თავიანთ „ჯიბეებში“ გადააქვთ. „პატარები“ ვეტოების დადებას ერიდებიან, მაგრამ მათ შორის არიან გამბედავებიც - მაგალითად, უნგრეთი და ახლა სლოვაკეთი. როცა რაიმე საკითხის თავიანთ სასარგებლოდ გადაჭრა სურთ, „პატარები“ ხშირად ერთიანდებიან ხოლმე., საკუთარი გავლენისათვის წონის მისაცემად.

საინტერესოა, რომ „პატარების“ რაზმი პერსპექტივაში ახალწვეულებს მიიღებს - არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ბრიუსელის მაგიდა გაფართოვდება და მას კიდევ 9 სახელმწიფო მიუჯდება. მათგან, უკრაინის გარდა, 8 „პატარაა“ - მოლდოვა, საქართველო და დასავლეთბალკანური ქვეყნები. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროგრესის მაჩვენებელია - ძალიან ძნელი იქნება ისეთი ევროპის კავშირის მართვა, სადაც 36 დედაქალაქია და თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს!

ჯერ-ჯერობით არავინ არ იცის ის წესები, რომლის მიხედვითაც გაფართოებული ევროკავშირის მართვა უნდა განხორციელდეს. საფრანგეთს და გერმანიას სურთ, რომ ვეტოს უფლება შეიზღუდოს. ისინი მზად არიან აგრეთვე რიგი სხვა გარდაქმნებიც განხორციელდეს.

ბოლო დროს, როგორც ჩანს, „პატარების“ ზეობის დრო მთავრდება, თუმცა მათ კიდევ აქვთ ხელში გარკვეული კოზირები, სანამ ევროს ზონაში შევლენ: შეუძლიათ ვეტო დაადონ მათთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებებს. ისინი გრძელ მაგიდასთან თავიანთ ადგილებს შეინარჩუნებენ, მაგრამ მათ მეტი ყვირილი მოუწევთ, რომ სხვებს თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

წყარო: https://www.economist.com/

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати