USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«The Economist»: „აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“
Date:  442

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთდამოკიდებულების გამწვავებასთან დაკავშირებით, ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ისევ უტევს და მის კაპიტულაციას ითხოვს, რუსეთი კი ჩუმად არის“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მთიან ყარაბაღში ომი დაბრუნდა: 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მისსავე ტერიტორიაზე მდებარე (ანუ იურიდიულად აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული) სომხური ანკლავის წინააღმდეგ.. „ანტიტერორისტული ოპერაცია“, ბაქოს განცხადებით, მიმართულია მთიან ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისაკენ და შეიარაღებული სომეხი ტერორისტების რეგიონიდან განდევნისაკენ. სომეხი ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების წინააღმდეგ მიმართულ ეთნკური წმენდაში ადანაშაულებენ. (...)

როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ამჯერად მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის სრული კაპიტულაცია სურს. „მათ იარაღი უნდა დაყარონ და თეთრი დროშა უნდა გამოფინონ“, - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ გაჯიევი ყარაბაღელი სომხების ლიდერთა მისამართით.

ბაქოელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტევა მნიშვნელოვანწილად არის პასუხი იმ არჩევნებზე, რომლებიც ანკლავში 9 სექტემბერს ჩატარდა, აგრეთვე ნაღმების აფეთქებაზე, რომლის შედეგად ექვსი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა, როგორ ჩანს, შეტევა საკმაოდ დიდი ხნის წინ იქნა დეგეგმილი და მზადდებოდა. თავის მხრივ, სომხეთიც ადანაშაულებდა აზერბაიჯანს ანკლავის [ადმინისტრაციული] საზღვრების ახლოს ჯარების თავმოყრასა და პროვოკაციების მცდელობაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

აზერბაიჯანმა ასევე დაბლოკა „ლაჩინის დერეფანი“ - სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქალქ ლაჩინზე გადის,  რათა ანკლავის სომეხი ლიდერები იძულებულები გახდნენ ბაქოს დაქვემდებარონ. ბუნებრივია, გზის დაბლოკვამ მთიან ყარაბაღში სურსათის, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. აზერბაიჯანმა ყარაბაღელ სომხებს ალტერნატიული გზა შესთავაზა - აღდამიდან, ანუ იმ გზიდან, რომელიც მთიან ყარაბაღს საკუთრივ აზერბაიანის ტერიტორიასთან აკავშირებს, თუმცა მის გამოყენებაზე სომხები უარს აცხადებენ.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც ამჟამად მხოლოდ სომხებით არის დასახლებული და იურიდიულად (ფორმალურად) აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, სამი ათეული წლის განმავლობაში მომხდარი ორი სასტიკი ომის გამო ფაქტიურად „სისხლისგან არის დაცვლილი“. ბოლო ომის შედეგად, რომელიც 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანმა უკან დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები, პირველი ომის დროს (1990-იანი წლების დასაწყისში) სომხების მიერ ოკუპირებული.

სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ამჟამინდელი შეტევა კვლავ გამოიწვევს ლტოლვილთა ნაკადს. არ არის გამორიცხული ისეთი სასტიკი ქმედებები, რომლებიც წინა ომების დროს იქნა გამოვლენილი. მართალია, ბაქომ უკვე გამოაცხადა, რომ გახსნა ლაჩინის დერეფანი „მშვიდობიანი სომხების თავისუფლად გადაადგილებისთვის“, მაგრამ მისი განცხადება უფრო ავბედითია, ვიდრე დამაიმედებელი.

როგორც ჰიქმეთ გაჯიევი ამბობს, სავარაუდოდ, შეტევის შედეგი ის იქნება, რომ ამჯერად მთიანი ყარაბაღი მთლიანად იქნება ინტეგრირებული აზერბიჯანის შემადგენლობაში. მაგრამ როგორ განხორციელდება ინტეგრაცია ისე, რომ რეგიონის 120 ათასი სომეხი ლტოლვილად არ გადაიქცეს, ეს ჯერ გაურკვევლია. ბაქო უარს აცხადებს მთიანი ყარაბაღისათვის რაიმე განსაკუთრებული ავტონომიური უფლების გადაცემაზე და იქაური სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. „ეს ტერიტორია იგივე უფლებით ისარგებლებს, როგორითაც სარგებლობენ აზერბაიჯანის სხვა ნაწილები“, - განმარტავს ჰიქმეთ გაჯიევი.

დასავლეთის ოფიციალური პირები დღემდე მხოლოდ მშვიდობის დაცვის მიზნით სტანდარტული მოწოდებებით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია და უცნაურია რუსეთის რეაქცია, რომელიც რეგიონში დიდი ხნის ისტორიული და პრაქტიკული გავლენა აქვს. როგორც ითვლებოდა, 2020 წლის ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფლები თავიდან აიცილებდნენ კონფლიქტის გამეორებას, მაგრამ ასე არ მოხდა. „რუსული სამშვიდობო ძალები არაფერს არ აკეთებენ“, - ამბობს რუბენ ვარდანიანი, ყოფილი ყარაბაღელი ჩინოვნიკი, - ისინი მოვლენებს შორიდან უყურებენ და ომის საქმეში არ ერევიან“.

2020 წლის ომის შემდეგ სომხეთი რეგულარულად აკრიტიკებდა უმოქმედობის გამო რუსეთს, რომელთანაც ერევანს თავდაცვითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამჯერად სომხეთმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დასავლეთს დაახლოვებოდა და ერთობლივი სამხედრო წრთვნები ჩაეტარებინა აშშ-სთან ერთად. ანტირუსულ ნაბიჯად იქნა აღიარებული კრემლის მიერ ისიც, რომ სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი კიევში გაემგზავრა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაის შეხვდა და ჰუმანიტარულ დახმარებას შეპირდა. კრემლი გააღიზიანა სომხეთის იმ მოქმედებამ, რომელიც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაში გამოიხატა. როგორც ცნობილია, სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დასაპატიმრებლად ორდერი აქვს გაცემული და გამოდის, რომ თუ იგი სომხეთს ეწვევა, სომხეთის ხელისუფლებამ „მოკავშირე ქვეყნის“ ლიდერი უნდა დააკავოს.

როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შემდეგ, რუსმა დიქტატორმა, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, სომხეთის დასჯა გადაწყვიტა. „რუსებმა აზერბაიჯანელბს მწვანე შუქი აუნთეს მთიან ყარაბაღში მოქმედებისათვის, - თვლის თომას დე ვაალი, ამერიკული კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, - და სომხეთის დესტაბილიზებისათვის“.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სომხეთის მოსახლეობის 80% რუსებს მეგობრად თვლიდა, თუმცა ამასწინანდელი გამოკითხვის შედეგად, ეს ციფრი 35%-მდე შემცირდა, 19 სექტემბერს კი ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ხალხმა გაიარა შეძახილებით - „რუსეთი ჩვენი მტერია“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/09/19/azerbaijan-attacks-nagorno-karabakh-again-and-wants-its-surrender

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way