USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«The Economist» : „განა 1942-ში გაკეთებული 2024-ში ივარგებს? 81 წლის ბებერი ჯო შეაჩერებს დონალდ ტრამპს?"
თარიღი:  342

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 2024 წლის 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „განა 1942-ში გაკეთებული 2024-ში ივარგებს? 81 წლის ბებერი ჯო შეაჩერებს დონალდ ტრამპს?". ჟურნალის გარეკანზე მსხვილი შრიფტით აწყობილი სათაურის ქვეშ დაბეჭდილია 1942 წელს გამოშვებული ამერიკული ავტომანქანის ფოტო, ჯო ბაიდენის პორტრეტთან ერთად, ანუ ამერიკელი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი (დაიბადა 1942 წელს) გაიგივებულია ამერიკულ 1942 წელს გამოშვებულ ავტომანქანასთან, რომელმაც საეჭვოა 2024-ში იმუშაოს...

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკული პოლიტიკა პარალიზებულია ისეთი ღრმა წინააღმდეგობებით, რომელიც  შეიძლება „გრანდ-კანიონს“ შევადაროთ. დემოკრატები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპის არჩევა დაღუპავს ამერიკულ დემოკრატიას. ამის მიუხედავად, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი მაინც 81 წლის ჯო ბაიდენის კანდიდატურის წამოყენებას დათახმდებიან, რომელსაც ყველაზე  დაბალი რეიტინგი აქვს აშშ-ის უახლეს ისტორიაში. რატომ მივიდა საქმე ასეთ მდგომარეობამდე?

ჯო ბაიდენის კანდიდატურისადმი მხარდაჭერის რეიტინგი მინუს 16 პუნქტს შეადგენს. დონალდ ტრამპს, რომელიც იმ შტატებში ლიდერობს, სადაც ტრადიციულად წყდება არჩევნების ბედი, გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ეს საკმაოდ საგანგაშო პერსპექტივაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექს-პრეზიდენტს პოტენციურ დიქტატორად არ ჩავთვლით. დემოკრატთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამჯობინებდა, რომ ჯო ბაიდენი არჩევნებში საერთოდ არ იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მათ პირდაპირ განაცხადონ უარი მის მხარდაჭერაზე ან მხარი დაუჭირონ, ისინი მინის თვალებით იყურებიან და რაღაცას ისე ლუღლუღობენ, რომ ვერაფერს გაიგებ, როგორ აღმოჩნდნენ ამ გაუგებრობაში.

საიდუმლო არაფერი იმაში, თუ რატომ გახდა ჯო ბაიდენი ესოდენ არაპოპულარული პრეზიდენტი. ნაწილობრივ ეს უკავშირდება ინფლაციის აფეთქებას, უფრო მეტად კი მის წლოვანებას, რომ იგი ღრმად მოხუცებულია. ამერიკელთა უმრავლესობამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს 80 წლის ასაკი და როგორი კარგიც არ უნდა იყოს ამ ასაკის მქონე ადამიანის ხასიათი, მისთვის მაინც არასასურველი იქნება მას კიდევ ოთხი წლით დააკისრო მსოფლიოში ყველაზე მძიმე სამუშაოს შესრულება.

ჯერ კიდევ 2023 წელს ჯო ბაიდენს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება - და ასეც უნდა გაეკეთებინა - პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით ყოფილიყო. მის ნაბიჯს ყველა სახელმწიფო სამსახურის ნიმუშად ჩათვლიდა, რაც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა. გავლენიანი და ცნობილი დემოკრატებიდან ბევრს ეგონა, რომ კონგრესის შუალედური აჩევნების შემდეგ (როცა დემოკრატებმა საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს), ჯო ბაიდენი ასეც გააკეთებდა და გვერდზე გადგებოდა.

სამწუხაროდ, ჯო ბაიდენს და მის პარტიამ ვერ გააცნობიერეს, რომ ის რომ მას კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში აღარ უნდა მიეღო მონაწილეობა. დემოკრატების მიერ დასახელებული მიზეზებიდან არცერთი სწორი არ იყო. ჯო ბაიდენი პატივმოყვარეობით არის შეპყრობილი, მას ჯერ კიდევ 1987 წლიდან, როცა პირველად წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრეიდენტის პოსტზე, მიაჩნდა, რომ ამერიკას მისი სამსახური მუდმივად ჭირდებოდა. სხვათა შორის, ჯო ბაიდენს საკუთარ გარემოცვაშიც ისეთი თანამშრომლები ჰყავს, რომლებიც ამბიციურობას ამჟღავნებენ და აქეზებენ პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევისათვის. ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბუნება: თანამშრომლებს უჭირთ თანამდებობებთან განშორება, მათ არ სურთ, რომ ჯო ბაიდენმა თეთრი სახლი დატოვოს და მუშაობა პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გააგრძელოს.

დემოკრატი ლიდერები მშიშრები და თვითკმაყოფილები არიან. ისევე როგორც თავის დროზე ბევრი რესპუბლიკელი კონგრესმენი იქცეოდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რომლებსაც იგი არ მოსწონდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ მისთვის საყვედური ეთქვათ და გაეკრიტიკებინათ, ახლა დემოკრატებიც მათ მსგავსად იქცევიან. არადა, მათ კარგად იციან, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა მის პარტიას მარცხს უმზადებს, დონალდ ტრამპის რეიტინგი კი, უამრავი ბრალდების მიუხედავად, მტკიცდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, რომ ჯო ბაიდენი გვერდზე გამდგარიყო და ადგილი სხვისთვის დაეთმო. ბოლოსდაბოლოს, არჩევნებამდე კიდევ ათი თვეა დარჩენილი, ხოლო დემოკრატებს თავიანთ რიგებში ტალანტები ნამდვილად ჰყავთ. მაგრამ ასეთი ნაბიჯი ნაკლებად სავარაუდოა. ჯო ბაიდენმა რომ ახლა თავისი კანდიდატურა მოხსნას, დემოკრატიულ პარტიას საჩქაროდ მოუწევს პრაიმერიზის ჩატარება, თანაც იმ დროს, როცა ბევრ შტატში განაცხადის რეგისტრაციის ვადებმა უკვე გაიარა. დემოკრატებს დღეს ორიოდე დარეგისტრირებული კანდიდატი ჰყავთ - ნაკლებად ცნობილი კონგრესმენი დინ ფილიპსი და საკუთარ იმედად მყოფი, „გურუდ“ წოდებული მარიანა უილიამსონი. ახლა აუცილებელია დებატების ორგანიზება და ჩატარება, რომ ამომრჩევლებმა კარგად იცოდნენ, თუ ვის აძლევენ ხმას. არ არის გამორიცხული, რომ პარტიამ ვინმე შედარებით ახალგაზრდა კანდიდატი გამოძებნოს, ანდა, ვთქვათ, პრაიმერიზის დროს უპირატესობა მიეცეს კამალა ჰარისს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტს. მისი უპირატესობა იმაშია, რომ იგი ჯო ბაიდენივით ღრმა მოხუცი არ არის - გერონტოკრატობა არ ემუქრება, რადგან მაისში მას მხოლოდ 60 წელი შეუსრულდება, ანუ ახალგაზრდად ითვლება.

სამწუხარო ისაა, რომ კამალა ჰარისი ცუდ კომუნიკატორად ითვლება. იგი არასოდეს არ წარმდგარა ამომრჩევლების წინაშე წარმატებით თავისი შტატის - კალიფორნიის მიღმა. მისი საარჩევნო კამპანია 2020 წელს, რბილად რომ ვთქვათ, ფრიად არადამაკმაყოფილებელი იყო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კმალა ჰარისი ამჟამად ძირითადად იმიგრაციისა და სამხრეთი საზღვრის მდგომარეობას კურირებს, რაც, თავის მხრივ, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ძლიერ კოზირს წარმოადგენს (რესპუბლიკელები დემოკრატებს სწორედ უკანონო იმიგრაციისა და მექსიკასთან არსებული საზღვრის დაუცველობის გამო აკრიტიკებენ). ასე რომ, კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატი რომც გახდეს, დონალდ ტრამპზე გამარჯვების მისი შანსები ჯო ბაიდენზე უფრო უარესია.

ამიტომაც დემოკრატებისათვის უკეთესია ყურადღება ჯო ბაიდენის არჩევას მიაქციონ და სიტუაციით უკეთესად ისარგებლონ. ქვეყნის ეკონომიკა ზოგადად ვითარდება, დასაქმების დონე ნორმალურია, მუშა-მოსამსახურეების ხელფასები რეალურად მატულობს. დონალდ ტრამპი რომ ციხეში ჩაესვა, ჯო ბაიდენს ამომრჩევლებს ამისთვის შეიძლება დაესაჯათ (ხმები არ მიეცათ), მაგრამ ახლა ასე თუ ისე, სიტუაცია ასატანია. უბრალოდ, დემოკრატებმა საარჩევნო კამპანია უნდა გააქტიურონ, რაღაც აჟიოტაჟი გამოიწვიონ და მეორე ვადით ჯო ბაიდენის არჩევის შეგრძნება შექმნან.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენს, რადგანაც იგი კარგი აგიტატორი არ არის და მისი მოწინააღმდეგე ისეთი კანდიდატია, რომლისთვისაც საარჩევნო შოუს მოწყობა ძალიან იოლია, პრეზიდენტს სანდო პიროვნება დაჭირდება (ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი), რომელიც მის ნაცვლად გამოვა ამომრჩევლების წინაშე და ტელევიზიით. მაგრამ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი აღარ უნდა იყოს. ჯო ბაიდენს ჭირდება ერთგული თანაპარტიელები, რომლებიც მის გვერდით იქნებიან და საარჩევნო კამპანიას სქმის ცოდნით წარმართავენ. ამჟამად კი ჯო ბაიდენი და მისი პარტია მთვარეულებს ჰგავნან და წარუმატებლობისაკენ მიექანებიან, მარცხთან შესახვედრად..

წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/01/04/the-man-supposed-to-stop-donald-trump-is-an-unpopular-81-year-old

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.