USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
The Washington Post: „ტრამპისა და პუტინის ურთიერთობის ახალი ეტაპი: სასწორზე მსოფლიოს ბედია დადებული. რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს
Date:  545

აშშ-ის გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის ახალი ეტაპი: სასწორზე მსოფლიოს ბედია დადებული // რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს“ (ავტორები - რობინ დიქსონი, ქეთრინ ბელტონი და ფრანჩესკა ებელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მომავალ წელს ორი გეოპოლიტიკური ალფა-ლიდერი ერთმანეთს მეტოქეობას დაუწყებენ. რინგის ერთ მხარეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ესწრაფვის და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობისმყოფლის სახელს მოუტანს, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გავლენიანი, მანიპულაციების მოყვარული და მკვეთრი ანტიამერიკული ავტოკრატი, რომელსაც იმედი აქვს დონალდ ტრამპს დაარწმუნებს ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარების აუცილებლობაში, მაგრამ წესებისა და ადამიანის უფლებების გარეშე.

ვლადიმერ პუტინს სურს ახალი მსხვილი გარიგება ევროპული უსაფრთხოების სფეროში, რომლის მიხედვით, უკრაინა კრემლის ხელში აღმოჩნდება, ნატოს დასუსტდება და რუსეთის როგორც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოს სტატუსს განამტკიცებს. ამ საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკების წინ მოსკოვი ყურადღებით უსმენს დონალდ ტრამპის განცხადებებს, ითვალისწინებს მის ამბიციებს და ეძებს ამერიკელი ლიდერის სუსტ და მოწყვლად ადგილებს, თუმცა იმავდროულად შიშობს იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადია.

აშშ-ის არცეული პრეზიდენტის სუსტი ადგილები, რუსი ანალიტიკოსების აზრით, არის მისი გეოპოლიტიკური მიამიტობა, ყურადღების დაბალი კონცენტრაცია და მიდრეკილება იმისაკენ, რომ უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოს, ვიდრე გონებას. „დონალდ ტრამპი ხშირად [გარკვეულ საერთაშორისო პრობლემების მიმართ] დუმილს არჩევს ხოლმე“, - ამბობს კონსტანტინე რემჩუკოვი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, - ჩვენ ვნახეთ მისი წინასაარცევნო კამპანია და დავრწმუნდით, რომ იგი გეოპოლიტიკურ საკითხებში მაინცდამიანც კარგად ვერ ერკვევა“.

ორ ლიდერს შორის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა გახდება უკრაინის კონფლიქტი, რომლის დასრულებას დონალდ ტრამპი 24 საათში აპირებს. მაგრამ თავის მხრივ ვალდიმერ პუტინი ხისტ პირობებს აყენებს (უკრაინის ნატოში არმიღების, მისი არმიის მნიშვნელოვანი შემცირებისა და ტერიტორიული დათმობების ჩათვლით), რომლებიც ძალიან რთულია შესასრულებლად, ანალიტიკოსები ვერ ხედავენ სამშვიდობო შეთანხმების დადების ვერანირ იმედს - იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია მაქსიმალისტურია, ხოლო დონალდ ტრამპი შიშობს, რომ მსოფლიო მას სუსტ ლიდერად შერაცხავს, თუ რუსეთს ბევრს დაუთმობს. „ტრამპს ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერს, სურს მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან აწარმოოს. მას არ უნდა, რომ მსოფლიოს წინაშე მშიშარად და პუტინის წინაშე მხოხავად გამოვიდეს“, - დარწმუნებულია ჯოშუა გუმინსკი, კონგრესმენობის და პრეზიდენტობის შემსწავლელი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სიგნალები არაფერს მიანიშნებენ, იწყება თუ არა მათ რაიმე დათბობა. გასულ თვეში პუტინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ტრამპის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არისო - ალბათ, იგულისხმა, რომ შესაძლებელია იგი მოკლან: „სამწუხაროდ, აშშ-ის ისტორიაში უამრავი მსგავსი შემთხვევა არის მომხდარი“, - თქვა პუტინმა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ პუტინმა დაკარგა თავისი მოკავშირე, სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი და ამიტომაც იგი დასუსტებულია როგორც გეოპოლიტიკური, ისე საომარი მოქმედებებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო. „დროა, პუტინი სამშვიდობო მაგიდასთან დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტა-დაზავებაზე მოილაპარაკოს“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მაგრამ ბვრ საკითხში მათი თვალსაზრისები და ხასიათები ერთმანეთს ეწყობა: ვლადიმერ პუტინი ვერ ითმენს დასავლურ ლიბერალიზმს და ვერ იტანს იმ უცხოელ ლიდერებს, რომლებიც მას ლექციებს უკითხავენ რუსეთის ხელისუფლების რეპრესიებზე და ისეთ საერთო-საკაცობრიო ღირებულებებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა. დონალდ ტრამპში იგი თავის მსგავს შეუბრალებელ ცინიკოსს ხედავს. ეს გარემოება შეიძლება უპირატესობა გახდეს მისი მცდელობისათვის - გადააქციოს რუსეთი გლობალურ სახელმწიფოდ, ახალი მრავალპოლუსიანი წესრიგის პირობებში, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, სადაც გლობალური გიგანტები მსოფლიოს ინაწილებენ და უფრო სუსტი ქვეყნების სუვერენიტეტით ვაჭრობენ

„ვლადიმერ პუტინს სძულს ისეთი მიდგომა, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვას და გარკვეული წესების შესრულებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც გაუარესდა ჩვენი ურთიერთობა [აშშ-სთან, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის მმართველობის დროს], - ვარაუდობს კონსტანტინე რემჩუკოვი, - დონალდ ტრამპი ამ თვალსაზრისით წარმოგვიდგება ისეთ ადამიანად, რომელსაც საქმე არ აქვს არც ფასეულობებისა და არც იდეოლოგიის მიმართ. იგი წინ არ სწევს არცერთ ამ საკითხს და არავის მწვავედ არ აკრიტიკებს. ტრამპი ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, თუ რას აკეთებთ თქვენ საკუთარი ქვეყნის შიგნით“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ტრიუმფალური განწყობა გამოავლინა და განაცხადა, რომ მისი თვალსაზრისით, ახალი წესრიგი თითქმის მიღწეულია: „ჩვენს თვალწინ ყალიბდება სრულიად ახალი მსოფლიო მოწყობა, რომელიც არ ჰგავს იმათ, რაც წარსულიდან გვახსოვს“, - ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ რადგანაც ძველი წესრიგი, რომელიც გარკვეული წესების შესრულებას მოითხოვს, უკვე მკვდარია, ამჟამად ბრძოლა მიდის ახლის ჩამოსაყალიბებლად - „საქმე ეხება პრინციპების შეჯახებას“. ნატო, მისი თქმით, უკვე ანაქრონიზმია, გაეროს წესდება  კი დროა შეიცვალოს - „ძალის ახალი ცენტრების გაჩენის გამო“. დასავლური ლიბერალიზმი, პუტინის მტკიცებით,  „თავისი არსით ტოტალიტარულია“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი (იყო გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი), მწერალი მიხეილ ზიგარი, რომელიც, უკრაინასთან ომის კრიტიკის გამო, რუსეთიდან გაძევებულია და გასამართლებული, თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა უშუალოდ დონალდ ტრამპის გასაგონად თქვა, როცა ამბობდა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთი გააცნობიერებს და მიხვდება „პრაგმატული, ჯანსაღი და ფხიზელი მიდგომების აუცილებლობას, რომელიც დაეფუძნება როგორც მომხდარი [და მიმდინარე] მოვლენების, ასევე საკუთარი შესაძლებლობების ხისტ და ზოგჯერ ცინიკურ, მაგრამ რაციონალურ შეფასებებს“. „მარტივად რომ ვთქვათ, პუტინის აზრით, ნებისმიერი დიქტატორი იმსახურებს თმენას მისი მოქმედების მიმართ და მიტევებას, ხოლო ყოველ რეჟიმს აქვს რეპრესიების განხორციელების უფლება“, - წერს მიხეილ ზიგარი ამას წინათ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.

ვლადიმერ პუტინის აზრით, ომები გარდაუვალია. ამ დროს მუშაობს პრინციპი „ვინც ძლიერია, ის ყოველთვის მართალია“, რაც სრულიად ნორმალურია.  „ქვეყნებს უწევთ თავიანთი ინტერესების დაცვა შეიარაღებული გზით და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა და ორი დღის შემდეგ უკრაინის ქარხანას „იუჟმაშს“ ახალი რაკეტით „ორეშნიკით“ დაარტყა. მას შემდეგ კრემლი იმუქრება, რომ იგივენაირად მოიქცევა და დაბომბავს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში თავის სპეციალურ წარმომადგენელად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი წარადგინა, რომლის მტკიცებით, არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შედეგად დაძაბულობა შეამცირა და პარალელურად „ამერიკის ინტერესებსაც მტკიცედ იცავდა“.

პუტინისა და ტრამპის მომავალი დაპირისპირებისათვის მზადების ფონზე რუსეთის ლიდერი დროში შეზღუდულია იმის გამო, რომ სანქციები ქვეყნის ეკონომიკას, საბოლოო ჯამში, მაინც დააზარალებს. მაგრამ მას იმედი აქვს და ფსონს იმაზე დებს, რომ უკრაინა რუსეთზე უარესად დაზარალდება და ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი კიევს იარაღის მიცემას შეუწყვეტს. „პუტინს გათვლილი აქვს, რომ ტრამპთან საქმეებს მოაგვარებს“, - ამბობს ინტერვიუში ტატიანა სტანოვაია, კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „იგი იმედოვნებს დაარწმუნოს ტრამპი იმაში, რომ საომარი მოქმედებები კრემლის პირობების შესრულებით უნდა დამთავრდეს და თუ მისი ხრიკები არ იმუშავებს, მაშინ, უბრალოდ, ომს გააგრძელებს იმ იმედით, რომ უკრაინას მალე წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ექნება“.

რუსი მეცნიერი, რომელსაც ურთიერთობები აქვს მაღალჩინოსან რუს დიპლომატებთან, ამბობს, რომ კრემლში კომპრომისული განწყობა არ არსებობს. ანდა რატომ იქნება, როცა რუსეთის არმია წინ მიიწევს და ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი უხლოეს დროში ნამდვილად არ ემუქრება? „რუსეთი მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ მზოლოდ ძალის პოზიციით და არა სისუსტით“, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, თემის დელიკატურობის გამო.

დონალდ ტრამპის ტრაბახი იმით, რომ იგი სამშვიდობო გარიგებას სწრაფად დადებს,  მის მოუთმენლობას მოწმობს. თავის მხრივ, მოსკოველი ჩინოვნიკებიც ჯიუტად აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ ომის პირველმიზეზები უნდა აღმოფხვრას. ისინი ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი იქნება, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

ვლადიმერ პუტინის სურვილს მსხვილი გარიგების დადების მიზნით ახმოვანებს კრემლტან დაახლოებული მსხვილი კონსერვატიული ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი, რომელმაც „ფაინენშელ თაიმსისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი არ მიიღებს ყტრამპის არცერთ წინადადებას, თუ ისინი ერთდროულად არ ეხებიან უკრაინას, ევროპულ უსაფრთხოებას და მთელ დანარჩენ მსოფლიოს - ანუ კრემლს გლობალური გავლენის დემონსტრირება სურს. ოლიგარქის თქმით, მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ მზადაა გამოავლინოს „მოქნილობა“ და კომპრომისი ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვს დათმობებს ევროპული უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურაში.

თავისი არსით, ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დროს დათანხმდებიან მსოფლიოს გაყოფაზე გავლენის სფეროებად - რუსეთს გარანტირებული ექნება გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე და რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. ამასთან, ცხადია, რომ ასეთი გარიგება შეზღუდავს ნატოს ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრება.  „იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი ამ ხაფანგში არ აღმოჩნდება და მიხვდება, რომ ასეთი გარიგება უკრაინისთვისაც და ევროპისთვისაც მავნებელი  იქნება“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა დიპლომატმა და რუსეთის ექსპერტმა, ანონიმურობის დაცვით, იმ ამერიკული კვლევითი ცენტრის წესების შესაბამისად, სადაც იგი მუშაობს. მისი თქმით, პუტინს ყოველთვის სურდა იმის მიღწევა, რომ „ამერიკა და რუსეთი მსოფლიოს თავს მოახვევენ სწორედ ასეთ მშვიდობას“.

ამასობაში კი დონალდ ტრამპის მომხრეებში პოპულარული ხდება თვალსაზრისი რუსეთ-ჩინეთის ალიანსში განხეთქილების დაწყების თაობაზე. ამას წინათ მემარჯვენე პოლიტიკურ მიმომხილველს თაკერ კარლსონს არჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუში განუცხადა, რომ მას  რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთისაგან გათიშვა მოუწევს. „ეს თვალსაზრისი, როგორც ჩანს, პოპულარობით სარგებლობს დონალდ ტრამპის გარემოცვაში მათი ჩათვლით, ვისაც იგი ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იწვევს“, - წერს ალექსანდრე გაბუევი (გაზეთ „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი რუსეთიდან გაძევებული), კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში.

ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში განხეთქილების შეტანის მცდელობას „სოლით სოლის ამოგდების სტრატეგია“ უწოდა. რუსეთი დამოკიდებულია ჩინეთზე ვაჭრობაში, თანაც ორივემ - ვლადიმერ პუტინმაც და სი ძინპინმაც - კარგად იციან, რომ ოთხი წლის შემდეგ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტიდან სამუსამოდ წავა. ალექსანდრე გაბუევის თქმით, ტრამპის ნებისმიერი თამაში, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და პეკინის კავშირების დასასუსტებლად, წარუმატებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ორ ავტოკრატ ლიდერს შორის მტკიცე პირადი კავშირები არსებობს,  ორივე არ ენდობა ვაშინგტონს და ორივე იმედოვნებს, რომ მრავალპოლუსიან მსოფლიოში უფრო გაძლიერდებიან - აშშ-ის ხარჯზე“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/12/20/trump-putin-russia-ukraine-relations/

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way