USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
The Washington Post: „ემანუელ მაკრონი უკრაინის მიმართ სარისკო გეგმას განიხილავს. რა მოხდება, როცა ვლადიმერ პუტინი ფრანგ კოლეგას ბლეფს მიუხვდება?“
თარიღი:  472

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონი უკრაინის მიმართ სარისკო გეგმას განიხილავს. რა მოხდება, როცა ვლადიმერ პუტინი ფრანგ კოლეგას ბლეფს მიუხვდება?“ (ავტორი - ლი ჰოქსთედერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ე.წ. „წითელი ხაზები“, რომლებიც ზღუდავენ უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას დასავლეთის მხრიდან, თანდათან იშლება და ამ ეტაპზე სულ უფრო მეტად ემსგავსება ფერმკრთალ ვარდისფერ პუნქტირს.

ბოლო მაგალითი - პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაცემული ნებართვა კიევისადმი ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიისათვის დარტყმების მისაყენებლად, მართალია, მკაცრი პირობებით, მაგრამ მაინც. რამდენადაც დასავლეთმა გააუქმა ოდესღაც ხისტი შეზღუდვები, რომ ომის ესკალაცია არ მომხდარიყო (თვითონ უკრაინის გადასარჩენად), დღეს-დღეობით, ყველაზე მტკიცე აკრძალვად მხოლოდ დასავლეთის ჯარების განლაგება რჩება. მაგრამ ახლა ესეც საკმაოდ მყიფედ გამოიყურება, რადგან საფრანგეთი უკვე ფიქრობს უკრაინაში სამხედრო ინტრუქტორების ქვედანაყოფი გაგზავნოს. თუ საქმე მართლაც მათ გაგზავნამდე მივა, მაშინ შედეგები უფრო სერიოზული და ნაკლებპროგნოზირებადი  აღმოჩნდება, ვიდრე კიევისათვის რომელიმე სისტემის შეიარაღების გადაცემა.

პარიზის ამ ჩანაფიქრის რეალიზებისათვის ნატოს ქვეყნებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხში ერთიანობა არ არსებობს. არავინ დარწმუნებული არ არის, თუ რა მოჰყვება საფრანგეთისა და მისი მიმბაძველ-მომხრეების („წვრილფეხების“ - ესტონეთისა და ლიეტუვის ჩათვლით) მოქმედებას, რომლებიც ბოლომდე გაცნობიერებული და გათვლილი არ არის.

ვაშინგტონმა, ბერლინმა და უკრაინის სხვა მსხვილმა პარტნიორებმა გამორიცხეს თავიანთი ჯარების გადასროლა ორი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი - ეს იქნება ესკალაციური ნახტომი: უკრაინის დასახმარებლად გადასროლილი იქნება არამარტო სამხედრო ტექნიკა, არამედ ცოცხალი ძალაც, რაც დანაკარგებს გამოიწვევს უკვე თვითონ დასავლურ ჯარშიც;

მეორე - ეს იქნება პოლიტიკური სარგებლის დასასრული: დღემდე დასავლური მთავრობები ხომ საზოგადოებას შთააგონებენ, რომ დანაკარგებს ომში მხოლოდ უკრაინელები განიცდიან და თავიანთი ბრძოლით ევროპას რუსეთის აგრესიისაგან იცავენ.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ - მხარი დაეჭირა უკრაინისათვის და იმავდროულად თავიდან აეცილებინა მესამე მსოფლიო ომი - საქმე თვითშეკავებამდე მიიყვანა: გაჩნდა პრობლემები შორი მოქმედების რაკეტების, ავიაგამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, უკრაინის არმიას რომ ჩამოთვლილი შეიარაღება დროულად გადაცემოდა, ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა და ნგრევა შემცირდებოდა. თუმცა ჯო ბაიდენის „გაუბედავმა“ და თანდათანობითმა მიდგომამ ერთი დადებითი შედეგი მაინც გამოიღო: უფრო ძლიერი დასავლური იარაღის გადაცემის კვალობაზე გამომჟღავნდა მოსკოვის ფუჭი ბირთვული მუქარები.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე შეზღუდული სასწავლო მისია-პროგრამები განახორციელეს. ფრანგი პრეზიდენტის ჩანაფიქრი უფრო თამამი, ხმამაღალი და შესაბამისად, უფრო სარისკო ჩანს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო ინსტრუქტორები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იქნებიან.

ემანუელ მაკრონის აზრით, დასავლეთმა კრემლი ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ მოსკოვმა ვერ გამოიცნოს მისი ჭეშმარიტი ზრახვები. მოსკოვი სულ მუდამ „მკითხაობაში“ უნდა იყოს და ზუსტად არ უნდა იცოდეს დასავლეთის მომდევნო სვლა. დადგებიან რა „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოზიციაზე, უკრაინის მოკავშირეები გადალახავენ თვითშეკავების ჩარჩოებს და ესკალაციის რისკების გამოთვლის ტვირთს ვლადიმერ პუტინს დააკისრებენ, - თვლის ემანუელ მაკრონი.

„ჩემთვის ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვლადიმერ პუტინი შეგნებულად მოისურვებს პირდაპირ საბრძოლო შეტაკებას ნატოს ქვეყნებთან, თუ ისინი კონფლიქტში არ იქნებიან ჩაბმულნი“, - ამბობს ფრანსუა ეისბორი, ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი, რომელიც მხარდ უწერს ემანუელ მაკრონის მიდგომას.

მაგრამ რა მოხდება, თუ ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის ბლეფს გამოიცნობს? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგ ლიდერს თითქმის არაფერი არ გაუკეთებია ფრანგული საზოგადოების წინასწარ მოსამზადებლად, იმ შემთხვევისათვის, როცა უკრაინიდან საფრანგეთისაკენ „გრუზ-200“-ების (კუბოების) მდინარე დაიძვრება. არაფერს ვამბობთ საფრანგეთის ნატოელ მოკავშირეთა უმრავლესობაზე, რომლებიც ძველებურად კატეგორიულ უარს აცხადებენ ჯარების გადასროლაზე და რომლებიც პარიზის მიერ გადადგმული ნაბიჯის გამო, დიდი ალბათობით, მოსკოვთან პირდაპირ კონფრონტაციაზე არ წავლენ.

თუ რუსეთის არმია ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების ქვედანაყოფის დისლოცირების ადგილს იპოვის, ვლადიმერ პუტინი მათ აუცილებლად დაარტყამს - იმიტომ, რომ ამით პარიზის ნატოელ მოკავშირეებსაც ნიშნს მოუგებს და დაამცირებს პირადად ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ამჟამად ყველაზე ანტირუსულად განწყობილი დიდი „ქორების“ კომპანიაში აღმოჩნდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მე ვემხრობი ემანუელ მაკრონის გეგმას, - მეუბნება ფრანსუა ეისბორი, - შეიცავს თუ არა რისკის ელემენტს? დიახ, უეჭველად“.

საფრანგეთს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს და იარაღის წარმოებით მსოფლიოს ლიდერების რიცხვში შედის.

მაგრამ გაუგებარია, რა სარგებლობას მოუტანენ ორწლიან გააფთრებულ ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინელ ჯარისკაცებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტურები? ამ მომენტისათვის ეს თვითონ ფრანგებმაც კარგად არ იციან.

ამჟამად ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ემანუელ მაკრონის ხმამაღალი პროუკრაინული რიტორიკის უკან მაინცდამაინც ბევრი რეალურად გაკეთებული საქმე არ ჩანს. პარიზი ბევრად ჩამორჩება თავის ნატოელ მოკავშირეებს ყველაზე მთავარში: უკრაინას სათანადო რაოდენობით არ აწოდებს შეიარაღების სისტემებს და საბრძოლო მასალებს.

მართალია, შორსმოქმედმა ფრანგულმა რაკეტამ „სკალპმა“ (Scalp) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შავ ზღვის აკვატორიაში უკრაინისთვის რუსეთის ბლოკადის გარღვევაში, მაგრამ სამხედრო დახმარების საერთო მოცულობით ბირთვული ძლიერი საფრანგეთი ბევრად ჩამორჩება პატარა ნიდერლანდებს, დანიას და პოლონეთს, არაფერი რომ არ ვთქვათ ისეთ მსხვილ დონორებზე, როგორებიც არიან აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

ვრცელდება ხმები, რომ სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნის თაობაზე ემანუელ მაკრონმა შეიძლება ოთხშაბათს განაცხადოს - მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის მე-80 წლისთავზე, ჯო ბაიდენისა და სხვა დასავლელი ლიდერების კომპანიაში ყოფნისას. თუმცა იმ ცერემონიის ფონზე, რომელმაც მოკავშირეთა ერთიანობა უნდა დაადასტუროს, ფრანგი ლიდერი უთანხმოების რისკზე მიდის - იგი უკრაინაში სამხედროების გაგზავნით მხოლოდ ხაზს გაუსვამს თავის იზოლაციას, რომლითაც ძალზე მოკრძალებულ სარგებელს მიიღებს.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2024/06/03/macron-ukraine-trainers-red-line/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.