USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Тбилиси
«The Washington Post» (აშშ): „უკრაინის არმიის მთავარსარდალი თვლის, რომ რუსეთის დასამარცხებლად მან თავისი პირობებით უნდა იბრძოლოს“ (ინტერვიუ გენერალ ვალერი ზალუჟნისთან)
дата:  

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი თვლის, რომ რუსეთის დასამარცხებლად მან  თავისი პირობებით უნდა იბრძოლოს“ (ავტორი - იზაბელ ხურშუდიანი), რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი გენერალ ვალერი ზალუჟნისთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გენერალი ვალერი ზალუჟნი დიდი ხანია სამი მთავარი კითხვის წინაშე იდგა: მზად ვარ თუ არა სიკვდილისათვის? მზად ვარ ვინმე მოვკლა? მზად ვარ ადამიანები სხვების მოსაკლავად გავგზავნო? ახლა კი, რუსეთის არმიასთან დაპირისპირების დროს, რომელიც შედარებით უფრო კარგად არის აღჭურვილი და რაოდენობითაც აშკარად უპირატესობით სარგებლობს, უკრაინის არმიის მთავარსარდალს კიდევ ერთი კითხვა დაემატა: როგორ შეამციროს მსხვერპლის რაოდენობა? ვალერი ზალუჟნის ყოველი დილა იმით იწყება, რომ იგი ეცნობა სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი საბრძოლო დავალების შესრულებისა და თავდაცვის დროს. მას ტელეფონში იმ სამხედროების გვარებიც აქვს საკონტაქტოდ, რომლებიც უკვე დაღუპულები არიან, მაგრამ მათ წაშლას არ აპირებს.

როგორც ვალერი ზალუჟნი ამბობს, მას ამჟამად მწუხარებისათვის დრო არ აქვს, რადგან თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს - მას უკრაინამ უსაფრტხოების დაცვა დაავალა, დასავლეთმა კი მილიარდები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ორივე მისგან ბრძოლის ველზე წარმატებას ელოდება.

ომის წესები და პირობები ვალერი ზალუჟნისებურად

ყველაფერი რომ ვალერი ზალუჟნიზე იყოს დამოკიდებული, იგი პირადად სხვაგვარად იმოქმედებდა: მაგალითად, იბრძოლებდა რუსების ავიაციის ჰაერში ბატონობის წინააღმდეგ... ისიც იმდენ ჭურვს გაისროდა, რამდენსაც რუსები ისვვრიან... მასაც ექნებოდა  ისეთი ფრთოსანი რაკეტები, როგორებიტაც რუსები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ... მაგრამ რეალობაში დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც რუსეთთან ომის ესკალაციისა ეშინიათ, უკრაინისათვის მიწოდებულ იარაღს თან ასეთ ინსტრუქციას აყოლებენ: „ამ რაკეტის გასროლა რუსეთის ტერიტორიისკენ არ შეიძლება“.

„რატომ უნდა დამჭირდეს მე ვიღაცისგან ნებართვის აღება, თუ რა უნდა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის დასაცავად?“, -  ამბობს ვალერი ზალუჟნი „ვაშინგტონ პოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში, - „იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს? დაღუპულები ამას ვერ გაიგებენ. ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ გავანადგურებთ მტერს. ომის დროს მოწინააღმდეგის მოკვლა მისსავე ტერიტორიაზეც შეიძლება“.

დასავლელი მოკავშირეები და პარტნიორები კონტრშეტევის დაწყებისას ამბობდნენ, რომ უკრაინის არმიას მათ ყველაფერი მისცეს წარმატების მოსაპოვებლად და რუსეთის დასამარცხებლად, მაგრამ ვალერი ზალუჟნი მათ მკაცრად აკრიტიკებს: „რუსების მიერ ოკუპირებული მიწების უკან დაბრუნებისათვის ძალიან დიდი რესურსებია საჭირო, რაც ამჟამად არ არსებობს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ავიაგამანადგურებლები F-16-ები არ გჭირდებათ, უიმისოდ უნდა გაიმარჯვოთო. საინტერესოა, თვითონ თუ იომებდნენ ავიაციის გარეშე?“.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა, გენერალი ვალერი ზალუჟნი მაინც პოპულარულ ადამიანად რჩება, თუმცა იმავდროულად პარადოქსულიც. მან უკრაინის არმია ყოფილი საბჭოური არმიისგან დასავლურად გარდაქმნა, ნატოს სტანდარტებით. ვალერი ზალუჟნის სახე - უკრაინის არმიის ურყევი ძალის სიმბოლო - შენობების კედლებზე მიმზიდველად გამოიყურება: იგი მშვიდობისმოყვარე გენერალია, მაგრამ რეალობაში იგი მკაცრი ადამიანია, მას საომარი საზრუნავი აქვს და პასუხისმგებლობა ეკისრება. „მე ხშირად მეკითხებიან, როგორ იტანთ ამ ყველაფერსო“, - ამბობს მთავარსადალი.

უკრაინის საბჭოური არმია წარსულს ჩაბარდა

ვალერი ზალუჟნის მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, საბჭოთა ჩრდილოეთი რეგიონების გარნიზონებში მსახურობდა. შვიდი თვით ადრე, სანამ რუსეთის სატანკო კოლონები უკრაინის საზღვრებს გადალახავდნენ, ვალერი ზალუჟნი სამოქალაქო ცხოვრების დაწყებას აპირებდა და სამხედრო თანამდებობიდან გადადგომისათვის ემზადებოდა. მაგრამ როგორც მას დაურეკეს და უკრაინის არმიის სარდლის თანამდებობა შესთავაზეს, გადადგომაზე აღარ უფიქრია. პირველ რიგში მან თავისი ოფისის რემონტი დაიწყო, რადგან საბჭოურ გადმონაშთებს ვერ იტანდა: „როცა ამ შენობაში შემოვდიოდი, ყოველთვის „საბჭოური სული მცემდა“ - მე არ მომწონდა საბჭოური არმიის პრინციპი, როცა ყოველი მეთაური ჯარისკაცებისათვის ფეოდალი ხდებოდა“, - ამბობს გენერალი.

მე-19 საუკუნეში აგებული გენერალური შტაბის შენობაში ვალერი ზალუჟნის კაბინეტი თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა - უბრალო და თანამედროვე სტილით მოწყობილი, წიგნების დიდი თაროებით... წინა პლანზე ჩანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის წიგნი სახელმწოდებით „სახელმწიფოს მართვის შესახებ“.

მთავარსარდალს უკრაინის არმიის ოფიცრებთან და ფრონტის მეთაურებთან მუდმივი კავშირი აქვს - ყველა გენერალს შეუძლია თავისუფლად მიმართოს სოციალური ქსელებითაც კი. იმის ნაცვლად, რომ „რკინის მუშტით“ მართოს არმია, ვალერი ზალუჟნი ხშირად რჩევას ეკითხება თავის ოფიცრებს. მან ურთიერთობის საბჭოური სტილი დასავლური სტილით, ნატოს სტანდარტებით შეცვალა, რაც ბრძოლების დროსაც კარგად ჩანს: უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, უმცროსი მეთაურების ავტონომიური გადაწყვეტილებების კვალობაზე, უფრო მეტად მოძრავი, მობილური და ბრძოლისუნარიანი გახდა, რუსეთის არმიასთან შედარებით

„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი ვარაუდობდა, რომ იქნებოდა ომი რუსეთის დიდ საბჭოთა არმიასა და უკრაინის პატარა საბჭოთა არმიას შორის“, - ამბობს ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, - ამიტომაც გვეუბნეოდნენ, რომ კიევი რუსებს სამ დღეში ჩაბარდებოდა, მთლიანად უკრაინაკი სამ კვირაში... მაგრამ ჩვენი არმია საბჭოური არმია უკვე აღარ არის“.

რუკაზე თავდახრილს ვალერი ზალუჟნის ტელეფონით ესაუბრება ფრონტის მეტაურს და მოკლე-მოკლე ბრძანებებს იძლევა, თან საკმაოდ ფამილარულ სიტყვებით - „აი, ყოჩაღ!“, „მაგრები ხართ!“ და ა.შ. „ეს ადამიანურობის გამოხატვაა, - განმარტავს ალექსი რეზნიკოვი, - კაცი გენერალია, მთავარსარდალი, მაგრამ დაბალი რანგის ოფიცრებს ადამიანურად ელაპარაკება. რა თქმა უნდა, არმიაში წესრიგი და მკაცრი დისციპლინა უნდა ბატონობდეს, მეთაურები მომთხოვნელები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ დროს სრულიად გამორიცხულია ჯარისკაცის ან ოფიცრის ღირსების დამცირება და მათი შევიწროვება“.

საბჭოური მემკვიდრეობის უარყოფის პროცესი უკრაინის არმიაში ჯერ არ დასრულებულა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცვლელია. ახალი თაობის ოფიცრების მოსვლით შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია დაჩქარდება. გენერალი სიამაყით ამბობს, რომ მისმა ჯარისკაცებმა ინგლისური ენა კარგად იციან და განათლებულნი არიან: „ძალიან დასანანია, რომ ჩვენ მათ ვკარგავთ“.

შიდა საბჭოთა იდეოლოგიურ მტერთან ბრძოლის შემდეგ ვალერი ზალუჟნი საომარ ველზე გარე მტერს ხვდება, რომელიც იმის განსახირებაა, რის ამოძირკვაც მას სურს, თუმცა უკრაინელი გენერალი რუსი მოწინააღმდეგის სამხედრო დოქტრინას პატივს სცემს. მას ყველაფერი აქვს წაიკითხული, რაც ოდესმე რუსეთის არმიის მთავარსარდალს, გენერალ ვალერი გერასიმოვს დაუწერია და მათ „ძალიან-ძალიან საინტერესოდ“ თვლის: „დასანანია, რომ იგი ბოლო დროს არაფერს აღარ აქვეყნებს“. „იგი ჩემი მტერია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მტერი, - ამბობს ვალერი ზალუჟნი, - ჭკვიანი და ვერაგი. ის ჯერ კიდევ ძლიერია. ომის დროს აუცილებელია ჭკვიან და ძლიერ მტერს პატივი სცე და იმავდროულად მის მოკვლასაც ეცადო, თორემ ისე ვერ გაიმარჯვებ“.

რა იქნება რუსეთზე გამარჯვების შემდეგ

2019 წელს, როცა ვალერი ზალუჟნი დონბასში ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის არმიის ნაწილებს მეთაურობდა, იგი ბრიუსელში გაემგზავრა ნატოელ კოლეგებთან შესახვედრად. „როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, იქაური სამართალდამცველები შემომეხვივნენ, იარაღი მომიშვირეს და მიბრძანეს, მიწაზე დავწოლილიყავი, ხელბორკილები დამადეს და დამაპატიმრეს. მოვახერხე და ტელეფონით უკრაინის ელჩს დავურეკე, რომელიც გათავისუფლებაში დამეხნარა“, - იხსენებს ვალერი ზალუჟნი. ციხეში გატარებულმა რამდენიმე საათმა მას ბევრი რამეზე თვალის აუხილა - თუ როგორაა მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო.

საქმე შემდეგში იყო: რუსეთის ხელისუფლებამ მისი სახელი ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიტანა ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პრაქტიკაა, რის გამოც სხვა უკრაინელი ოფიცრებიც მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილან. ვალერი ზალუჟნი საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რომ მან საკუთარი უფლებები არ იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. „ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი, - იხსენებს გენერალი, - ვიფიქრე, რომ სამხედრო დამნაშავის იარლიყო მომაკრეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო ღრმად მესწავლა“.

ამ ინციდენტის შემდეგ, 2020 წელს ვალერი ზალუჟნიმ სწავლა დაიწყო და სამართლის მაგისტრის დიპლომი მიიღო. მან ახლა კარგად იცის როგორ უნდა შეუთავსოს ერთმანეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გეოპოლიტიკური ფაქტორები, მაგალითად, დასავლელი მოკავშირეების მოქმდება, რომლებთაც რუსული „წითელი ხაზების“ დარღვევისა ეშინიათ და უკრაინას დიდი სიშორის მქონე რაკეტებს და თანამედროვე ავიაციას არ აძლევენ.

ვალერი ზალუჟნის არ ერიდება საუბარს ყირიმის დაბრუნებაზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ზოგიერთი დასავლელი ჩინოვნიკი შეშფოთებულია იმით, რომ თუ უკრაინის არმია დასავლური იარაღით ყირიმს მიწვდება, ვლადიმერ პუტინის რეაქცია მძაფრი იქნება. „როგორც კი შესაბამისი იარაღი მექნება, რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ. მიმიფურთხებია მათთვის, ვინც რაიმეს იტყვის. მე ვერაფერი შემაჩერებს“, - მტკიცედ აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

ის „ფიგურალური ხელბორკილები“, რომლებიც დასავლეთმა უკრაინის არმიას „დაადო“ - არ გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისათვის - სულ უფრო მეტად აიძულებს ვალერი ზალუჟნის იფიქროს საკუთარი ქვეყნის ბედზე, ანუ იმაზე, თუ რა იქნება კონტრშეტევისა და საერთოდ, ომის დასრულების შემდეგ. იგი ფიქრობს იმაზეც, როგორ გააძლიეროს და გადააქციოს ქვეყნა ისეთ სახელმწიფოდ, რომ მასზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ უკრაინამ თვითონ აწარმოოს იარაღი და სხვისგან გაწეული დახმარების იმედზე არ იყოს.

გენერალი ხედავს, რომ დასავლელი პარტნიორები ყველანირად ცდილობენ უკრაინის არმია საარტილერიო ჭურვებით და სხვა მოამარაგონ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ამ მხრივ, თუ კონფლიქტი გაჭიანურდება - იქნება თუ არა უკრაინი უზრუნველყოფილი იარაღით: „ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ და ყველას, ვისთანაც კი საქმე მაქვს“.

გენერალი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა მცირე დროით შვებულებით ისარგებლოს. „მაგრამ ცოლი მეუბნება, „შენ ისეთი ხარ, რომ სამი დღის შემდეგ ისევ მუშაობას დაუბრუნდებიო...“, - ხუმრობს ვალერი ზალუჟნი, - შეიძლება წიგნი დავწერო, ან მოგზაურობა დავიწყო..“. მაგრამ როცა ბრიუსელური ინციდენტი ახსენდება, მოგზაურობის ენთუზიაზმი ქრება. იგი დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ სამუშაო ბევრი ექნება - გამარჯვების მისეული კონცეფცია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არ შემოიფარგლება.

„გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ჩვენ დიდი არმია გვეყოლება - ისეთი, რომელიც დაცვის გარანტიას მისცემს მოსახლეობას... როცა ბავშვები იმ რწმენით გაიზრდებიან, რომ მსგავსი ომი აღარ უნდა მოხდეს“, - განმარტავს ვალერი ზალუჟნი, - ამ მხრივ უდიდესი სამუშაოა შესასრულებელი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2023/07/14/ukraine-military-valery-zaluzhny-russia/

 

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати