USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა. მისი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლები თვლიან, რომ ვიქტორია სპარტცი მოღალატურად მოიქცა“
Date:  241

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა. მისი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლები თვლიან, რომ ვიქტორია სპარტცი მოღალატურად მოიქცა“ (ავტორები - შივონ ო'გრეისი, ანასტასია გალუჩკა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იყო დრო, როცა კიევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მცხოვრებლები, სადაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი გაიზარდა, ცნობილი თანამემამულის სახელით ამაყობდნენ და მას ყოველთვის აქებდნენ: მუდამ სათქმელი ჰქონდათ, თუ როგორ შეძლო შრომისმოყვარე ნაწნავებიანმა გოგონამ წარმატების მიღწევა და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა - პირველი უკრაინული წარმომავლობის მქონე დეპუტატი.

მაგრამ გასულ კვირაში, როცა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის დროს, ვიქტორია სპარტცმა თავისი ხმა უკრაინისათვის გამოყოფილი 61-მილიარდიან დახმარების წინააღმდეგ მისცა, ჩერნიგოველთა სიამაყე აღშფოთებით და ღალატის გრძნობით შეიცვალა. მათი ემოციები იმანაც გაამწვავა, რომ ხმის მიცემა მოხდა იმ დღეს, როცა ჩერნიგოვი რუსებმა დაბომბეს და 18 ადამიანი დაიღუპა.

„ვხედავ, რომ ის უკვე უკრაინელი აღარ არის“, - ამბობს ნატალია ხმელნიცკაია, ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის მასწავლებელი, სადაც ვიქტორია სპარტცი სწავლობდა. მასწავლებლისა და მოსწავლის ოჯახები ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და პედაგოგი საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ იზრდებოდა მომავალი კონგრესვუმენი, - „ჩვენ იმედგაცრუებულნი და აღშფოთებულები ვართ“.

„თავდაპირველად ვამაყობდით ჩვენი თანამემამულის წარმატებით - ვფიქრობდით, რომ მას ჩვენი დახმარება სურს“, - აგრძელებს საუბარს ნატალია ხმელნიცკაია, - „მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მისთვის პოლიტიკა და კარიერა სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დგას".

ისტორიის მასწავლებელი, 65 წლის ვალენტინა რუდენკო სკოლის ბიბლიოთეკრად მუშაობდა და კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვარდა წიგნების კითხვა ვიქტორიას და ამაყობდა, რომ ცოდნისმოყვარული გოგონა აშშ-ის კონგრესის წევრი გახდა, თუმცა ახლა მისმა ნაბიჯმა გაანაწყენა: „როცა ჩვენ გავიგეთ, რომ მან ხმა მისცა ჩვენთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ, იგი ჩვენთვის სულ სხვა ადამიანად იქცა. მან დიდ სიმაღღლეებს მიაღწია ცხოვრებაში, ამერიკის კანონმდებელი გახდა და შეეძლო რეალური გავლენის მოხდენა და ბევრი რა გაეკეთებინა უკრაინისათვის, თავისი ქალაქისა და სკოლისათვის“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-15 სკოლის რვა კურსდამთავრებული დაიღუპა რუსეთთან ომში, ხოლო რუსეთი დაბომბვის შედეგად სკოლა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სხვათა შორის, კაპიტოლიუმის ბორცვზე (აშშ-ის კონგრესში) რესპუბლიკელებიც აღიარებენ, რომ მათი თანაპარტიელი ვიქტორია სპარტცი არაპროგნოზირებულად მოქმედებს. იგი წარმომადგენლების პალატის წევრად 2020 წელს აირჩიეს - როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. გასულ წელს ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ბალოტირებას (არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას) აღარ აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ჩანს, მას არჩევნებში ძლიერ კონკურენტებთან მოუწევს ბრძოლა. 2023 წელს ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებდნენ, რომ ის უფრო მეტად უკრაინაზე ზრუნავს („უკრაინა უპირველეს ყოვლისა!“), ვიდრე ამერიკაზე, რომლის მოქალაქეც არის.

ვიქტორია სპარტცმა განმარტა, თუ რატომ მისცა ხმა უკრაინისათვის დახმარების კანონპროექტის წინააღმდეგ: „მე ვამაყობ ჩემი ეროვნული წარმომავლობით - უკრაინელობით, მაგრამ ჩემთვის შეურაცხმყოფელია და სრულიად არაამერიკულია ის, რომ ვინმემ იფიქროს - თითქოს მე, ამერიკის მოქალაქე, არ ვუერთგულებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მე კონგრესში ამირჩიეს და ჩემს მიმართ იმედს გამოხატავენ, არ ვუერთგულებ ჩემს ოჯახს და შვილებს, აშშ-ის მოქალქეებს, რომლებიც ინდიანას შტატში ცხოვრობენ და ლოიალობას გამოვიჩენ იმ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომელიც 24 წლის დავტოვე“.

ვიქტორია სპარტცი, ქალიშვილობაში - კულგეიკო, 1978 წელს ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა, იქ დადიოდა საბავშვო ბაღში, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად ჩერნიგოვში გადავიდა. მამამისი - ანატოლი - ინჟინერი იყო და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, დიდი დოზით რადიაცია მიიღო და გარდაიცვალა. ვიქტორია სპარტცს საშუალო სკოლა ოქროს მედალით, ხოლო კიევის უნივერსიტეტი „წარჩინების დიპლომით“ აქვს დამთავრებული. 2000 წელს იგი აშშ-ში წავიდა ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე წარმატებით დაასრულა ინდინაპოლისის უნივერსიტეტი, გახდა აშშ-ის მოქლაქე და მუშაობა დაიწყო, მიაღწია ინდიანას შტატის საფინანსო პროკურორის თანამდებობას, შემდეგ კი კონგრესში აირჩიეს. მან ინდიანას შტატში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჯეისონ სპარტცი... ამჟამად ცოლ-ქმარს ორი გოგონა ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ვიქტორია სპარტცის ბიოგრაფია უკრაინისაგან განუყოფელია და მას არაერთხელ ჰქონია შეხება უბედურებაში მყოფ სამშობლოსთან. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, სწრაფად მიუახლოვდა ჩერნიგოვს, რომელიც საზღვრიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული და რომელშიც ვიქტორიას ბებია ცხოვრობდა. ქალაქი დაიბომბა, ბევრი დაიღუპა, მათ შორის, მოგვიანებით ბებიამისიც.

სპარტცი ჩერნიგოვში იმავე ხანს ჩავიდა, როგორც კი რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს და ქალაქის აღება ვერ შეძლეს. მცხოვრებლები თავს სარდაფებს აფარებდნენ, საჭმელს კი ქუჩებში ღია ცეცხლზე ამზადებდნენ. ასობით ადამიანი იყო თავშეფარებული მე-15 სკოლის სარდაფებშიც, სადაც ოდესღავ ვიქტორია სწავლობდა. ამერიკელ კონგრესვუმენს იმ დროს ჩერნიგოვის მერი ალექსანდრე ლომაკო შეხვდა და ძალიან მოეწონა მამაცი ქალის ასეთი ნაბიჯი, თუმცა ახლა გაოცებულია მის მიერ გამოვლენილი უპატივცემლობით სამშობლოს მიმართ: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - ამბობს ლომაკო, - იგი ხომ აქ იყო, თავისი თვალით დაინახა ახლობლებისა და ნათესავების უბედურება“.

ომის დაწყების შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ხშირად აძლევდნენ ვიქტორია სპარტცს სიტყვას, როგორც თვითმხილველს, რომ ობიექტურად გადმოეცა სიტუაცია. კონგრესვუმენი ემოციურად ლაპარაკობდა, მტკიცედ იცავდა თავისი სამშობლოს ინტერესებს, ატარებდა ლურ-ყვითელი ფერების ტანსაცმელს, აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს არასაკმარისად მკაცრი ანტირუსული სანქციებისათვის და აცხადებდა, რომ უკრაინის დახმარების მტკიცე მომხრე იქნებოდა.

კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორია სპარტცმა ხმა მისცა უკრაინის დახმარებას 40 მილიარდი დოლარით და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გვერდით იდგა, როცა იგი ხელს აწერდა კანონს კიევისათვის სამხედრო დახმარების გაფართოებისათვის.

მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორია სპარტცმა კრიტიკა დაუწყო პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც კონგრესში ომის გმირად თვლიდნენ. ვიქტორია მოუწოდებდა ზელენსკის, რომ მას „თავი დაენებებინა თეატრში პოლიტიკოსობანას თამაშისათვის [და კორუფციასთან ებრძოლა]“.  იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის კონგრესმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს გამოყოფილი თანხების ხარჯვა და იარაღის განაწილების სამართლიანობა.

ბუნებრივია, კიევს არ მოსწონდა მისი პრინციპული განცხადებები და ღიზიანდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ პროკოპენკომ ვიქტორია სპარტცს მოსთხოვა, რომ „ნუ ცდილობს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას თავისი სამშობლოს უბედურებით და თანამემამულეთა გაჭირვებით“.

ვიქტორიას უკრაინელ ნათესავებზე კონგრესვუმენის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ უშუალო გავლენა მოახდინა. მამამისის მეგობარი ალექსანდრე სერდიუკი ახლოს იცნობს ვიქტორიას ბავშვობის წლებიდან და ძალიან გაეხარდა, როცა კონგრესის პალატის წევრი სამშობლოში ჩამოვიდა, თუმცა ნეგატიურად აღიქვა მისი მოქმედება უკრაინის დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო. „ჩვენ, რასაკვირველია, კორუფციის დონე ძალიან გვაშფოთებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ამერიკული დახმარება ჩვენთვის აუცილებელია, გადარჩენის მიზნით. ხალხის დაღუპვას ვერანაირი პოლიტიკით ვერ გაამართლებ“.

„პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი მოატყუეს“, - თქვა ვიქტორია სპარტცმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას. თავის წერილში, რომელიც მან „ვაშინგტონ პოსტში“ გააგზავნა, განაცხადა, რომ იზიარებს უკრაინელი ხალხისა და ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლების მდგომარეობას, „რომლებიც ცუდი ხელმძღვანელების შეცდომების გამო ძვირ ფასს იხდიან“.

ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის არქივში ახლაც არის შენახული 1990-იანი წლების მოსწავლეების, მათ შორის ვიქტორიას საკლასო რვეულები. „მე მას ახლა ასე ვეტყოდი: შენს შვილებს ინდიანას შტატში ტკბილად სძინავთ, ჩვენს შვილებს კი განგაშის საყვირებისა და ბომბების ხმაზე შიშით ეღვიძებათ“, ამბობს ნატალია რუდენკო, ისტორიის მასწავლებელი, - რატომ მოიქეცი სამშობლოს წინააღმდეგ, ვინ გაწყენინა ასე ძალიან?“.

ჩერნიგოვში ვიქტორიას სახლთან სკამზე მჯდომარე ორ ქალი „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტთან ლაპარაკს მხოლოდ ანონიმურობის დაცვით დაეთანხმნენ. ერთ-ერთმა, გალინამ (სახელი შეცვლილია) ვიქტორია სპარტცის ნაბიჯი დაიცვა: „მე არა მგონია, რომ მას ცუდის გაკეთება უნდა უკრაინისათვის. იგი პოლიტიკოსია, დონალდ ტრამპის თანამზრახველი, მას ჰყავს თავისი ამომრჩევლები და იძულებულია ასე მოიქცეს. ის არ არის უკრაინის მტერი... უბრალოდ, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მეორე ქალმა კი, ნელიმ, თქვა: „ჩვენ არ ვიცით, თუ რა არჩევანის წინაშე იდგა იგი, რატომ მოიქცა ასე და არა სხვანაირად“.

ნოსოვკაში იმ სახლის კარი, რომელშიც ვიქტორიას ნათესავები ცხოვრობენ, ქალმა გააღო. როგორც კი მან კითხვა მოისმინა - კონგრესვუმენის ნათესავი ბრძანდებით? - განაცხადა: „მე ამ ხალხს ენას ამოვაცლი... მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“ და კარი მოაჯახუნა.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way