USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „უკრაინა თვალს ყურადღებით ადევნებს: პატიმრების გაცვლა მოწმობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს მოლაპარაკება შეუძლიათ“
Date:  686

„პატიმრების გაცვლის ფაქტით დადასტურდა, რომ მოსკოვს და ვაშინგტონს სენსიტიურ საკითხებზე ერთმანეთთან დიალოგი შეუძლიათ. კიევში სერიოზულად განერვიულდნენ - ვაითუ რუსეთმა და დასავლეთმა უკრაინაში ომის დასრულებაზე ისე მოილაპარაკონ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი არ ჰკითხონ, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა თვალს ყურადღებით ადევნებს: პატიმრების გაცვლა მოწმობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს მოლაპარაკება შეუძლიათ“ (ავტორი - დევიდ სტერნი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელ პოლიტიკოსებს რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბურ გაცვლაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, კიევში ზოგიერთები ჩაფიქრდნენ: რას უმზადებს მომხდარი გარიგება უკრაინას რუსეთთან მიმართებით?

ქვეყნის უმაღლეს პირებს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, პატიმრების გაცვლაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ცხრა ქვეყნის ჩინოვნიკების მონაწილეობით მომზადებული და ჩატარებული გაცვლა კიევში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

მართალია, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ვარაუდები, რომ თითქოსდა პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით გაფორმებულ გარიგებს შეუძლია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვიოს, მაგრამ კიევში მაინც შეფიქრიანდნენ, რომ მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებების დაწყება შეუძლიათ. გასულ ხუთშაბათს უკრაინელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ შეახსენებენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისსავე დაპირებას - „არაფერი უკრაინაზე თვითონ უკრაინის თანხმობის გარეშე“.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ამჟამად ისეთი ქვეყანა არ არის, რომ მას გვერდი აუარონ რაიმე მოლაპარაკების დაწყებისას ან თავს მოახვიონ რაიმე არასასურველი პირობა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„უკრაინის გარეშე თქვენ [აშშ] რუსეთთან ვერანაირად ვერ მოილაპარაკებთ“, -  აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში, - ომის ფასი ძალიან მაღალია და თუ ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე უკრაინის გარეშე მოილაპარაკებენ, ასეთი გარიგება ტრაგედია იქნება არამარტო უკრაინელი ხალხისათვის“.

უკრაინელებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყანა მხოლოდ დასავლეთის ფულის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ხარჯზე არსებობს. და თუ ამ სასიცოცხლო არტერიებიდან ერთი მაინც გადაიკეტება, ქვეყანა დიდ უბედურებაში აღმოჩნდება. ამ მიზეზით ცნობამ პატიმართა გაცვლის თაობაზე, რომელსაც წინ მრავალთვიანი საიდუმლო მოლაპარაკება უძღოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, უკრაინელები შეაშფოთა. „გაჩნდა არასასიამოვნო შეგრძნება, რომ მსგავსი ფარული გარიგებები შეიძლება ტენდენციად იქცეს“, - თქვა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და დაამატა, რომ „ყოველგვარი მოლაპარაკება უკრაინის ბედზე უკრაინისავე პოზიციებთან უნდა იყოს შეთანხმებული“.

ისტორია გვასწავლის, რომ კიევს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვს - იყო შემთხვევები, რომ უკრაინას კომპრომისებზე წასვლას აიძულებდნენ. გავიხსენოთ: ცხრა წლის წინათ, როცა რუსეთთან კონფლიქტი ის-ის იყო ღვივდებოდა, საფრანგეთისა და გერმანიის იმდროინდელმა ლიდერებმა ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უბიძგეს, რომ ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებებისათვის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, უკრაინისათვის უკიდურესად წამგებიანი პირობებით. დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი გარანტის სახით კი არ გამოდიოდა, არამედ კონფლიქტის უშუალო მონაწილის სტატუსით, რის შედეგადაც კრემლმა თავისი ინტერესები განახორციელა - კონფლიქტი მცდარი გაგებით წარმოადგინა - როგორც დავა უკრაინასა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის, რომლებიც სინამდვილეში მოსკოვის ბრძანებებს და მითითებებს ასრულებდნენ.

მინსკის შეთანხმებების მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩა, რადგან უკრაინისა და რუსეთის პოზიციები  დოკუმენტის დებულებების მიმართ ერთმანეთს დაშორდნენ.

პატიმრების გაცვლა რომ საერთო სურათში „ჩავწეროთ“ (და რომ გაუმართლებლად არ გაჩნდეს მოლოდინი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით) ავღნიშნავთ, რომ კიევმა და მოსკოვმა მსგავსი გარიგებები თვითონაც ბევრჯერ განახორციელეს - ერთმანეთთან სამხედრო ტყვეები გაცვალეს. თუმცა ასეთ გაცვლებს, როგორც უკრაინელები თვლიან, მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობა აქვს, შეზღუდული სარგებლიანობით და არანაირად არ ამზადებს ნიადაგს სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის.

უკრაინელმა ჩინოვნიკმა, რომელიც, საკითხის დელიკატურობის გამო, ანონიმურობის დაცვით ესაუბრებოდა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს, აღნიშნა, რომ ტყვეთა წარმატებული გაცვლა არ გულისხმობს დიალოგისათვის მზადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ღია რჩება ისეთი სამართლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს შეესაბამება. „ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რუსებთან სამხედრო ტყვეების გაცვლაზე და წარმატებითაც - ათასობით ადამიანმა თავისუფლება მიიღო, მაგრამ ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვიბიძგებს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ“, - ხაზი გაუსვა ჩინოვნიკმა.

სხვა მოსაუბრეების თქმით, როცა პოლიტპატიმრები (ოპოზიციონერები - დასავლეთის აზრით) ნამდვილ დამნაშავეებზე და ჯაშუშებზე (უსამართლოდ დასჯილებზე - რუსეთის აზრით) იცვლებიან, დასავლეთი მოსკოვს დამატებით სტიმულს უქმნის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ცრუ ბრალდებებით კიდევ დააკავონ და გაასამართლონ უდანაშაულო ადამიანები.

„რუსეთი, უკანონოდ დაკავებული უდანაშაულო ადამიანების გაცვლის დროს, თავისთან იბრუნებს ნამდვილ დამნაშავეებს - ჯაშუშებს და პოლიტიკურ მკვლელებს, რომლებიც ისევ მალე დაიწყებენ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას“, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოების რუსი აქტივისტი ელენე გალშკა, - ეს არანაირ „კეთილი ნების“ ჟესტს არ წარმოადგენს, არამედ ისეთი დამნაშავეების გათავისუფლებაა, რომლებიც სახელმწიფო ტერორიზმს ემსახურებიან“.

მართალია, ვლადიმერ პუტინმა პატიმრების გაცვა რუსეთის დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა, მაგრამ უკრაინელების მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს ზეწოლის მოხდენას და უკრაინას ვერ დააძალებს უარი თქვას თავისუფალ, დემოკრატიურ მომავალზე ევროკავშირის შემადგენლობაში.

ზოგიერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა პატიმრების გაცვლაში წარსულში დაბრუნება დაინახა: „იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხდება ცივი ომის დროინდელი მოქმედებების გამეორება, როცა დისიდენტები ჯაშუშებზე იცვლებოდნენ“, - განაცხადა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში ერთ-ერთმა ანონიმმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც იმავდროულად არავითარი შეშფოთება არ გამოუხატავს იმის გამო, რომ შესაძლოა დასავლელი ოფიციალური პირები დათანხმდნენ დათმობებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.

„მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თვით ყველაზე უარეს მომენტებშიც, - თქვა მაღალჩინოსანმა, - და მადლობა ღმერთს, რომ არ წყდება. უფრო უარესი სიტუაცია იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა მოლაპარაკება არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მხარეები, უბრალოდ, ბირთვულ დარტყმებზე გადავიდოდნენ“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/08/02/ukraine-russia-prisoner-swap-war/

 

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way