USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს"
Date:  417

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს", რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ჟურნალისტების ნეგატიური პოზიცია საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. პუბლიკაციაში  გაკრიტიკებულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზეგავლენა უნდა მოახდინოს შექმნილ მდგომარეობაზე - არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფოს სახით არსებობდეს.

გთავაზობთ სტატიას უმნიშვნელო შემოკლებით:

პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან - საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული დაჯგუფება, დაიმუქრა, რომ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს. ეს შესაძლოა საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება იყოს. შეერთებულ შტატებს ქვეყნის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეუძლია.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლისა და ევროპასთან კავშირების გაღრმავების ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის კავშირში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიის წევრია და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ მოახლოებული არჩევნები „ეგზისტენციალური ხასიათისაა“. „არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“, - განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.

როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლის დასაწყისში სცადა გაეტარებინა რეპრესიული „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ეს „რუსული კანონი“ და ლიდერების როლი ახალგაზრდებმა იკისრეს.

საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ის მოითხოვს ნებისმიერ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც იღებს თავისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც ამას აკეთებს საქართველოს 10,000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. კანონი ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ კანონი წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება და რუსეთი მხარს უჭერენ ამ კანონს.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ ქართული ოცნება მოიგებს 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს. „სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა“, - განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კი ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით არის დაპატიმრებული. 

ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.

პრემიერ-მინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ აშკარად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და რომ დროა შეიცვალოს ქართული ოცნების მმართველობა. განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში.

31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ფიანნსური დახმარება საქართველოს მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების“ გამო. საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. ეს არის გონივრული, აწონილ-დაწონილი სანქციები „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ტენდენციების საპასუხოდ. შეერთებულმა შტატებმა უნდა ისარგებლონ არჩევნებამდე დარჩენილი დროით და უნდა გამოვიდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის, ხმების სწორი დათვლის დასაცავად, ასევე იმისთვისაც, რომ არჩევნების შედეგების მიმართ ყველა მხარემ პატივისცემა გამოხატოს.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოისმინონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისაგან და კონგრესისაგან, რომ აშშ არ მოითმენს ერთპარტიული ქართული სახელმწიფოს არსებობას. თუ შეერთებული შტატებს სიტუაციისადმი „კეთილგანწყობილი უგულვებელყოფითი“ დამოკიდებულება ექნება, მაშინ შესაძლოა დემოკრატიის სიკვდილი კიდევ ერთ პოლიტიკურად იმედის მომცემ პოსტსაბჭოთა რეგიონში ვიხილოთ“.

 

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way