USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): „როგორ ჩამოაგდო განხეთქილება უკრაინის ომმა ჩეხებსა და სლოვაკებს შორის“
თარიღი:  528

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ ჩამოაგდო განხეთქილება უკრაინის ომმა ჩეხებსა და სლოვაკებს შორის“ (ავტორი - იშან თხარური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩეხები და სლოვაკები ისევ უპირისპირდებიან ერთმანეთს - ხალხები იმდენად არა, როგორც მათი მთავრობები, მაგრამ მაინც. ბოლო თვეში წინა პლანზე გამოვიდა ჩეხეთის პროუკრაინული მთავრობისა და სლოვაკეთის პრორუსული ხელისუფლების ერთმანეთთან უთანხმოება კიევთან დამოკიდებულების საკითხში.

ერთი მხრივ, ჩეხებმა პირველებმა შეიმუშავეს უკრაინისათვის საბრძოლო მასალებით სწრაფი დახმარების გეგმა (პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივით), რომელიც საარტილერიო ჭურვების შესყიდვას ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მეორე მხრივ, სლოვაკეთის პოპულისტმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ერთი წელი ოპოზიციაში იყო და ქვეყნის ხელისუფლებაში გასულ წელს დაბრუნდა, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევა შეწყვიტა და განაცხადა, რომ „კიევს ერთ ტყვიასაც კი არ გაუგზავნიდა“. გარდა ამისა, მან მრავალჯერ მოუწოდა უკრაინას ტერიტორიული დათმობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

ნაპრალი, რომელიც ოდესღაც ერთიანი ქვეყნის, შემდეგ კი მისი დაშლით წარმოქმნილ ორი ქვეყანას შორის არსებობს, ბოლო დროს უფრო მეტად გაფართოვდა, როცა ჩეხეთმა სლოვაკეთის მთავრობასთან ტრადიციული ერთობლივი სხდომების ჩატარება შეაჩერა. მიზეზი ის იყო, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლენარი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა. რობერტ ფიცოს მიერ თავნებურად გატარებული საგარეო პოლიტიკა ძალიან ჰგავს სლოვაკეთის მეზობლის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის კურსს, რომელსაც რუს ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სლოვაკეთთან გარკვეული უთანხმოება გვაქვს“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ თებერვლის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ, - „მე ამას საიდუმლოდ არ ვთვლი, რადგან დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა გვაქვს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის მიმართ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხში“.

ცივი ომის დასრულებისა და ჩეხოსლოვაკიის ორ სახელმწიფოდ დაშლის შემდეგ ჩეხები და სლოვაკები ერთმანეთთან მაინც ძმურ და თბილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ იმ დროსაც კი, როცა პრაღაში და ბრატისლავაში მთავრობებს შორის გარკვეული უნდობლობა იქმნებოდა ხოლმე, მაგრამ პოზიციათა განხვავებამ უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხში უკვე მოსახლეობაც მოიცვა: „ჩეხ და სლოვაკ ხალხებს შორის ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნებული იყო და უთანხმოება ღიად, პოლიტიკურად არ იყო წარმოჩენილი“, - ამბობს დალიბორ როგაჩი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის - American Enterprise Institute for Public Policy Research-ის მეცნიერ თანამშრომელი.

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თავისი ჩეხი კოლეგის პეტრ ფიალას გადაწყვეტილებას ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ტრადიციული სხდომების შეწყვეტის თაობაზე „ისტორიულად მოძმე ხალხების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჩეხეთი ხელს უწყობს სისხლისღვრის გაგრძელებას უკრაინასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ პეტრ ფიალამ დემონსტრაციულად მიიღო სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერი მიხალ სიმეცკა და მიესალმა მის პოზიციას უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე, რომელიც რობერტ ფიცოსათვის მიუღებელია. „ჩვენ, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, კარგად ვიცით, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ ვისი მსხვერპლი. ასევე კარგად ვიცით, თუ ვის უნდა დავეხმაროთ“, - თქვა პეტრ ფიალამ და „ზოგიერთებში“ რობეტ ფიცო იგულისხმა.

რობერტ ფიცო დარწმუნებულია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას და ამიტომ სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს. იგი ირონიულად უყურებს უკრაინის სუვერენიტეტს და თვლის, რომ კიევი მთლიანად ვაშინგტონზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, რობერტ ფიცოს მხარს უჭერს ჩეხეთის ყოფილი პრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელიც ამჟამინდელ პრემიერის პეტრ ფიალას მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. პოპულისტ ანდრეი ბაბიშის აზრით, რუსეთთან ნორმალური დამოკიდებულება ჩეხეთისათვის აუცილებელია.

„პეტრ ფიალასა და რობერტ ფიცოს შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უკრაინაში მიმდინარე ომს ეგზისტენციალურად თვლის, მეორე კი მას სუფთა საგარეო მოვლენად განიხილავს, რომელიც შეიძლება საკუთარი მიზნების მისაღწევადაც გამოიყენო, ვთქვათ, რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებისათვის. რობერტ ფიცოს ემხრობა ჩეხი ოპოზიციონერი ანდრეი ბაბიშიც“, - ამბობს დალიბორ როგაჩი.

2023 წლის იანვარში ანდრეი ბაბიშმა მარცხი განიცადა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, პეტრ პაველთან მეტოქეობის დროს. სლოვაკეთში კი საპრეზიდენტო კანდიდატი პეტერ პელეგრინია, რობერტ ფიცოს მხარდამჭერი, რომელიც, როგორც ჩანს, 23-24 მარტს დაგეგმილ არჩევნებში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან სლოვაკეთის საშინაო პოლიტიკაში „შეკავება-დაბალანსების“ ინსტრუმენტები აღარ იმოქმედებს. მართალია, ჩეხეთში და სლოვაკეთში პრეზიდენტებს ძირითადად სიმბოლური როლის შესრულება უწევთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ გარკვეული მანევრების შესაძლებლობა და გავლენა საკანონმდებლო პროცესზე.

პეტერ პელეგრინის გამარჯვების შემთხვევაში სლოვაკეთის ხელისუფლების პოლიტიკა ერთხაზოვანი გახდება. დემოკრატია მყიფე რჩება. სამომავლოდ მოსალოდნელია ბრატისლავის დაპირისპირება ბრიუსელთან, ანუ სლოვაკეთი ევროკავშირთან ღია უთანხმოების კურსს დაადგება, მეზობელი უნგრეთის მსგავსად. „ჩეხები შეშფოთებულნი არიან, რადგან სლოვაკეთი არასწორი გზით მიდის“, - განაცხადა ერთ-ერთმა ჩეხმა ჩინოვნიკმა ანონიმურად.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/03/20/czech-republic-slovakia-split-prague-russia-ukraine/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის