USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«The Washington Post» (აშშ): „პუტინისათვის ოქტომბრის თვე იღბლიანი გამოდგა“
дата:  298

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინისათვის ოქტომბრის თვე იღბლიანი გამოდგა“ (ავტორი - ლი ჰოკსთეიდერი, პოლიტიკური მიმომხილველი). უკრაინის კონტრშეტევა ფაქტიურად წარუმატებელი აღმოჩნდა. სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომის გამო აშშ-ის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაერთო. ეს ყველაფერი წყალს პუტინის წისქვილზე ასხამს, - აღნიშნულია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე აშკარად დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მას მტაცებლური ალღო აქვს, რაც თავისი მტრების სუსტი მხარეების მიგნებაში ეხმარება. იგი მუდმივად აკვირდება მოწინააღმდეგეს და ყურადღების გარეშე არ ტოვებს. მისთვის ოქტომბერში ბევრი რამ მოხდა საყურადღებო.

შემოდგომის შუა თვე რუსეთის პრეზიდენტისათვის, ალბათ, საუკეთესო პერიოდია მას შემდეგ, რაც წელიწადნახევრის წინ მან უკრაინასთან ომი (ე.წ. „სპეცოპერაცია“) დაიწყო. თუ ჩვენ  მწკრივში დავალაგებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ცალკეულ მოვლენებს, გარკვეულ ტენდენციას დავინახავთ: კიევს დღეს წაგების აშკარად უფრო მეტი შანსი  აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი უდიდეს რისკებს შეიცავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, რომ არაფერი ვთქვათ თვით უკრაინის მილიონობით მოსახლეობაზე. ამიტომაც დასავლეთმა ამ გარემოებაზე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება.

პირველ ოქტომბერს, როცა მოსკოვის დროით საათის ისრები შუაღამის 12-ს გადასცილდა, აშშ-ის კონგრესმა ხმა მისცა „შატდაუნის ბიუჯეტს“, რომ ქვეყნის მთავრობას მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ბიუჯეტში უკრაინისადმი დახმარება არ გათვალისწინებულა - შესაბამისი პუნქტი (6 მილიარდი დოლარის ოდენობით) ამოიშალა. ეს მოვლენა იმის მანიშნებელი იყო, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს შორის კიევისადმი დახმარების სურვილი შესუსტდა. ჰორიზონტზე საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენების აჩრდილი გამოჩნდა, რაც უკრაინას წინ ელოდებოდა.

ბიუჯეტის მიღებამდე ერთი დღით ადრე კი ვლადიმერ პუტინმა სასიამოვნო ამბავი გაიგო ბრატისლავიდან - სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილმა პოპულისტმა პოლიტიკოსმა რობერტ ფიცომ გაიმარჯვა, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. რობერტ ფიცომ ღიად განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია უკრაინისათვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევისა და ამ მიმართულებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ყოველთვის დაბლოკავს. სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, კარგი პარტნიორი იქნება ევროკავშირის რიგებში მყოფი კიდევ ერთი პოპულისტი ლიდერისათვის, თავისი კოლეგა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანისათვის. მათ, ტანდემში, შეუძლიათ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ კიევისათთვის დახმარების გაწევის პროგრამებისა და პაკეტების რეალიზებას.

რობერტ ფიცოს გამარჯვებიდან ერთი კვირის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ტრაგედია დატრიალდა - „ჰამასელებმა“ ათასხუთასამდე ებრაელი დახოცეს და ამით მთელი მსოფლიოს და, ცხადია, აშშ-ის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაიტანეს. მკაცრმა შურისძიებამ, რასაც ახლა ისრაელი ღაზას სექტორის მიმართ ახორციელებს, ის შედეგი მოიტანა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს ხელში ძლიერი და დამარწმუნებელი არგუმენტი უჭირავს, რომელიც კრემლს შეუძლია დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენოს გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. ეს არგუმენტი ასეთნაირად ჟღერს: რატომ აღშფოთდა დასავლეთი მაშინ, როცა რუსეთმა თავისი „სპეცოპერაცია“ დაიწყო უკრაინაში, მაგრამ ახლა გულგრილობას იჩენს, როცა ისრაელი ღაზას სექტორს ბომბავს?

ამ მოვლენების ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც თითქმის ნახევარი წლის წინ, ივნისში დაიწყო, საბოლოოდ შეფერხდა მას შემდეგ, როცა რუსეთის არმიის გამაგრებული ზღუდეები ვერ გადალახა. ამას ემატება შემოდგომის ცუდი ამინდები (უგზოობა) და ჯარში ახალწვეულების ნაკლებობა. გარდა ამისა, რუსები უკრაინის ქალაქების დაბომბვებს წარმატებით აგრძელებენ. კრემლი მსოფლიოს ახსენებს: მოსკოვი ძველებურად მზად არის ისარგებლოს თავისი უსაზღვრო ადამიანური და ეკონომიკური რესურსებით, დასახული მიზნების მისაღწევად.

ფრონტის ხაზზე ამჟამად შექმნილი პატური სიტუაცია კარგად ჯდება ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაში - გამოფიტოს უკრაინა და ომს დასავლეთზე მეტხანს გაუძლოს.

ვლადიმერ პუტინისათვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენა გახდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევა, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია. ახლახანს პალატამ მართლაც დაბლოკა ჯო ბაიდენის მცდელობა ერთ პაკეტად განხილულიყო უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი, ანუ კიევისათვის ფულისა და იარაღის მიცემის საკითხი ღია რჩება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა და პირდაპირ აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარების გაწევის გარეშე უკრაინა ომში დამარცხდება.

ვლადიმერ პუტინისათვის ოქტომბრის თვის ფინალური საჩუქარი აღმოჩნდა საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვით, სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მარი ლეპენი - ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსი. მართალია, მან თითქოსდა დაგმო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ რეალურად უკრაინის დახმარების წინააღმდეგია. სხვათაშორის, მარი ლეპენის პარტია წლების განმავლობაში სარგებლობდა რუსულ ბანკში აღებული მრავალმილიონიანი კრედიტით, რომელიც მხოლოდ ახლახან დაფარა.

ვლადიმერ პუტინი კარგად ხედავს დასავლეთის ყოყმანს და მის გაღრმავებას ხელს უწყობს. ისტორია გვაჩვენებს, რომ იგი დაუღალავად ცდილობს წინ იაროს თავისი მიზნის - რუსეთის იმპერიის აღირძინების - განსახორციელებლად.

ათი წლის წინ ვლადიმერ პუტინმა ერთ მოვლენას მიაქცია ყურადღება: აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი „წითელი ხაზით“ მონიშნა და აღნიშნა, რომ დამრღვევი მკაცრად დაისჯებოდა, მაგრამ როცა სირიელმა ლიდერმა ბაშარ ასადმა ბარაკ ობამას გაფრთხილება დაარღვია და „წითელ ხაზს“ გადააბიჯა - ქიმიური იარაღი გამოიყენა, თეთრ სახლს არავითარი ქმედითი რეაგირება არ მოუხდენია. ექვსი თვის შემდეგ პუტინმა თავისი ჯარებით ყირიმი გააკონტროლა და მალე ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილი გახდა.

კრემლი ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ როგორ გამოიყვანა ჯო ბაიდენმა 2021 წელს ამერიკის ჯარები ავღანეთიდან, რასაც ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. ექვსი თვის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რასაკვირველია, ოქტომბერში კრემლისათვის არასასიამოვნო ამბებიც მოხდა: პოლონეთში მემარჯვენე მთავრობა, რომელსაც ბრიუსელთან და უკრაინასთან პრობლემები ჰქონდა (და, შესაბამისად, კიევის მიმართ ვარშავის მხარდაჭერა შესუსტებული იყო), არჩევნებში დამარცხდა. ახალი მთავრობა, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლონელი ლიბერალები ჩამოაყალიბებენ, კიევს შეურიგდება და ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინის მიმართ მხარს დაუჭერს.

დასავლეთის დიდი ნაწილი ძველებურად იწონებს ვოლოდიმირ ზელენსკის ძალისხმევას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რაც, ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინისათვის მიუღებელია.

მაგრამ რუსეთის ლიდერი გრძელვადიან თამაშს ეწევა და ცდილობს მცირე ბზარებიც კი იპოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობაში. და ყველაზე დიდი ბზარი, ალბათ, ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემდეგ გაჩნდება, რომელიც არასოდეს არ ყოფილა უკრაინის მეგობარი. თუ მართლაც ასე მოხდება,  ვლადიმერ პუტინისათვის ეს საბოლოო გამარჯვების ტოლფასი იქნება.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2023/11/02/putin-ukraine-october/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати