USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
The Washington Post» (აშშ): „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება
Date:  570

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით ჩქარობს, რომ უკრაინის პოზიციები შეძლებისდაგვარად განამტკიცოს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად მიიღებს და კიევს და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება“ (ავტორები - იასმინ აბუთალიბი, მაიკლ ბირნბაუმი და ელენ ფრენსისი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ჯო ბაიდენმა თავისი ადრინდელი პოზიცია შეცვალა და ნება დართო პენტაგონს უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებია მიაწოდოს, რათა კიევის პოზიციები განამტკიცოს. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად - იმ მიზნით, რომ კიევს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს იმ დროისათვის, როცა რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებას დაწყებს“.

აშშ-ის ბევრი ოფიციალური პირი აღიარებს იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს ომის შეწყვეტის თაობაზე და რომ კიევი, ალბათ, იძულებული გახდება ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილოს.

ჯო ბაიდენის სწრაფვამ - რაც შეიძლება მეტად გაუწიოს დახმარება უკრაინას თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ - განაახლა ის დისკუსიები, რომლებიც გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ წრეებში მიმდინარეობდა: „რატომ არ გაეწია კიევს დახმარება უფრო ადრე, როცა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო და როცა უკრაინას მეტ წარმატებას მოუტანდა?“

როგორც აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, პოზიციის ცვლილება „დიდი ხანია მომწიფებულია“ და რომ ბაიდენს შეეძლო თანამედროვე ძლიერი იარაღი უკრაინისათვის თავის დროზე მიეცა, რათა რუსეთი არ გათამამებულიყო: „კრემლმა თავის დაუსჯელად იგრძნო... რუსებმა კარგად იციან, რომ ჩვენ, დასავლელებს, ესკალაცია არ გვსურს და ამიტომ ისინი სიტუაციით სარგებლობენ - დარტყმებს აგრძელებენ და აღმაშფოთებლად იქცევიან“.

თეთრი სახლის ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ბრძოლის ველზე შეცვლილი პირობებით და რომ სინამდვილეში პრეზიდენტმა უკრაინას უამრავი იარაღი მიაწოდა - ხშირად კიევის ლობირების გარეშეც.

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ კიევისათვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ თვალნათლივ აჩვენა ის, თუ რამდენად მწვავედ აფასებს და გადაუდებლად თვლის შექმნილ სიტუაციას თეთრი სახლი.

ომის განმავლობაში ჯო ბაიდენი შიშით ფიქრობდა, რომ თუ ამერიკა უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოვებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინი სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა  და ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ან ქიმიურს და ბიოლოგიურს. ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.

„უეჭველია, ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც უკრაინისათვის ჯერ შორი მოქმედების რაკეტების ATACMS-ებისა და ავიაგამანადგურებელ F-16-ების გადაცემას, შემდეგ კი ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლების მიცემას ეხებოდა, ჯო ბაიდენი მარტო იყო. მას არ სურდა ომის ესკალაცია გამოეწვია. მისი ხედვა ცივი ომის დროიდან იყო ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, ერთადერთი, რაც არ უნდა მოხდეს, ესაა აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია“, - ამბობს ივო დაალდერი აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.

მაგრამ ჯო ბაიდენის შიშების მიზეზი იყო ამერიკული სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტისთვის მიწოდებული ცნობები. როგორც თეთრი სახლის ანონიმი თანამშრომლები ამბობენ, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ თუ უკრაინა ამერიკულ ძლიერ რაკეტებს გამოიყენებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინიც ადექვატურ პასუხს გასცემდა. საბოლოოდ, ჯო ბაიდენი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ამერიკული რაკეტებით სარგებლობას, როცა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცევის თავმოყრის ამბები გაიგო.

უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნისას ბრიუსელში ვაშინგტონის ცენტრალური გზავნილი ჩაიტანა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მდგომარეობის განსამტკიცებლად, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/11/26/biden-ukraine-missiles-land-mines-negotiations/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way