USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): „ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის წინაშე ვდგავართ: პენტაგონმა და კონგრესმა მუშაობის მეთოდები უნდა შეცვალონ“
თარიღი:  488

„ამერიკას არ შეუძლია დროულად აწარმოოს აუცილებელი რაოდენობის იარაღი. ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, - წერს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი სტატიაში, რომელიც  გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 26 სექტემბრის ნომერშია დაბეჭდილი სათაურით „ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის წინაშე ვდგავართ: პენტაგონმა და კონგრესმა მუშაობის მეთოდები უნდა შეცვალონ“. ავტორი თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2006-2011 წლებში მუშაობდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი - დონალდ ტრამპიც და კამალა ჰარისიც, აგრეთვე კონგრესის წევრი რესპუბლიკელები და დემოკრატები - ტრაბახით ლაპარაკობენ, რომ ამერიკის სამხედრო უპირატესობას უზრუნველყოფენ, ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტრო ბოლო 15 ფინანსური წლიდან მე-14 წელს დაუმტკიცებელი ბიუჯეტით იწყებს. ამ თვეში თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კონგრესს იმ მძიმე შედეგების შესახებ აცნობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს, თუ პენტაგონის დაფინანსების საკითხი არ გადაწყდება. ეს არის კიდევ ერთი მორიგი დადასტურება იმისა, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან ვაშინგტონის პოლიტიკური რიტორიკა აშშ-ის სამხედრო ძლიერების შენარჩუნებაზე და სინამდვილე, რომელიც საკმაოდ დამთრგუნველია.

მე როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციის დროს, აქტიურად გამოვდიოდი დამატებითი რესურსების გამოყოფის მოთხოვნით, რათა არასამხედრო ინსტრუმენტებით გავლენა მომეხდინა დიპლომატიაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, გეოეკონომიკურ სიტუაციაზე და ა.შ. მაგრამ მკაცრი სინამდვილე ისაა, რომ ეს ინსტრუმენტები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ამერიკა ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, როცა მტრები თავს არიდებენ ჩვენთან და ჩვენს მოკავშირეებთან შეიარაღებულ ბრძოლას - მათ იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან.

დთეს თეთრი სახლის, კონგრესისა და თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და მიდგომა ამგვარი უპირატესობის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია. ამჟამად ამერიკა უამრავი საერთაშორისო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას, ყველაზე სერიოზულისა 1945 წლის შემდეგ, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში კატასტროფაში გადაიზარდოს. დღეს ამისათვის ქვეყანა აშკარად მზად არ არის“, - ნათქვამია ორპარტიული კომისიის დასკვნაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა. დიახ, ეს დასკვნა აბსოლუტურ რეალობას წარმოადგენს: 30-წლიანი შვებულების შემდეგ ჩვენ ვდგავართ აგრესიული რუსეთისა და ჩინეთის ტანდემის წინაშე (მათ მხარს უჭერენ ჩრდილოეთი კორესა და ირანი) სრულიად მოსალოდნელი პერსპექტივით - ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის შესაძლო დაწყების თაობაზე.

მაგრამ ჩვენი სახმელეთო ჯარები მცირდება, ჩვენს სამხედრო-საზღვაო ფლოტში ხომალდების ჩამოწერა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მათი მშენებლობა, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალებში სრული მოდუნებაა გაბატონებული - საბრძოლო მოქმედების უნარი ავიაპარკის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი.

მრავალწლიანი უყურადღებობის გამო ჩვენმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დაკარგა შეიარაღების მნიშვნელოვანი სისტემების გამოშვების უნარი - საჭირო რაოდენობით და თანადროულად. როგორც რუსეთ-უკრაინის ომმა გვაჩვენა, ვაშინგტონს არ შეუძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა ჩვეულებრივი შეიარაღებითაც კი ისეთ კონფლიქტში, რომელიც დიდი ქვეყნების კონფლიქტშია აუცილებელი. ამის მიუხედავად, ვაშინგტონში ყველაფერი ძველი ტემპითა და მეთოდებით ხორციელდება. აუცილებელია კარდინალური ცვლილებები, რომ როტორიკიდან პრაქტიკულ სამუშაოზე გადავიდეთ, გრძელვადიანი სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად.

არსებობს სამი უწყება, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ რთული მდგომარეობის შექმნის გამო.

უპირველესად, ესაა თეთრი სახლი: ის, ვინც ნოემბერში პრეზიდენტად იქნება არჩეული, მან უნდა უხელმძღვანელოს ამერიკელი ხალხის ინფორმირებას არსებული გლობალური საფრთხეებისა და ახალ გამოწვევათა გაჩენის თაობაზე. ახალი პრეზიდენტი ვალდებულია ისეთი ბიუჯეტი წარმოადგინოს არმიისათვის, რომელიც აღნიშნული საფრთხეებისადმი გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ბიუჯეტის შენარჩუნება ინფლაციის დონეზე სრულიად არასაკმარისია. სასწრაფოდ არის აუცილებელი დამატებითი  ფინანსური „სისხლის გადასხმა“ თავდაცვისათვის. ახალმა პრეზიდენტმა ეს რესურსები უნდა მოიძიოს და საფრთხეებს უნდა ებრძოლოს.

მეორე უწყება - ეს თვითონ თავდაცვის სამინისტროა, პენტაგონი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა (მაგალითად, შეიქმნა კოსმოსური ჯარები - United States Space Force, ასევე Replicator-ის ტიპის დრონები და ა.შ.), მაგრამ როგორც ზემოთ ხსენებულმა კომისიამ აღნიშნა დასკვნაში, „ასეთი მაგალითები უფრო გამონაკლის მიღწევებს წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური მოქმედების პროდუქტს“.

პენტაგონმა უნდა დააჩქაროს და გააღრმავოს მუშაობის მეთოდების ცვლილება. სამხედრო უწყებამ უნდა აჩვენოს, რომ მას აქვს უნარი ეფექტურად და გონივრულად დახარჯოს გამოყოფილი უზარმაზარი თანხები. 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა ან შეზღუდა დაახლოებით 30-მდე პროგრამა, რომლებიც ძველ და არარეალისტურ ტექნოლოგიებზე იყო დამყარებული. ისინი თუ განხორციელდებოდნენ, რეალიზება ჩვენს გადასახადის გადამხდელს დამატებით 330 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა. 2010 წელს ჩვენ დავადგინეთ არასაჭირო ხარჯების თანხა 180 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის შემცირება ისე მოვახერხეთ, რომ არაფერი არ დაზარალებულა. მთავარია, რომ პენტაგონმა შინაგანი დისციპლინა უზრუნველყოს, თუ მას დამატებითი რესურსების მიღება სურს დღევანდელი და სამომავლო ამოცანების გადასაჭრელად. აუცილებელია ახლებური აზროვნება, მუშაობის სტილისა და მეთოდების გარდაქმნა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად. ეს უნდა განხორციელდეს სწრაფად და გაბედულად.

მესამე პრობლემურ უწყებას კონგრესი - საკანონმდებლო ორგანო წარმოადგენს. საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ბოლო 10-12 წლის განმავლობაში კონგრესმა პენტაგონს ბიუჯეტი რამდენჯერმე შეუმცირა (მაგალითად, 2011 წლის კანონით „ბიუჯეტის კონტროლის შესახებ“). კანონმდებლები ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან სამხედრო ბიუჯეტის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები უფრო მეტ ყურადღებას წვრილმანებს უთმობენ, რითაც სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების რეალიზება ყოვნდება. მათ თავი უნდა დაანებონ და უარი თქვან ზედმეტ მეურვეობაზე, ზედამხედველობაზე და კონტროლზე. პირდაპირ ვიტყვი: კონგრესი სამხედრო ინოვაციების, მოდერნიზაციისა და ოპერატიულობის საკითხებში სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი ამერიკის სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებას გვპირდებიან. დაპირება გასაგებია, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად იბრძოლებს ან ერთი და ან მეორე სამხედრო ბიუჯეტისათვის, როცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაჯდებიან. ეს აუცილებელია სამომავლო უპრეცედენტო მუქარა-საფრთხეების გასანეიტრალებლად.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2024/09/24/robert-gates-peril-china-russia-pentagon-congress-defense/

 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.