USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«The Washington Post» (აშშ): „ამერიკა გაგებით ეკიდება ჩინეთის როლს უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით“
дата:  

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Posts) გამოქვეყნებულია გავლენიანი პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით „ამერიკა გაგებით ეკიდება ჩინეთის როლს უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით“, რომელშიც ავტორი ამერიკელი დიპლომატების თვალსაზრისს გადმოსცემს მოსკოვ-კიევის ომში პეკინის შუამავლობის როლის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, იმის აწონ-დაწონვას ახდენს, რამდენად ღირს ჩინეთთან თანამშრომლობა  უკრაინის ომის მოლაპარაკებით დარეგულირების ძიებაში მას შემდეგ, რაც, ამერიკელი ოფიციალური პირების პროგნოზით, უკრაინის არმია დაგეგმილ კონტრშეტევას წარმატებით განახორციელებს და მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მიაღწევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ვაშინგტონ პოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ღიად ისაუბრა ადმინისტრაციის ხედვაზე  პეკინის როლთან მიმართებით ომის შეწყვეტის პრობლემის მოგვარებაში. მისი კომენტარები გარკვეულწილად ეხმიანება ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ კულუარებში გაკეთებულ კერძო გამონათქვამებს, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ჩინეთის საშუამავლო როლით სარგებლობას.

„მშვიდობის დამყარების ამერიკული გზა“ ასე გამოიყურება: თავდაპირველად უკრაინა კონტრშეტევით უკან იბრუნებს თავისი ტერიტორიის მაქსიმუმს (ენტონი ბლინკენის თქმით, „იგი გრძნობს და დარწმუნებულია, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს“, თუმცა ნათქვამიდან არ ჩანს, აქვს თუ არა მხედველობაში მას ოკუპირებული მიწების სრულად დაბრუნება). ამის შემდეგ უკრაინა რუსეთს მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს, მაგრამ ძალის პოზიციით. მომდევნო ეტაპი - მოლაპარაკების პროცესში  ჩაერთვებიან შუამავალი ქვეყნები, რომლებსაც რუსეთზე გავლენა აქვთ, მათ შორის ჩინეთიც.

როცა მე ენტონი ბლინკენს ჩინეთთან ერთობლივ მუშაობაზე ვკითხე სავარაუდო სტაბილური შედეგის მიღწევასთან დაკავშირებით, მან გასაკვირი გულახდილობით მიპასუხა: „პრინციპში, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ არსებობს ქვეყანა, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად... ჩვენ ამას მივესალმებით და სრულიად შესაძლებელია, რომ ჩინეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, რაც ძალიან სასარგებლო იქნება“.

როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან გეგმაში გარკვეული პოზიტიური მომენტები მართლაც არის: პეკინის წინადადებები მოიცავს „ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას“ და, შესაბამისად, მასში ნაგულისხმევია უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. გარდა ამისა, „ომში გამოყენებული არ უნდა იქნეს ბირთვული იარაღი და მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს სიტუაციის დეესკალაციას ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების მიზნით“.

უკრაინას სურს, რომ ჩინეთმა რუსეთთან ომში საშუამავლო როლი შეასრულოს. გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა, მოგვიანებით კიუკრაინის ლიდერმა თქვა, რომ მათ იმსჯელეს „სამართლიან და მტკიცე მშვიდობაზე“ უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიული დათმობის გარეშე. საუბრის ანგარიშის ჩინურ ვერსიაში ხაზგასმულია, რომ „ყველა მხარემ უნდა ისარგებლოს ყოველი შესაძლებლობით, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას“.

ენტონი ბლინკენის თქმით, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი „პოზიტიურ მომენტს წარმოადგენს - იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია პეკინმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მშვიდობის დამაყარებას ესწრაფვიან, მოუსმინონ არა მარტო აგრესორს, არამედ მის მსხვერპლსაც“.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე ჩინოვნიკმა მითხრა, რუსეთი ჩინეთის ამგვარი საშუამავლო როლით უკმაყოფილოა. მაგრამ მოსკოვისათვის, რომელიც ძალიან არის პეკინზე დამოკიდებული ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით,  იოლი არ არის წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის სურვილს. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები დაინტრიგებულნი არიან ჩინეთის სამშვიდობო ძალისხმევით: მათი ვარაუდებით, თუ ჩინეთი წარმატებას მიაღწევს, შემდგომში, სამომავლოდ რუსეთს შესაძლებლობა არარ ექნება ომი ისევ დაიწყოს. „ასეთ სიტუაციაში სტაბილურობის დაცვის ერთადერთი გარანტის როლის შესრულება ისევ ჩინეთს თუ შეუძლია“, - მითხრა თეთრი სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად იქნება შეთავსებული ამერიკელების პოლიტიკა ჩინეთის ევროპულ პოლიტიკასთან იმ დროს, როცა ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებს პეკინთან მომგებიანი გარიგებების დადებაზე უარის თქმას აიძულებს, მაგრამ როცა თვით ვოლოდიმირ ზელენსკიც კი, რომელიც ამერიკულ და ევროპულ სამხედრო-ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული, სი ძინპინთან კონტაქტებს მიესალმება, მაში შუამავლობიდან ჩინეთის გამორიცხვა არარეალური იქნება.

ყველაზე უკეთესი სტრატეგია, რომლისკენაც, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაცია იხრება, გამოიხატება იმაში, რომ აღიარებული იქნას პეკინის როლი, მაგრამ იმავდროულად ვაშინგტონმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ჩინეთი მასაც [ამერიკას] პასუხისმგებლობით მოეკიდოს, როგორც ძლიერ სახელმწიფოს. მოკლედ, ჩინეთს უკრაინაში შეუძლია საფუძველი ჩაუყარიოს სამართლიან მშვიდობას.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2023/05/03/antony-blinken-ukraine-war-china-xi-mediation/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати