USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«The Washington Post» : „უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობა - მხარეთა ეკვილიბრისტიკა“
თარიღი:  523

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) ბეჭდავს პოლიტიკური მიმომხილველის ადამ ტეილორის სტატიას სათაურით „უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობა - მხარეთა ეკვილიბრისტიკა“, რომელშიც, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის კონტექსტში, გაანალიზებულია ჩინეთის პერსპექტიული სამშვიდობო როლის შესრულების შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომში

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 14 თვის განმავლობაში ტელეფონით პირველად ისაუბრეს (უკრაინული მხარის თხოვნა-ინიციატივით). ორივე მხარემ სატელეფონო საუბარი დიპლომატიურ წარმატებად („ტრიუმფად“) შეაფასა. გაშიფრული საუბრის ჩინურ ტექსტში ნათქვამია, რომ „ორივე მხარემ რაციონალური აზროვნება და გონიერება გამოავლინა“, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ „საუბარი დიდხანს გაგრძელდა და შინაარსიანი იყო“.

თუმცა ურთიერთთავაზიანობის მიღმა აშკარა დაძაბულობა იმალება. ეს საუბარი ძალიან ჰგავს გეოპოლიტიკურ სიარულს უფსკრულზე გაჭიმულ ბაგირზე, ხოლო თვით უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობა ერთგვარ რთულ ეკვილიბრისტიკას - წინასწორობისა და ბალანსის დაცვას დაემსგავსა.

ჩინეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში და სხვა ქვენებში თავის სპეცწარმომადგენელს გაგზავნის მოლაპარაკების გამართვისა და კრიზისის დასარეგულირებლად. პეკინს იმედი აქვს, რომ ამით თავის რეპუტაციას - როგორც მშვიდობისმყოფელს და დიპლომატიურ მძიმეწონოსანს - განამტკიცებს და მხარეებს საკუთარ თავს შესთავაზებს - დასავლეთის ალტერნატივის სახით. „ცისქვეშეთმა“ 12-პუნქტიანი წინადადება გამოაქვეყნა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და განაცხადა, რომ არ ისარგებლებს სიტუაციით საკუთარი მიზნებისათვის, არ გამოიყენებს ომს ანგარებით და არ ეძებს მასში რაიმე გამორჩენას. ამით პეკინმა ვაშინგტონის წინააღმდეგ ცუდად შენიღბული საყვედური გამოხატა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინი პირობას დებს ნეიტრალიტეტის დაცვაზე ომის მიმართ, პეკინი მაინც უარს ამბობს რუსეთის დაგმობაზე უკრაინაში შეჭრის გამო, რაც აღიზიანებს როგორც კიევს, ასევე დასავლეთის სხვა დედაქალაქებს. უფრო მეტიც - ჩინეთი ნამდვილ მაშველ რგოლად’ იქცა რუსეთის ეკონომიკისათვის - იმიტმ, რომ ყიდულობს რუსულ ნავთობს და გაზს, აგრეთვე ვაჭრობს იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა. რუსეთს და ჩინეთს აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიმართ ერთნაირი გეოპოლიტიკური მტრობა აერთიანებთ.

აშშ-ის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ რუსეთ-ჩინეთის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდებიან. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც ამას წინათ „გაიჟონა’ ღია სივრცეში და სოციალურ ქსელებში, ნათქვამია, რომ ჩინური მხარე დათანხმდა რუსეთისათვის იარაღის მიწოდებაზე, თუმცა პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ აწოდებს.

უკრაინაც ფრთხილად უყურებს ჩინეთის დიპლომატიური შუამავლობის მცდელობას: ერთი მხრივ, თავის სამშვიდობო ინიციატივაში პეკინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაგრამ მეორე მხრივ - იმის გამო, რომ ჩინეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს, კიევი მაინც ყოყმანობს და ბოლომდე არ ენდობა. მაგრამ იმავდროულად ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელ ლიდერები უარს არ ამბობენ პეკინის საშუამავლო სამსახურზე - როგორც ჩანს, კიევი ითვალისწინებს იმას, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას სავაჭრო პარტნიორები დაჭირდება და ამიტომ ხაზს უსვამენ უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობას. ტყუილად კი არ განაცხადა პრეზიდენტმა - „მე ვთვლი, რომ ეს სატელეფონო ზარი ძლიერ ბიძგს მისცემს ორმხრივი კავშირების განვითარებას“.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი საიდუმლო დოკუმენტების „გაჟონვის“ შედეგად, რუსეთის მთავრობას უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის დაფინანსება როგორც მინიმუმი, კიდევ ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად შეუძლია.

ოფიციალურად ჩინეთი ომის მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტური დამკვირვებლის პოზიციით გამოდის. გაეროში „ცისქვეშეთი“ უარს აცხადებს რუსეთის მოქმედების დაგმობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდანვე, თუმცა მოსკოვის მხარეზეც ღიად არ დგება. ბევრ შემთხვევაში, კენჭისყრის დროს, პეკინი თავს იკავებს ხმის მიცემისაგან რუსეთთან დაკავშირებული საკითხების მიმართ (ერთის გარდა, როცა გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასავლეთმა რუსეთის გარიცხვა მოისურვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან, პეკინმა ამ წინადადებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა და მოსკოვის მხარე დაიკავა).

თითქმის მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩინეთმა რუსეთთან ურთიერთობა მოაგვარა და შემდეგ დამოუკიდებელ უკრაინასთანაც დაამყარა დიპლომატიური კავშირები.

2014 წლის შემდეგ პეკინი სკეპტიკურად უყურებდა კიევის ახალ ხელისუფლებას (პეტრო პოროშენკოს მეთაურობით). ჩინური სახელმწიფო მასმედია უკრაინის მთავრობას „დასავლეთის მიერ ფერადი რევოლუციით მოყვანილს“ უწოდებდა. პეკინმა თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისაგან, რომლშიც დაგმობილი იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და თავი იმით იმართლა, რომ ის არ ერევა სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში, თუმცა იმავდროულად... პეკინი  ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2022 წლის 4 თებერვალს, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ პეკინში შეხვედრის დროს და „უსაზღვრო მეგობრობა“ დააფიქსირეს. ბევრმა ეს განცხადება აღიქვა როგორც მინიშნებად, რომ მხარეები ერთობლივ სამხედრო მოქმედებას არ გამორიცხავდნენ. შესაბამისად, ამით ეჭვი იბადება ჩინეთის, როგორც მიუკერძობელი დამკვირვებლის მიმართ.

უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ პეკინის ხედვაში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება და განზრახვები ტაივანის საკითხში. ჩინეთი ტაივანს თავის სუვერენულ ტერიტორიად თვლის. ახლახანს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიემ თავისი განცხადებით, როცა მან ეჭვქვეშ დააყენა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი, მწვავე დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ელჩის ნათქვამი დეზავუირებული იქნა, ეს ფაქტი მაინც აჩვენებს იმას, თუ როგორ უყურებს პეკინი ტაივანის დამოუკიდებლობას.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა, როცა იგი თებერვალში ტელეარხ CBS-ის პროგრამაში „ხალხთან პირისპირ“ გამოდიოდა, განაცხადა, რომ სი ძინპინს სურს ჩინეთის არმია 2027 წლისათვის მზად იყოს ტაივანის დასაპყრობადო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის არმია ტაივანზე იმავე წელსვე შეიჭრება: უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ პეკინი, ალბათ, გაითვალისწინებს რუსული ჯარის [ნეგატიურ]  გამოცდილებას, რომელსაც უკრაინის ელვისებური გაკონტროლება სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

აშშ აკრიტიკებს ჩინეთს უკრაინის კონფლიქტის მიმართ გამოჩენილი მოყოყმანე და არაერთმნიშვნელოვან პოზიციის გამ, მაგრამ თვითონ უკრაინაც საკმაოდ ფრთხილად იქცევა. როცა სი ძინპინი გასულ თვეში მოსკოვში ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტით და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გამართა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩინეთის ლიდერთან საუბრის იმედი გაუჩნდა, მაგრამ სი ძინპინმა იმ დროს მასთან საუბარი საჭიროდ არ ჩათვალა. ამ ფაქტი კიევისათვის საკმაოდ არასასიამოვნო იყო, თუმცა, საბოლოოდ ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი აუხდა - საუბარი, როგორც იქნა, შედგა.

კიევს არ აქვს იმის ილუზიები, რომ ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობა მართლაც უსაზღვრო და მუდმივია. სხვატა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა ხსვებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა პეკინზე გადის. :უკრაინის ომმა საერთაშორისო სტაბილურობას დიდი დარტყმა მიაყენა, - განაცხადა ფრანგმა ლიდერმა ემანუელ მაკრონმა პეკინში სი ძინპინთან შეხვედრის დროს, - თქვენი მჯერა და მაქვს იმის იმედი, რომ მხარს დამიჭერთ რუსეთის გონზე მოყვანაში და იმ განზრახვაში, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ“.

აშკარაა, რომ ჩინეთი ბოლო დროს შუამავლის სახით რიგ „მოუგვარებელ“ პრობლემას აგვარებს, პეკინმა უპრეცედენტო სახელი მოიპოვა მტრების ერთმანეთთან შერიგებაში, რაც ახლო აღმოსავლეთშიც გამოავლინა, საუდის არაბეთსა და ირანს შორის. ის, რომ სი ძინპინი უკრაინაში თავის სპეცწარმომადგენლად ლი ჰუეის გზავნის (იგი ჩინეთის ელჩი იყო მოსკოვში) იმას მიანიშნებს, რომ პეკინს იმედი აქვს მორიგ დიპლომატიურ წარმატებას მოიპოვებს.

დიახ, ბევრი ფიქრობს, რომ რადგან ჩინეთს მტკიცე კავშირები აქვს რუსეთთან, რადგან მას აშშ-სთან პრობლემები აქვს და რადგანაც ტაივანის მიმართ ჰეგემონისტური გეგმები ამოძრავებს, პეკინი უკრაინის ომში იდეალური შუამავალი ვერ იქნება. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სხვა ქვეყნები, რომლებისაც შუამავლობის ამბიციები აქვთ, მაგალითად, თურქეთი და ბრაზილია, მათ ისეთი წონა და ძალა არ აქვთ, როგორც ჩინეთს. ისინი ვერ შეძლებენ რუსეთზე ისეთი ძლიერი გავლენა მოახდინონ, როგორის მოხდენა ჩინეთს შეუძლია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთის ჩინეთისათვის უკვე თითქმის „უმცროს პარტნიორად“ არის გადაქცეული, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, უკრაინა ახალი ეკონომიკური პარტნიორების ძებნას დაიწყებს, რომლებიც დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარებიან და ვაჭრობაში გიგანტურ მეზობელს - რუსეთს ჩაანაცვლებენ. ჩინეთი, რომლის ეკონომიკას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია, ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, რომ ვინმემ მასთან [ეკონომიკური და პოლიტიკური] დავა დაიწყოს. თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინის დახმარებას ვერ შეძლებენ, კიევს არჩევანი აღარ რჩება და ის იძულებული გახდება გარისკოს...

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2023/04/27/ukraine-china-zelensky-xi-jinping-call/

 

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის