USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Washington Post» : რუსულ საზოგადოებაში ცვლილება აშკარად შეიმჩნევა - ყველა დარწმუნდა, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ადგილზეა და „სკამზე მყარად ზის“
თარიღი:  308

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსული საზოგადოების თვალსაზრისში ცვლილება აშკარად ჩანს“, რომლის ავტორია მიხეილ ზიგარი - „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე რუსი ჟურნალისტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ოცი თვის წინათ - მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა - რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენელი თვლიდა, რომ რუსეთის აღსასრული ახლოვდებოდა. მათი აზრით, ეკონომიკა კატასტროფულად დაეცემოდა, პოლიტიკური რეჟიმი კრახის ზღვარზე აღმოჩნდებოდა.

დღეს რუსეთში არსებული განწყობა მკვეთრად არის შეცვლილი: მსხვილი ბიზნესმენები, ჩინოვნიკები და რიგითი მოქალაქეები მეუბნებიან, რომ ეკონომიკა სტაბილიზებულია -  დასავლური სანქციების მიუხედავად, რომელთაგან შარშან გამანადგურებელ ეფექტს ელოდნენ.

მოსკოვის რესტორნები კლიენტებისაგან გადატვირთულია: „სარესტორნო ბიზნესი ისზრდება არამარტო მოსკოვში, არამედ მთლიანად რუსეთის მასშტაბით, რასაც შიდა ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს“, - ამბობს ცნობილი რუსი რესტორატორი, - საჭმელების ხარისხიც უკეთესობისაკენ იცვლება. რასაკვირველია, 2022 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში სარესტორნო ბიზნესს პანიკა დაეუფლა, მაგრამ შიშმა სწრაფად გაიარა“.

უძრავ ქონებაზე ფასები მატულობს, ხოლო სამშენებლო დარგი სწრაფად ვითარდება. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ბევრი მსოფლიო ბრენდი რუსეთიდან წავიდა და სავაჭრო ცენტრების ვიტრინები ცარიელი დატოვა, დღეს კი მათი ნიშა რუსი კოლეგების მიერ არის დაკავებული. ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამას წინათ აღიარა, რომ „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე იდგა, მაგრამ ამჟამად ქვეყანამ ცუდი პერიოდი უკან მოიტოვა.

ომამდე რუსი ბიზნესმენები თავიანთ დანაზოგებს დასავლეთში ინახავდნენ. ისინი იქვე ყიდულობდნენ უძრავ ქონებასაც, რომელიც ხშირად მათი ოჯახებისათვის მეორე სახლს წარმოადგენდა. ახლა კი, როგორც ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა მითხრა, დასავლეთის კარი დაიხურა, რასაც შედეგად რუსეთში საინვესტიციო ბუმი მოჰყვა. მაგნატებისათვის ერთადერთი დარჩენილი შესაძლებლობა იმაში გამოიხატება, რომ მათ თავიანთი ფული რუსეთის ეკონომიკაში შიდა ინვესტიციების სახით უნდა დააბანდონ. დრეს მსხვილი სტრატეგიული პროექტები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში რეალიზდება - აღმოსავლეთ ციმბირის მთიანი ალტაიდან დაწყებული, კარელიამდე და ფინეთის საზღვამდე. სექტემბერში ამერიკული სააგენტო Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოლიგარქებმა სამშობლოში 50 მილიარდამდე დოლარი დააბრუნეს. იმ მილიარდერების თქმით, ვისაც მე ვესაუბრე, 50 მილიარდი საკმაოდ მოკრძალებული შეფასებაა, დასავლეთიდან რუსეთში ბევრად მეტი ფული დაბრუნდა.

რუსეთის მრეწველობის ტემპები მატულობს. რასაკვირველია, ამაში მთავარ წამყვან როლს სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ასრულებენ და მოსალოდნელია, რომ მთგან ზოგიერთი მიმდინარე წლის ბოლოს 30%-იან ზრდას აჩვენებს. მოსკოვი აგრძელებს ნავთობისა და გაზის გაყიდვას საზღვარგარეთელ მომხმარებლებთან - არამარტო ჩინეთში და ინდოეთში, არამედ ტრადიციულ ბაზარზე - ბებერ ევროპაშიც. ევროპელი კლიენტებიდან ბევრი რუსულ ენერგომატარებლებს თავიანთი შუამავლების - თურქეთის, აზერბაიჯანის ან ეგვიპტის -  დახმარებით ყიდულობენ. დიახ, დასავლეთმა მართლაც გაწყვიტა რუსეთთან თავისი კავშირების დიდი ნაწილი, მაგრამ მოსკოვის ვაჭრობა დანარჩენ მსოფლიოსთან თანდათან აქტიურდება და ფართოვდება.

შეიძლება ითქვას, რომ ისეთი იზოლაცია, რომელშიც საბჭოთა კავშირი „ცივი ომის“ დროს იყო მოქცეული, ამჟამად არ განმეორებულა. რუსეთს შეუზლია მისთვის აუცილებელი ბევრი საქონელი და ნივთი ჩინეთიდან მიიღოს. ბევრი მოსკოველისათვის ქუჩაში ყველაზე შესამჩნევ ცვლილებად ითვლება ის, რომ დასავლური წარმოების ავტომობილები პრაქტიკულად მთლიანად ჩინურმა მოდელებმა ჩაანაცვლა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გამოქვეყნდა, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 2,3%-ით უნდა დაცემულიყო. 2023 წლის იანვარში ფონდმა შეცვალა თავისი შეფასება და რუსეთის ეკონომიკის 0,3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდს, მიმდინარე წლის განმავლობაში, კიდევ რამდენჯერმე მოუწია პროგნოზის შეცვლა და ბოლოს, 2,2%-იანი ზრდის მაჩვენებლზე შეჩერდა.

დასავლურმა სანქციებმა რუსული ბიზნესის ლიდერებს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ სამშობლოში ეცხოვრათ და ემუშავათ: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი დასავლეთში ცხოვრობდა, კრემლს აკრიტიკებდა და უკრაინას მხარს უჭერდა, ისინი დასავლური სანქციებით მაინც დაისაჯნენ - მაგალითად, ბანკირი ოლეგ ტინკოვი, რომელმაც დაგმო უკრაინაზე თავდასხმა და უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. მაგნატი მიხეილ ფრიდმანი, რომელიც ომის გამო კრემლს აკრიტიკებდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მაინც დააპატიმრა და აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. საბოლოოდ, იგი ლონდონიდან ჯერ ისრაელში წავიდა, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა.

მიხეილ ფრიდმანის დაბრუნება მნიშვნელოვანი სიგნალი გამოდგა რუსული ბიზნეს-ელიტისათვის: ისინი დარწმუნდნენ, რომ დასავლეთი რუს ბიზნესმენში მხოლოდ მტერს ხედავს. ეს ნიშნავს, რომ თავის გადარჩენის ერთადერთ გზას კრემლთან თანამშრომლობა წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც ვლადიმერ პუტინს, დასავლეთისაგან განსხვავებით, ჯერ-ჯერობით არცერთი ბიზნესმენი არ დაუსჯია - ისინიც კი, ვინც უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდის.

მაგრამ რუსი ბიზნესმენები იმაში, რომ ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს, ყველაზე მეტად სწორედ ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა დაარწმუნა. ისინი მიხვდნენ, რომ დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი უკრაინას თანდათან შორდება. იმავდროულად კი ვლაიმერ პუტინი გლობალური სამხრეთის თვალში თავის პოზიციებს იმყარებს. მისი განცხადებები, რომ ღაზას კრიზისში დამნაშავე ამერიკის შეერთებული შტატებია, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეთანხმება.

რაც შეეხება კონკრეტულად „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობას: რუსეთის ხელისუფლებას აქვს ცოცხალი ძალის რეზერვი, ადამიანური რესურსები - განსაკუთრებით ღარიბ რეგიონებში, სადაც ჯარში სამსახურის მსურველებს ისეთ კონტრაქტს უფორმებენ, რომლის მიხედვით, მისი ხელფასი ჩვეულებრივზე ათჯერ მეტია. ვლადიმერ პუტინს ხაზინაში ჯერ კიდევ ბევრი ფული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერსპექტივაში კრემლს რუსეთის არმიის რეზერვი, „საზარბაზნე ხორცის“ სახით, გარანტირებული აქვს.

რუსული ელიტა კარგად აცნობიერებს იმას, რომ პუტინის რეჟიმს საკმაოდ ბევრი სისუსტეები აქვს. მაგალითად, რუსეთს დღემდე არ შეუძლია მისთვის საჭირო ზოგიერთი სახის პროდუქციის წარმოება, მეგობრების დახმარებით მათი მიღება კი ძალიან რთულია. როგორც ერთ-ერთმა ბიზნემენმა მითხრა, რუსულ ავიაკომპანიებს საქმიანობის შეჩერება და დახურვა მოუწევთ სამგზავრო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო.

და მაინც, ამის მიუხედავად, ცვლილება რუსულ საზოგადოებაში აშკარად შესამჩნევია. ოცი თვის წინ რუსული ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც დასავლეთს ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ დამარცხდებოდა და მას, არასწორი გათვლის გამო, მკაცრი ფასის გადახდა მოუწევდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ელიტის უმრავლესობამ ხელისუფლების მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა. მათი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ყველას აჩვენა, რომ იგი თავის ადგილზეა და „სკამზე მყარად ზის“.

წყარო:https://www.washingtonpost.com/opinions/2023/11/28/putin-russia-sanctions-economy-oil/

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის