USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
«The Washington Post» : „დასავლეთი იმედოვნებდა, რომ ლუის ლულა მისი პარტნიორი გახდებოდა, მაგრამ ბრაზილიის ლიდერს თავისი გეგმები აქვს“
თარიღი:  555

„ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რისკზე მიდის - თავისი პოლიტიკური კურსით იგი დასავლეთთან ურთიერთობას იფუჭებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დასავლეთი იმედოვნებდა, რომ ლუის ლულა მისი პარტნიორი გახდებოდა, მაგრამ ბრაზილიის ლიდერს თავისი გეგმები აქვს“ (ავტორები - მორია ბალინჯითი და მეგან თობინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბრაზილიის პრეზიდენტმა მმართველობის დაწყების პირველ თვეებში უარი თქვა მხარი დაეჭირა ჯო ბაიდენისათვის რუსეთის მოქმედების დაგმობაში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, ლუის ლულა აგრეთვე არ მიუერთდა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, მან ნება დართო ირანის სამხედრო გემებს რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგურში შესვლაზე და თავისი მთავარი მრჩეველი ვენესუელის ლიდერთან ნიკოლას მადუროსთან შესახვედრად გაგზავნა კარაკასში.

იმის ნაცვლად, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში დემოკრატიის პრინციპების გატარებას ხელი შეუწყოს, ლუის ლულა მსოფლიოს მიანიშნებს, რომ მას თავისი საგარეოპოლიტიკური კურსი აქვს, რომელიც სრულიად შეესაბამება პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელს, გამოხატულს მოვლენებისადმი პრაგმატულ მიდგომაში და დიალოგში. ბრაზილიას ნაკლებად აღელვებს, შეესაბამება თუ არა მის მიერ გატარებული პოლიტიკა ამერიკულს და საერთოდ, დასავლურს.

მხოლოდ ერთი მაგალითი: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. თებერვალში ბრაზილიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელშიც გამოხატულია მშვიდობის დაცვის აუცილებლობა და მოწოდება რუსეთისადმი, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ეს პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ლუის ლულამ უარი განაცხადა ხელი მოეწერა ჯო ბაიდენის ინიციატივით ჩატარებული „დემოკრატიის სამიტის“ დასკვნით დეკლარაციაზე, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მოქმედება უკრაინაში. როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა აღნიშნა, ლუის ლულა „დემოკრატიის სამიტს“ არ თვლის ისეთ ფორუმად, რომელზეც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განხილვა-შეფასება უნდა მოხდეს.

ჩინეთი და ბრაზილია სულ უფრო მეტად ახდენენ თავიანთი კავშირების დემონსტრაციას ერთმანეთთან და რუსეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის მქონედ. მიმდინარე კვირის დასაწყისში, სამშაბათს, ჩინეთის ელჩმა ბრაზილიაში ჯუ ცინციომ სახელმწიფო მასმედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბრიკს“-ის (BRICS) ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გლობალური მმართველობის სისტემის ცვლილებაში კატალიზატორების როლს ასრულებენ“.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, BRICS-ის წევრ არცერთ ქვეყანას არ გამოცხადებული სანქციები რუსეთის მიმართ. პრაქტიკულად, ისინი რუსეთს დასავლური სანქციების გამკლავებაში ეხმარებიან - ჩინეთი და ბრაზილია სულ უფრო ზრდიან ვაჭრობის მოცულობას რუსეთთან: პეკინი დიდი რაოდენობით ყიდულობს შედარებით იაფ რუსულ ნავთობს და გაზს, ხოლო ბრაზილია - რუსული წარმოების სასუქებს სოფლის მეურნეობისათვის. სხვათა შორის, სწორედ რუსული სასუქით მოწეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გზავნის ბრაზილია ჩინეთში ექსპორტის სახით.

ლუის ლულას არაერთხელ გამოუხატავს თავისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პასუხისმგებლობა არამარტო რუსეთს, არამედ უკრაინასაც ეკისრება, რომელიც საკუთარ თავს იცავს. მარტში, როცა ბრაზილიის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას ვირტუალურად ესაუბრა, მას მოუწოდა გამხდარიყო მიუმხრობელი ქვეყნების „მშვიდობის კლუბის“ წევრი, რომლის ჩარჩოებში შეიძლებოდა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართულიყო, თუმცა ბრაზილიის ინიციატივას ამერიკის შეერთებულმა შტატები ნეგატიურად შეხვდა.

პეკინში ყოფნისას, 13 მარტს ლუის ლულა სი ძინპინს შეხვდა, რომელიც, როგორც ცნობილია, დასავლური საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ესწრაფვის - იმ წესრიგისა, რომლის ფუძემდებელს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. ბრაზილია მხარს უჭერს ჩინეთს დიპლომატიური შუამავლობის განხორციელებაში და ეხმარება მას ეროვნული ვალუტის - იუანის მნიშვნელობის განმტკიცებაში, დოლართან შედარებით.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2023/04/13/lula-foreign-policy/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის