USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«The Washington Times» (აშშ): „უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს“: უნგრელი მინისტრი თვლის, რომ კიევმა მოსკოვთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს“
თარიღი:  415

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს“: უნგრელი მინისტრი თვლის, რომ კიევმა მოსკოვთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს“ (ავტორები - გაი ტეილორი და ბენ ვოლფგანგი). მასალაში მიმოხილულია უნგრეთის ურთიერთობა აშშ-სთან, ნატოსთან და უკრაინასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიარტოსთან საუბრის საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ მხოლოდ ციფრებით ვიმსჯელებთ, ნატოს სამხედრო ალიანსი დღეს ისე ძლიერია, როგორც არასოდეს. ბოლო ორ წელიწადში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ბლოკს მიუერთდნენ ფინეთი და შვედეთი, თავდაცვის ხარჯებმა მოიმატა, ლიდერები კი ამაყობენ ალიანსის მტკიცე ერთიანობით და მიზანმიმართულობით.

მაგრამ ზედაპირული ლამაზი ფასადის მიღმა, წევრ-სახელმწიფოებს შორის მიმალულია ისეთი ღრმა უთანხმოება საკვანძო საკითხებზე, რომელიც თანდათან ფართოვდება - მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის სამომავლო პერსპექტივაზე.

უთანხმოება ალიანსში უკრაინის გამო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა ერთადერთია ნატოს წევრებს შორის, რომელმაც უარი განაცხადა კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე. ბუდაპეშტს მიაჩნია, რომ იარაღის მიცემა მხოლოდ გააჭიანურებს იმ ომს, რომლის მოგება არცერთ მხარეს არ ძალუძს.

 უნგრეთის კონსერვატიული მთავრობა პრემიერ ვიქტორ ორბანის მეთაურობით განცალკევებით დგას ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის არა მხოლოდ თავისი საშინაო პოლიტიკით, არამედ საგარეო კურსითაც. პეტერ სიარტო დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ საკითხის მიმართ ბუდაპეშტი სიტუაციის ობიექტური, ფრთხილი და საღი შეფასებების დემონტრირებას ახდენს, მაგრამ მოკავშირეები უნგრეთის პოზიციას არ იზიარებენ.

„ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მოპოვებას - იმიტომ, რომ მოსკოვს მეტი რესურსები აქვს, კრემლს ძალების მოკრება, განახლება და შეტევა შეუძლია“, - ამბობს პეტერ სიარტო „ვაშინგტონ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, - მაგრამ იმავდროულად არც რუსეთს არ შეუძლია დასავლეთის წინააღმდეგ გამარჯვება. აქედან გამომდინარე, რადგან არცერთ მხარეს ერთმანეთზე გამარჯვება არ შეუძლიათ, ეს დაპირისპირება მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის დაიწყება დიალოგი - ადრე თუ გვიან? რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“.

„ჩვენ ნატოს ერთადერთი წევრი ვართ, რომელიც უკრაინას იარაღს არ აწვდის - იმიტომ, რომ ვაცნობიერებთ: რაც უფრო მეტი იარაღი ექნება უკრაინას, მით უფრო მეტ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები და მით მეტი ადამიანი დაიღუპება, - განაცადა მინისტრმა, - „მე ვთვლი, რომ ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად უნდა მივმართოთ და არა ომის ესკალაციისაკენ“.

ატლანტიკის ჩვენს, ამერიკულ ნაპირზე უნგრელი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას აქაური კონსერვატორებიც იზიარებენ. აშშ-ში ბევრი რესპუბლიკელი თვლის, რომ უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, მშვიდობის დამყარების მკაფიო გეგმის გარეშე, წინდაუხედავი და საფრთხის მომტანი იქნება.

ორშაბათს სენატში გამართული მოსმენების დროს გლობალური საფრთხეების საკითხებზე ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელებმა უნგრეთის თვალსაზრისი მეტწილად უარყვეს. ასე, მაგალითად, მათ განაცხადეს, რომ მართალია, რუსეთმა ბოლო კვირეების განმავლობაში ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის თავდაცვის გარღვევა მოსკოვს არ შეუძლია.

გასულ კვირას პეტერ სიარტო და ვიქტორ ორბანი აშშ-ში ვიზიტის დროს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდნენ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთს ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა დოალდ ტრამპის ადმინიტრაციასთან 2017-2020 წლებში.

პეტერ სიარტოს თქმით, ოფიციალური შეხვედრები არც მას და არც ვიქტორ ორბანს, არც სავა უნგრელ ჩინოვნიკებს ვიზიტის დროს თეთრი სახლის წარმომადგენლებთან არ ჰქონიათ და არც დაგეგმილი არ ყოფილა. ბუდაპეშტში დაბრუნებისას პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, იგი არცერთ ცენტს არ დახარჯავს უკრაინისათვის. „შესაბამისად, ფულისა და იარაღის გარეშე საბრძოლო მოქმედებები მალე დამთავრდება. ისედაც ჩანს, რომ მარტო თვითონ უკრაინას ფეხზე დგომა არ შეუძლია“.

შიდა უთანხმოება ნატოში

დიდი ხნის პაუზისა და გაჭიანურების შემდეგ, უნგრეთის პარლამენტმა, რომელმაც ნატოს სხვა წევრები საკმაოდ გააბრაზა, გასულ თვეში, როგორც იქნა, საბოლოოდ მოიწონა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრების თაობაზე. ამრიგად, შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი 32-ე წევრი გახდა.  იენს სტოლტენბერგმ, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროში აღმართვის ცერემონიის დროს, ემოციურად განაცხადა: „შვვედეთმა თავისი კანონიერი ადგილი დაიკავა ნატოს მაგიდასთან და წესდების მე-5 პუნქტის მფარველობის ქვეშ მოექცა. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!“.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმს შორის უთანხმოება ჩაქრა. პეტერ სიარტომ განმარტა, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეტს ნატოში იმიტომ არ უშვებდა, რომ უნგრელ კანონმდებლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს შვედების კრიტიკის გამო, თითქოსდა უნგრეთი დემოკრატიის პრინციპებს არღვევს. სხვათა შორის, უნგრეთის მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან ევროკავშირის ხელმძღვანელებიც, რომლებმაც, პროტესტის ნიშნად და უნგრეთის დასასჯელად, ბუდაპეშტისთვის მილიარდობით ევროს დახმარების მიცემაა განგებ დააგვიანეს - დემოკრატიის „სატირელი“ მდგომარეობის, პრესის შეზღუდვისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევის გამო.

უნგრეთ-ნატოს სხვა სადაო საკითხებს შორის პეტერ სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს არ უჭერს ნიდერლანდების მემარჯვენე ცენტრისტული პრემიერის მარკ რიუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. „ეს ის მარკ რიუტეა, რომელმაც 2021 წელს დაიქადნა - „უნგრეთს მუხლებზე დავაჩოქებთო“, როცა ჩვენ „ლგბტ-საზოგადოების“ შესახებ კანონი მივიღეთ... აშკარაა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარკ რიუტეს კანდიდატურას იმის გათვალისწინებით, რომ მან უნგრეთის მიმართ უკიდურესად არაობიექტურობა [და უპატივცემლობა] გამოიჩინა“, - აღნიშნა პეტერ სიარტომ.

უთანხმოების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა აუცილებელი უკრაინის მიღება ალიანსში (და თუ არის, როდის). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კრიტიკული საკითხის ირგვლივ თვალსაზრისები მთელ ევროპაში სხვადასხვაა.

„სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. სამ ბალტიისპირა სახელმწიფოს, ასევე პოლონეთს, რუმინეთს და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების კიდევ რამდენიმე ქვეყანას... ანუ მათ, რომლებიც რუსეთს კარგად იცნობენ და მასთან გეოგრაფიულად მეტ-ნაკლებად ახლოს მდებარეობენ, ძალიან სურთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატოს წევრი“, - ამბობს ჯიმი ტაუნსენდი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროინდელი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, რომელიც ევროპულ პოლიტიკასა და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, - „მათ არ სურთ, რომ უკრაინამ ომი წააგოს - იმიტომ, რომ ფიქრობენ, რუსეთის მომდევნო მსხვერპლი ჩვენ აღმოვჩნდებითო“.

„რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინას ნატოში მიღებამდე ბევრი მუშაობა მოუწევს - კორუფციასთან, მართვის სისტემასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით... პრობლემები ძალიან ბევრია. ამიტომ უკრაინის სწრაფი მიღება ალიანსში მისი ყველა შესაძლებლობებით, ყველა პლუსებით - პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით და მინუსებით - ომთან დაკავშირებული პრობლემებით, ერთი ხელის მოსმით ვერ და არ მოხდება“, - ასკვნის ჯიმი ტაუნსენდი.

წყარო: https://www.washingtontimes.com/news/2024/mar/11/ukraine-cannot-win-this-war-hungarian-minister-pet/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.