USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
«The DaIly Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის გენერლების დაღუპვაში რუსეთის არმიის საბედისწერო ნაკლი მოჩანს“
თარიღი:  406

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The DaIly Telegraph) 14 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატია-კომენტარს სათაურით „პუტინის გენერლების დაღუპვაში რუსეთის არმიის საბედისწერო ნაკლი მოჩანს“ (ავტორი - რიჩარდ კემპი, გადამდგარი პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ომი, როგორც ამბობენ ხოლმე, სისხლიანი ბიზნესია. და მაინც, ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა - 21-ე საუკუნეში რომელიმე ქვეყნის არმია ბრძოლებში 8 გენერალს, ხოლო ზოგიერთი მონაცემით, 15 თუ 16 გენერალს დაკარგავდა, თანაც მხოლოდ სულ რაღაც 16 თვის განმავლობაშიო, ჩემთვის ამის დაჯერება ძალიან ძნელი იქნებოდა. რუსი გენერალ-მაიორის სერგეი გორიაჩევის დაღუპვა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას, უკრაინელების მიერ გაშვებულმა ბრიტანული რაკეტის Storm Shadow-ის აფეთქებამ იმსხვერპლა, სწორედ ასეთ მოვლენას წარმოადგენს. 1945 წლიდან არცერთ დასავლური ქვეყნის არმიას თავისი მაღალჩინოსანი უფროსი ოფიცრების სიკვდილის ასეთი დონე არ განუცდია.

სერგეი გორიაჩევის დაღუპვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის სერიოზულ დარტყმას ნიშნავს, რომელიც მას უკრაინის კონტრშეტევამ მიაყენა. იგი ჩვეულებრივი გენერალი კი არ იყო, არამედ 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსი - უმნიშვნელოვანესი სამხედრო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფართო ფრონტზე წარმოებული ბრძოლების დაგეგმვაზე, კოორდინაციაზე და საომარი ოპერაციების კონტროლზე. მისი სიკვდილი ნიშნავს, რომ 35-ე არმიის ბრძოლისუნარიანობა, პირველ ეტაპზე მაინც, მნიშვნელოვნად დაქვეითდება.

არის ეჭვი, რომ რაკეტის აფეთქებისას უფრო უარესიც მოხდა - გენერალთან ერთად დაიღუპნენ კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, შტაბის ოფიცრები, ანუ მისი გარემოცვა. ყოველი ასეთი ადამიანის ნაკლებობა ფრონტზე მწვავედ იქნება აღქმული. მე პირადად მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსოვს, როცა 1994 წელს დიდ ბრიტანეთში, ვერტმფრენის კატასტროფის დროს, გენშტაბის წარმომადგენელთან ერთად, 24 მაღალი რანგის ოფიცერიც დაიღუპა პოლიციიდან და სამხედრო დაზვერვიდან. მართალია, ეს ავიაკატასტროფა იყო და არა მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგი, მაგრამ მსგავსი დანაკლისი არმიაზე და საერთოდ, სამხედრო სტრუქტურაზე ხანგრძლივ და ღრმა ნეგატიურ გავლენას ახდენს.

უკრაინის ომის დროს რუსი გენერლები იძულებულნი არიან აუცილებლობის გამო ხშირად იყვნენ ფრონტის წინახაზზე. ამას ტავისი მიზეზი აქვს და განპირობებულია იმით, რომ რუსეთის არმიაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ომის წარმოების პრინციპი „ზემოდან ქვემოთ“, რომელიც სარდლობის უკიდურესად მოუქნელ დოქტრინას ეფუძნება და რომელიც იმას ნიშნავს, რომ გენერლები იძულებულები არიან ადგილებზე პირადად უხელმძღვანელონ სამხედრო ოპერაციებს. ასეთი პრინციპი დასავლური არმიებისთვის უცხო და უჩვეულოა.

უკრაინელმა მეთაურებმა ამას წინათ მომიყვნენ, რომ რუსეთის არმიაში, სანამ „ქვემოდან“ (ანუ ბრძოლის ველიდან) „ზემოთ“ (ანუ შტაბში) პატაკს გაგზავნიან და იქიდან შესაბამის ბრძანებას ელოდებიან, ყველაფერი პარალიზებულია. ეს არის პროცესი, რომელიც დიდ, მაგრამ ზედმეტ შრომას და დროს ითხოვს. ზოგჯერ არმია საომარ ოპერაციას აჩერებს და ელოდება, სანამ სარდალი-გენერალი ადგილზე არ მივა. ისევე როგორც გენერლები თავიანთ ჯარისკაცებს ბრძოლაში ერეკებიან, ასევე კრემლი ერეკება თავის გენერლებს ფრონტის წინა ხაზზე გასასვლელად.

რუსებისაგან განსხვავებით, უკრაინელმა სამხედროებმა კარგად აითვისეს ოპერაციების „გუნდური ხელმძღვანელობის“ პრინციპი, რომელიც ბრიტანულ, ამერიკულ და სხვა დასავლურ არმიებშია გამოყენებული. ამ დროს დაბალი რანგის ოფიცრებს (ქვედანაყოფების მეთაურებს) ეძევათ უფლება თავისუფლად, საკუთარი შეხედულებით და უფროსი ოფიცრების კონტროლის გარეშე შეასრულონ ზემოდან მიღებული ინსტრუქციები. ისინი ისე არიან გაწრთვნილები, რომ სწრაფად უნდა შეეწყონ ბრძოლის მუდმივად ცვალებად პირობებს, მათ აქვთ ავტონომიური უფლება იმისთვის, რომ საკუთარი შეხედულებით, ადგილობრივი შეცვლილი ოპერატიული პირობების გათვალისწინებით, შეცვალონ ბრძოლის გეგმა მიზნის უკეთ მისაღწევად, დავალების უკეთ შესასრულებლად,  უფროსობის ჩარევის გარეშე.

რუსების ამ სისუსტით უკრაინამ მშვენივრად ისარგებლა და თანამგზავრული დაკვირვების ფოტოსურათების და დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, კავშირგაბმულობის საშუალებების კონტროლით, რეალურ რეჟიმში დაიწყო რუსი მაღალი რანგის ოფიცრების მიმართ თვალ-ყურის დევნება და მათი ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა, სასიკვდილო დარტყმების მიყენების მიზნით. გასულ წელს რუსეთის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, როცა უკრაინის არმიამ ის ადგილი დაბომბა, სადაც იგი რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა.

ამ მხრივ უკრაინის არმიის უპირატესობა განსაკუტრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა კიევისათვის რაკეტების Storm Shadow-ების მიწოდება დაიწყო, რომლებსაც მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში, შორ დისტანციებზე განლაგებული ობიექტების განადგურება შეუძლია, რაც ადრე უკრაინელებისათვის შეუძლებელი იყო.

რასაკვირველია, რუსეთის არმიის სარდლობის მოუქნელი მოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ამით მოსკოვი დამარცხდება. ბევრი კომენტატორისაგან განსხვავებით, უკრაინელი სამხედროები თავიანთ მოწინააღმდეგეს სერიოზულად და სათანადოდ აფასებენ. კიევში ყოფნისას მე ფრონტიდან დაბრუნებულმა რამდენიმე ოფიცერმა მითხრა, რომ ისინი მრისხანე და ბრძოლებში გამოწრთობილი მტრის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლი მზად არის ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შესწიროს სამხედრო ამოცანის შესრულებას, პოზიციების დაკავების მიზნით. უკრაინელმა მებრძოლებმა სხვებზე უკეთ იციან ისიც, თუ რით გამოიხატება რუსეთის არმიის უპირატესობა - იმით, რომ რუსული ჯარი კარგად არის აღჭურვილი თანამედროვე არტილერიით, რომელზეც ძალიან დიდად არის დამოკიდებული ომში გამარჯვება [და რომელიც, იოსებ სტალინის შეფასებით, „ომის ღმერთს“ წარმოადგენს].

თუმცა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ დავითმა გოლიათი ზუსტად დამიზნებული შურდულით დაამარცხა, იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინის არმიის წერტილობრივი დაბომბვები, ზუსტად განხორციელებული დარტყმები რუსული ჯარის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ობიექტებზე და შტაბებზე (ისევე როგორც სერგეი გორიაჩევის შტაბზე მოხდა), დროთა განმავლობაში სასწორის პინას უკრაინისაკენ გადასწონის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/06/13/putins-generals-are-still-dropping-like-flies/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის