USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
«The Wall Street Journal»: „თეთრი სახლი ფარულად ახდენს ზეწოლას სენატის წევრებზე, რომ მათ ანტირუსული სანქციების კანონპროექტის მკაცრი დებულებები შეარბილონ“
Date:  339

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თეთრი სახლი ფარულად ახდენს ზეწოლას სენატის წევრებზე, რომ  მათ ანტირუსული სანქციების კანონპროექტის მკაცრი დებულებები შეარბილონ“ (ავტორები - ალექსანდრე უორდი  და ლინდსი უაიზი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის საბოლოოდ მიღების პერსპექტივა და კრემლის მიმართ ახალი მკაცრი სანქციების დაწესების ალბათობა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს გარკვეული ზემოქმედება განახორციელოს რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემის მიმართ (სამხრეთ კაროლინადან), რათა მან თავისი კანონპროექტი ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე როგორმე შეარბილოს. თავის მხრივ, თეთრი სახლი - იმის ნაცვლად, რომ რუსეთი დასაჯოს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე უარის გამო, აქტიურ ძალისხმევას მიმართავს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის.

კანონპროექტი, რომელსაც ხმა უკვე 80-მა სენატორმა მისცა, შეიცავს ახალი სანქციური ზეწოლის ზომებს კრემლის რიგი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, აგრეთვე ჯარიმები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთთან ბიზნესს აგრძელებენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლინდსი გრემის მცდელობები მნიშვნელოვნად გააუარესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რომელიც კრიზისიდან გამოდის.

როგორც „უოლ სთრით ჟორნელის“ წყაროები ამბობენ კონგრესიდან, თეთრი სახლის წარმომადგენლები გასულ კვირას ჩუმად ტელეფონით რეკავდნენ ლინდსი გრემის ოფისში ერთი თხოვნით - იქნებ სენატორმა ფორმულირებები ისეთნაირად შეარბილოს, რომ პრეზიდენტს თვითონ ჰქონდეს შესაძლებლობა რომელიმე კონკრეტული „სადამსჯელო ზომა“ შეარჩიოს. თეთრი სახლის თხოვნა ეხებოდა შემდეგ ფორმულირებებს: კანონპროექტში სიტყვა „ვალდებულია“ იქნებ შეიცვალოს სიტყვით „შეუძლია“, რათა წინადადებებს სანქციების დაწესების შესახებ მოთხოვნითი ხასიათი კი არ ჰქონდეს, არამედ მხოლოდ სარეკომენდაციო.

რასაკვირველია, ზოგადად ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს კონგრესის მიერ კანონპროექტის მომზადების პროცესში რაღაც გავლენა მოახდინოს. მიზანი აშკარაა: პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ მას მანევრების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს და რომ მისი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები თავსმოხვეულად არ იქნას აღქმული. მაგრამ კონგრესში სხვანაირად ფიქრობენ: „თუ დოკუმენტში პრეზიდენტის დამავალდებულებელი (ანუ აუცილებლად შესასრულებელი) დებულებები არ იქნება შეტანილი, მაშინ ლინდსი გრემის კანონპროექტი „უკბილო“ გამოვა“, - განმარტავენ კონგრესმენები.

კანონპროექტის თანაავტორმა, სენატორ-დემოკრატმა კონეკტიკუტის შტატიდან რიჩარდ ბლუმენტალმა „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან სატელეფონო ზარები ნამდვილად იყო, თუმცა მან უარი თქვა საუბრის შინაარსზე ელაპარაკა და კომენტარი გაეკეთებინა. „ჩვენ საკუთარი მიზნისაკენ მივდივართ, თეთრი სახლი აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში“, - ხაზი გაუსვა სენატორმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გაზეთის ჟურნალისტის თხოვნაზე, რაიმე კომენტარი გაეკეთებინა შექმნილი სიტუაციისათვის, განაცხადა, რომ „აშშ-ის კონსტიტუცია ამერიკის ლიდერს უფლებას აძლევს დიპლომატიური დიალოგი აწარმოოს უცხოეთის ქვეყნებთან. ამიტომ სანქციების ნებისმიერი პაკეტი პრეზიდენტს მანევრის შესაძლებლობებს უნდა უტოვებდნენ, პრეზიდენტს მოქნილი და ეფექტური დიპლომატიის გატარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საკუტარი შეხედულებით“.

ლინდსი გრემმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს კანონპროექტში მართლაც შეიტანოს ცვლილებები, მათ შორის დაამატოს ფორმულირება, რომელიც ზოგიერთი ქვეყნისათვის, რომლებიც უკრაინას გარკვეულწილად ეხმარებიან, სანქციების დაწესების საკითხში პოზიტიურ გამონაკლისს დაუშვებს, მაგალითად, ევროპელი მოკავშირეებისათვის, რომლებიც, ვთქვათ, არ გადაიხდიან 500%-იან ბაჟს აშშ-დან შეტანილ პროდუქციაზე -მიუხედავად იმისა, იმპორტირებენ თუ არა რუსულ ნავთობს ან გაზს.

ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა დიდი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კონსენსუსის თითქმის ერთადერთ პუნქტს წარმოადგენდა - ორივე პარტია გამოხატავდა სურვილს კიევს დახმარებოდნენ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რამდენ ფინანსებს მოითხოვს. ბევრი ამერიკელი კანონმდებელი გაუყვა კიევისაკენ სარისკო ეკლიან გზას, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისპირადად შეხვედროდა და საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორი ზარალი მიადგა უკრაინას, თუმცა შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ მეომარი ქვეყნის მიმართ რაიმე ოფიციალური ბრძანებულება და სხვა დოკუმენტი არ გამოცემულა.

დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ სინანულს გამოხატავს ომში ათასობით დაღუპულის გამო, მაინც უარს აცხადებს მოსკოვზე ზეწოლისათვის. იმავდროულად მცირდება უკრაინის დახმარების ამერიკული პაკეტებიც.

დემოკრატი-სენატორები, რომლებიც რესპუბლიკელი ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარს უჭერენ, სურთ, რომ დოკუმენტი მკაცრი იყოს, მაგრამ ისინი აცნობიერებენ იმას, რომ ამჟამინდელი სახით, კორექტირების გარეშე, მას არსებობის პერსპექტივა არ აქვს. ვირჯინიელი დემოკრატი სენატორის ტიმ კეინის თქმით, დოკუმენტის ტექსტს წინ არსებითი ცვლილება ელოდება.

„ახალი სანქციების რეალისტური სცენარი მისი სრული შერბილება იქნება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, - მსჯელობს ტიმ კეინი, - „ლინდსი ასეთი საკითხების მიმართ საკმაოდ ხისტ ხასიათს ამჟღავნებს... თუმცა თუ იგი კორექტირებას მხარს დაუჭერს, ჩვენ მას მივემხრობით“.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way