USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში - დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი - მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება“
თარიღი:  187

„სანქციები, რომელიც აშშ-მა რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დააწესა, ძალაში დარჩებიან - იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. დასავლეთის მიზნები არ შეიცვლება: რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკა უნდა დასუსტდეს, სანქციები კი მათი ეკონომიკის ძირის გამომთხრელ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში - დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება“ (ავტორი - რიჩარდ ვანდერფორდი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა სანქციებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, და უპრეცედენტო ზომები მიიღო უამრავი კომპანიისა და კერძო პირების მიმართ. ამ ინსტრუმენტით აქტიური სარგებლობა, რომელიც საზღვარგარეთ აშშ-ის ინტერესების გატარების იოლ საშუალებას წარმოადგენს, დიდი ალბათობით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მუდმივ მიმართულებად დარჩება, ვინც არ უნდა შევიდეს თეთრ სახლში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თუ დემოკრატი კამალა ჰარისი.

ამერიკა უკვე დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობს თავისი ფინანსური უპირატესობით და დოლარის როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსით მთელ მსოფლიოზე ზემოქმედების გასახორციელებლად, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა აშშ-ის მხრიდან მსოფლიოს ქვეყნებისადმი ეკონომიკური ზეწოლის საკითხში „ტექტონიკური ძვრა“ გამოიწვია: ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გაერთიანდნენ ამბიციური გეგმის რეალიზებისათვის - გაანადგურონ რუსეთის ეკონომიკა და რუსული სამხედრო მანქანა.

სანქციების შემოღება აშშ-სათვის ბევრად იოლი არჩევანია - ემბარგოს პირდაპირი ხარჯები არ მოსდევს, ვიდრე საგარეო პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად, სამხედრო დახმარების გაწევას. ვაშინგტონი ეფექტურ უფლებამოსილებას აძლევს ბანკებს და კერძო სექტორის სხვა მონაწილე სუბიექტებს თეთრის სახლის პოლიტიკის გატარებაში. ეს ზომები ორივე პარტიაში მხარადაჭერით სარგებლობს და, ალბათ, ასე გაგრძელდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეფექტურობაზე დღემდე დავა მიდის, აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ შეწყვეტს სანქციების გამოყენების ტრადიციას.

ამერიკული ანალიტიკური დაწესებულების - „უსაფრთხოების ცენტრის“ მონაცემებით, 2023 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების სიაში 1621 ორგანიზაცია და 879 ფიზიკური პირი შეიყვანა, ანუ 2500 ობიექტი მთლიანობაში, 2022 წლის 2275 ობიექტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ისტორიულ მაჩვენებლებს - 2017 წლიდან 2021 წლამდე ამერიკა სანქციების სიაში საშუალოდ მხოლოდ 815 ობიექტს ამატებდა.

სანქციების გამოყენების გაფართოება - ეს მხოლოდ ჯო ბაიდენის ფერნომენს არ წარმოადგენს, მაგრამ აშკარაა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მათმა სარგებლობის სიხშირემ პიკს მიაღწია. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, დონალდ ტრამპის მმართველობის ჩათვლით, სანქციებით სარგებლობის ამპლიტუდა საკმაოდ მდგრადი თანმიმდევრობით გამოირჩეოდა.

კამალა ჰარისის წინასაარჩევნო შტაბმა უარი განაცხადა, რომ „უოლ სთრით ჯორნელის“ რეპორტიორისათვის საგარეო პოლიტიკისა და კერძოდ, სანქციების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციები ეცნობებინა. თუმცა იმ ფაქტის მიხედვით, რომ შტაბში ამას წინათ აშშ-ის ფედერალური ხაზინის ყოფილი თანამშრომელი ბრაიან ნელსონიც ჩართეს (იგი ბოლო დრომდე სანქციების საკითხებს კურირებდა), ექსპერტები ამბობენ, რომ კამალა ჰარისის მიდგომა მინიმუმ სარკისებრი (ანუ არეკლილი სახით) იქნება, მაქსიმუმ კი კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი, ვიდრე ჯო ბაიდენს ჰქონდა.

სხვათა შორის, არც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუხატავს სანქციების პერსპექტივაზე საუბრის სურვილი. ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულების გაგება ამ საკითხზე, მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის მიუხედავად, დღეს საკმაოდ ძნელია: „ტრამპის პოზიციის გამოცნობა რთულია“, - ამბობს ულიამ რეინში, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) მუშაობს, ვაშინგტონში, - „მე ასე ვიტყოდი: მისი მიდგომები მუდმივი და უცვლელი არ არის. იგი ერთი მიდგომიდან მეორეზე გადასვლას არის დაჩვეული“.

პასუხობდა რა კითხვას - შეუძლია თუ არა მას განიხილოს ანტირუსული სანქციების შერბილების საკითხი როგორც გზად სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის - დონალდ ტრამპმა ამას წინათ Bloomberg Businessweek-თვის მიცეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას არ „უყვარს“ ეს ინსტრუმენტი, თუმცა სანქციების მოქმედებას სასარგებლოდ მიიჩნევს ირანის წინააღმდეგ.  

„სანქციებით სარგებლობისადმი მხარდაჭერა ორივე პარტიაში ძლიერია“, - თვლის ჯეფრი ზონენფელდი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2022 წელს კონგრესში მოხსენებით გამოვიდა რუსეთში კაპიტალის დაბანდების წინააღმდეგ, - „უმეტეს შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც მხარს უჭერდა სანქციებს იგივენაირად, როგორც ახლა მას ჯო ბაიდენი აკეთებს“.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მუდმივად წინა პლანზე აყენებს თავის ვითომდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვლადიმერ პუტინთან. მისი ხედვები კრემლის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არამარტო დემოკრატიული პარტიის უმეტესი ლიდერების ხედვებისაგან, არამედ მას ამ მხრივ ოპონენტები ჰყავს საკუთარ პარტიაშიც. შესაბამისად, შეიძლება დონალდ ტრამპი უფრო მეტად იყოს დაინტერესებული სანქციების შესუსტებით, ვიდრე კამალა ჰარისი - თუ საკითხი უკრაინის ომის დასრულებას შეეხება. ასეთი აზრი გამოთქვა ემილი კილკრიზმა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატის ყოფილმა უფროსმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად გეოეკონომიკური კვლევებით არის დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა დაიწყო თავისი პრეზიდენტობის დროს სანქციებით და ანალოგიური ინსტრუმენტებით სარგებლობა ჩინეთის მიმართ. მომდევნო პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სპეკულაციებზეც უკან არ დაიხევს, რომ როგორმე ჩინეთის ამბიციები დააცხროს ტაივანთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მეტად ეხება უშუალოდ დონალდ ტრამპს, რომელიც ჩინეთის მიმართ რბილი პოლიტიკით არ გამოირჩევა. ასევე კამალა ჰარისსაც, რომელიც წარმოშობით ინდოელია (დედის მხრივ) და ინდოეთის მიმართ უფრო მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე ჩინეთთან (პეკინი და ნიუ-დელი ერთმანეთის კონკურენტები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამის, მათ სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემებიც აქვთ ერთმანეთთან).

„და მაინც, აშშ არ წავა ისეთი რადიკალური ზომების მიღებაზე, როგორებიცაა, ვთქვათ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის (ან სხვა ბანკების) წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება, თუ რაიმე აქტიური სამხედრო კონფლიქტი არ დაიწყება“, -  ასკვნის ემილი კილკრიზი The Wall Street Journal-ის რეპორტიორთან საუბარში.

წყარო: https://www.wsj.com/articles/tough-u-s-sanctions-packages-are-here-to-staywhether-its-harris-or-trump-11f884ba?mod=hp_minor_pos11

 

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.