USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“
თარიღი:  243

დონალდ ტრამპის ზოგიერთი თანაშემწე პრეზიდენტს ურჩევს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, - ნათქვამია ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“ (ავტორი - ალენ კალისონი). თეთრი სახლის ადმინისტრაციის ის წევრები, რომლებსაც მოსკოვის მიმართ პრეზიდენტისაგან განსხვავებული თვალსაზრისები აქვთ, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის რიგი მაღალჩინოსანი „არაოფიციალური თანაშემწეები“ პრეზიდენტს ურჩევენ და რეკომენდაციებს აძლევენ, რომ უფრო მეტი სკეპტიკურობით მიუდგეს მოსკოვის განცხადებებს უკრაინასთან ზავის დადებასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით არანაირი გულწრფელი დაინტერესების დემონსტრირებას არ ახდენს საომარი მოქმედებების შეწყვეტის მხრივ.

„არაოფიციალურ თანაშემწეების“ რიცხვში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი, რომლებიც პრეზიდენტს რეკომენდაციებს აძლევენ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის მიმართ და უფრო ხისტი პოლიტიკა განახორციელოს სავარაუდო ტერიტორიული დათმობების საკითხში, რომლის მოთხოვნებს მოსკოვი აყენებს.

მაგრამ დონალდ ტრამპს უფრო მეტად სჯერა თავისი სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის ნათქვამისა, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორი შეხვედრის შემდეგ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს ნამდვილად უნდა მშვიდობის დამყარება.

რუსეთმა უარყო დონალდ ტრამპის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და აყოვნებს მოქმედების დაწყებას, არ სურს  ნაწილობრივ მაინც შეწყვიტოს (შეასუსტოს, შეანელოს) საომარი მოქმედებები. მოსკოვი დროს აჭიანურებს და მაქსიმალურ დათმობებს ითხოვს კიევის მხრიდან ამასობაში კი მისი არმია წინ მიდის, უკრაინის მეტ მიწა-წყალს იკავებს... მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მაქსიმალურ დათმობებს მიათწიოს და სურს ხელში ისეთი კოზირი ჰქონდეს, რომლითაც სამშვიდობო მოლაპარაკების დროს უპირატესობა ექნება.

დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს და ამით გაანეიტრალებს იმ სერიოზულ დაბრკოლებას, რომელიც ხელს უშლის მისი სურვილის -  რუსეთთან აშშ-ის მასშტაბური დაახლოების რეალიზებას. დროდადრო იგი მოუთმენლობას ამჟღავნებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ასრულებს თავის მუქარებს რუსული ნავთობის ექსპორტზე ახალი სანქციების დაწესებაზე.

დონალდ ტრამპის ის მრჩევლებიც კი, რომლებიც მოსკოვის მიმართ უფრო ხისტი მიდგომის მომხრედ გამოდიან, მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიზანს სამწლიანი ომის შეჩერების შესახებ, მაგრამ 13 აპრილს ქალაქ სუმის სარაკეტო დაბომბვამ მათი აღშფოთება გამოიწვია. (კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა სამიზნედ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოიყენა, მოსკოვი კი ხაზს უსვამს, რომ დაბომბა უკრაინის არმიის ქვედანაყოფი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა).

კიტ კელოგი კვირას წერილობითი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმა „ნორმალური ქცევის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება“, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი დაბომბვა „საშინელ“ და „ტრაგიკულ“ ფაქტად შეაფასა.

რაც შეეხება თვითონ დონალდ ტრამპის რეაქციას, მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სარაკეტო დაბომბვის ფაქტს „რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომა“ უწოდა, ხოლო როცა მას კითხვა დაუსვეს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ბრალი დასდო თავის წინამორბედს ჯო ბაიდენს, „რომელსაც ხელი არ შეუშლია ომის დაწყებისათვის“.

მოკლედ, ამ განცხადებებსა და კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვისადმი დამოკიდებულების საკითხში პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის უთანხმოება არსებობს.

როცა ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს (რაც დონალდ ტრამპისათვის საკმაოდ იშვიათია), აშშ-ის პრეზიდენტი ასეთნაირად აცხადებს ხოლმე: რა თქმა უნდა, ომის გაჩაღებაში პუტინიც დამნაშავეა, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეები არიან ჯო ბაიდენიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც.

 თეთრ სახლში იმ საკითხის განხილვის დროს, საჭიროა თუ არა სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ, რომ მოსკოვი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, მარკო რუბიომ და კიტ კელოგმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ნაკლებად ენდოს და სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის დიპლომატიის მიმართ.

დონალდ ტრამპის პოზიციისადმი გარკვეული უთანხმოება ჩანს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-მდივნის ბარიან ჰიუზის განცხადებაშიც, რომელმაც დაგმო რუსეთის მოქმედება და ღრმა თანაგრძნობა გამოხატა ვლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

როგორც ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი ამბობს, სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო ერთმანეთისაგან განსხვავებულ ვარიანტებს ამუშავებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში, რომლებიც გამოყენებული იქნებიან იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

სენატორმა ლინდსი გრემმა და სხვა რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა აპრილის დასაწყისში კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ არ შეასრულეს თეთრი სახლის თხოვნა, რომ ამ კანონის შეტანა არ დაეჩქარებინათ და გადაედოთ. ეს ფაქტიც იმას აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის ლოიალობა კრემლის მიმართ ბევრ რესპუბლიკელს არ მოსწონს.

„დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა. მსგავსი მცდელობები ბევრ მის წინამორბედ ლიდერს ჰქონდათ, თუმც ყველა მათგანი საბოლოოდ იმედგაცრუებულები დარჩნენ“, - ამბობს თომას გრემი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საქმეების ყოფილი დირექტორი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, - „მოსკოვს ყოველთვის სურდა  უკრაინის ტერიტორიის ანექსირება და პრორუსული რეჟიმის დამყარება. კრემლის მიზნები დღესაც არ შეცვლილა“.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ შეძლებს პუტინი და ზელენსკი დაითანხმოს 24 საათში ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით კიტ კელოგმა ეს ვადა 100 დღემდე გააგრძელა, რომელიც 30 აპრილს მთავრდება.

„საკმაოდ მალე, რამდენიმე კვირაში გავიგებთ, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი რუსეთი მშვიდობის მიღწევაზე“, - განაცხადა მარკო რუბიომ ბრიუსელში, - ვიმედოვნებ, რომ კრემლი სერიოზულობას გამოიჩენს. მსოფლიოსათვის ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება, მაგრამ მოგვიწევს ჩვენივე იმედების გადამოწმება“.

წყარო: https://www.wsj.com/politics/policy/aides-push-trump-to-adopt-tougher-approach-with-moscow-a0d20e65?mod=hp_lead_pos4

 

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.