USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«The Wall Street Journal» (აშშ): „გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს“
Date:  434

ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს“ (ავტორები - ალექსანდრე უორდი და აარონ ზიტნერი).

 როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება საგარეო პოლიტიკაში ისეთია, რომ მათ ერთმანეთისაგან უფსკრული აშორებთ. გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელთა 80% უკრაინისათვის ფინანსური დახმარების წინააღმდეგ გამოდის, ხოლო დემოკრატთა 83% - მხარს უჭერს. გამოკითხვით ასევე გამოვლინდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა სუსტი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული ექსპანსიის საკითხში, კანადისა და გრენლანდიის სავარაუდო მიერთებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როგორც The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რესპუბლიკელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად გამოდის უკრაინისათვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ, ისინი ასევე ნეგატიურად არიან განწყობილი თავისუფალი ვაჭრობისა და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ.

გარდა ამისა, რესპუბლიკელი ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა თვითონ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და ამერიკის ხელის შემყურეები არ უნდა იყონ. ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მოკავშირეების მიმართ გადაჭარბებული ზრუნვა და არ უნდა დახარჯოს მათ დასაცავად თავისი საგადასახადო შემოსავლები. გამოკითხული დემოკრატების 83% თვლის, რომ საერთაშორისო ალიანსები (ნატო) ძალის წყაროებს წარმოადგენენ და ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს.

აზრთა სხვადასხვაობა იმის გამო წარმოიქმნა, რომ რესპუბლიკელები წლობით უჭერდნენ მხარს იზოლაციონისტურ შეხედულებებს აშშ-ის როლზე მსოფლიოში, ხოლო დემოკრატები აგრძელებდნენ საერთაშორისო ალიანსებისადმი ერთგულებას.

2019 წელს გლობალური საკითხების ჩიკაგოს საბჭოს გამოკვლევის მიხედვით, რესპუბლიკელ და დემოკრატ პარტიულ ამომრჩევლებს შორის საგარეო პოლიტიკაში განსხვავება 15-პუნქტიანი იყო, ხოლო 2023 წლისათვის სხვაობა 30 პუნქტით გაიზარდა.

ახალი გამოკითხვის შედეგად, დემოკრატთა 83% მხარს უჭერს უკრაინისადმი ფინანსური დახმარების გაწევის გაგრძელებას, ხოლო ამის წინააღმდეგნი გამოდიან რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 79%. 2023-2024 წლების განმავლობაში დემოკრატები აცხდებდნენ, რომ ამერიკამ უკრაინისათვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ხოლო რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ამერიკა გადაჭარბებულად ბევრს აკეთებს კიევისათვის.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიმღები ამომრჩევლების (დემოკრატებისა და რესპუბლიკელების) საერთო რაოდენობიდან 49%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაგრძელებას, წინააღმდეგი გამოვიდა 44%.

რაც შეეხება  დონალდ ტრამპის ტერიტორიულ ამბიციებს კანადისა და გრენლანდიის მიმართ, რაც  პრეზიდენტის ერთ-ერთ ძირითად საგარეოპოლიტიკურ მიზნად ითვლება, გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ორივე პარტიას ტერიტორიული ანექსიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. დემოკრატ ამომრჩეველთა დაახლოებით 62% ანექსიის იდეას ცუდ იდეად თვლის, 25% კი მხარს უჭერს. რესპუბლიკელთა შორის 51%-მა ტერიტორიულ ექსპანსიას კარგი იდეა უწოდა, 28%-მა ცუდი (გამოკითხვა არ ეხებოდა პანამის არხის და ღაზას სექტორის გაკონტროლებას).

მთლიანობაში გამოკითხვის შედეგები პარტიული ლიდერების პოზიციებს დაემთხვა. ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაპარტიელი დემოკრატები მტკიცედ უჭერდნენ მხარს უკრაინის დაცვას, ხშირად აცხადებდნენ, რომ კიევს „იმდენს დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა“. დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვიცე პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ჩათვლით სულ უფრო ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებს უკრაინის მძიმე მდგომარეობის მიმართ და უპირატესობას ანიჭებს შუამავლობას რუსეთთან მიმართებით. „სწორედ დემოკრატები ითვლებიან ინტერნაციონალიზმის იდეების გამტარებლად. ისინი ასევე მხარს უჭერენ აშშ-ის მრავალმხრივობის იდეასაც“, - ამბობს დინა სმელცი, გლობალური საკითხების შემსწავლელი ჩიკაგოს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

ორი პარტიის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციების განსხვავების კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ გამოკითხვის მიხედვით, ნატოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს დემოკრატთა 81%ს, ხოლო რესპუბლიკელებიდან მხოლოდ 31%-ს.

თავისუფალი ვაჭრობის მიმართ რესპუბლიკელების სკეპტიციზმი გამოვლინდა ბაჟების საკითხში. კითხვაზე, კარგია თუ ცუდია აშშ-ის ეკონომიკსათვის საბაჟო გადასახადების გადიდება იმპორტულ პროდუქციაზე, 77%-მა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ კარგია, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო დემოკრატთა 93%-მა დაიჩივლა, რომ მოიმატებს ფასები და სხვა ბევრი ნეგატივი.

ზოგადად, ამერიკელების უმნიშვნელო უმრავლესობა მხარს უჭერს უცხოეთის ქვეყნებისადმი დახმარების შემცირებას (51%). მაგრამ პარტიების მიხედვით სურათი ასეთია: რესპუბლიკელების 92% მხარს უჭერენ, ხოლო დემოკრატთა 85% წინააღმდეგია. საინტერესოა, რომ ეს შედეგი ფიქსირდება „იუესაიდის“ (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს)  პრაქტიკული გაუქმების ფონზე.

გამოკითხვა ჩატარდა 27 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, ტელეფონისა და ელფოსტის მეშვეობით. გამოოიკითხ 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი. დასაშვებმა ცდომილობამ შეადგინა პლუს-მინუს 2,5%.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way