USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Wall Street Journal» : „თუ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას შეწყვეტს, მოკავშირეები შიშობენ, რომ შეიძლება გლობალურად ყველას ავტორიტეტი დაზარალდეს“
თარიღი:  413

„ვაშინგტონში ბოლო დროს გაძლიერებული დავა-კამათი უკრაინისადმი დახმარების საკითხზე კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის შეშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ ამერიკამ შეიძლება უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირება წააგოს, რის შედეგადაც აშშ-ის ავტორიტეტს სერიოზული ზიანი მიადგება გლობალური შედეგებით“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თუ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას შეწყვეტს, მოკავშირეები შიშობენ, რომ შეიძლება გლობალურად ყველას ავტორიტეტი დაზარალდეს“ (ავტორები - დენიელ მაიკლსი, ლინდსი უაიზი და ლოურენს ნორმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის რიტორიკა უკრაინის კონფლიქტის მნიშვნელობას ნეგატიურ ელფერს აძლევს და ჩრდილავს: სულ უფრო მეტი ამერიკელი პოლიტიკოსი, ძირითადად რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპის მეთაურობით, აკრიტიკებს ვაშინგტონის მხარდაჭერას კიევისადმი. ამ საკითხის განხილვა კონგრესში, „შატდაუნთან“ დაკავშირებით, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

პოლიტიკოსთა დავა-უთანხმოება და იმის ვარაუდი, რომ შეიძლება ვაშინგტონმა უარი განაცხადოს თავის წამყვან როლზე, აშშ-ის მოკავშირეებს შორის შეშფოთებას იწვევს. ბევრი მათგანი თვლის, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხრიდან დახმარების გაწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური უსაფრთხოებისათვის.

ევროპელი ჩინოვნიკების მტკიცებით, თუ დასავლელ მოკავშირეთა შორის განხეთქილება მოხდება, ასეთი ფაქტი მოსკოვისათვის სასიხარულო და იმედის მიმცემი იქნება. „ჩვენ იმდენი რამ ჩავდეთ უკრაინის ომში, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უკრაინას უნდა გავამარჯვებინოთ“, - ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს  ლანდსბერგისი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ტემპი მეტ-ნაკლებად სტაბილური რჩება, კიევი და ევროპის ქვეყნები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მიმდინარე ტენდენციებს. „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელ ამომრჩევლებში სულ უფრო ძლიერდება თვალსაზრისი, რომ ამერიკა უკრაინას გადაჭარბებულად ეხმარება. თუ ეს აზრი აპრილში გამოკითხულთა 56%-ს ჰქონდა, სექტემბერში მათი რიცხვი 62%-მდე გაიზარდა. უფრო მეტიც, ამას წინათ აშშ-ის კონგრესის პროუკრაინულმა ფრთამ სერიოზული წარუმატებლობა განიცადა: „შატდაუნის“ თავიდან აცილების მიზნით მიღებული დაფინანსების კანონი 45 დღის განმავლობაში უკრაინის მიმართ, ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისათვის რაიმე დახმარების გაწევას არ ითვალისწინებს.

სენატის ლიდერები - დემოკრატი ჩაკ შუმერი დ რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელი დაბეჯითებით მოითხოვდნენ დროებითი დაფინანსების კანონში უკრაინისათვის 6 მილიარდი დოლარის გათვალისწინებას, მაგრამ ისინი საბოლოოდ ბედს შეურიგდნენ - წარმომადგენელთა პალატამ ხმების უმრავლესობით მხარი კანონპროექტის იმ ვერსიას დაუჭირა, რომელშიც კიევისათვის დახმარება გათვალისწინებული არ არის. ეს ფაქტი იმას აჩვენებს, რომ კონგრესში უკრაინის დახამრების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობაზე დამკვირვებლების აზრით, ვაშინგტონი, რომელიც უკრაინისათვის უდიდეს სახსრებს ხარჯავს, თუ ახლა სისუსტეს გამოიჩენს და კიევს განუდგება, აშშ-ის ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში დაზარალდება და ამას გლობალური ნეგატიური შედეგები ექნება.

ბოლო წლებში აშშ-სადმი ნდობა მოკავშირეებს შორის საკმაოდ შეირყა, თუ როგორ ასრულებს თეთრი სახლი თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. ასეთი ეჭვების გაჩენის მიზეზი გახდა მუქარები ნატოდან გასვლის თაობაზე (დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში), ამერიკის არმიის ქაოსური გამოსვლა ავღანეთიდან (ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს) და სხვა მკვეთრი ცვლილებებეი საგარეო პოლიტიკაში

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კიევისათვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა, გაურკვევლობა მაინც რჩება. მოკავშირეები შიშობენ, დღეს უკრაინის არმიას 100 მილიარდი დოლარიც არ ეყოფა ბრძოლის ველზე სიტუაციის შესაცვლელად.

კიევს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმაც გაუწიეს ფართო სამხედრო და ფინანსური დახმარება, მაგრამ ამერიკულთან შედარებით, მათი არსენალი ბევრად მცირეა და ისინი ვერ შეძლებენ ის სიცარიელე შეავსონ, რომელიც აშშ-ის მიერ დახმარების შემცირების (ან უარის თქმის) შემთხვევაში გაჩნდება.

უკრაინის მოკავშირეთა ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად აიღებდა საკუთარ თავზე კიევისათვის მთავარი მხარდამჭრის როლს და ამომრჩევლებში აქტიურად გაუწევდა პიარს უკრაინის კონფლიქტს როგორც „ყველა დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნების ომს ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ“, მაგრამ ჯერ-ჯერობით თეთრი სახლის მეთაური ამ ნაბიჯისაგან თავს იკავებს.

ამასობაში კი ზოგიერთი დასავლელი ქვეყანა უკვე ხედავს იმის გლობალურ სიმპტომებს, რომ ვაშინგტონი კარგავს სხვა სახელმწიფოების დარწმუნების უნარს, რათა ისინი აშშ-ის მხარეზე დადგნენ. „სამწუხაროდ, არასტაბილურობის ამჟამინდელი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება, იმას აჩვენებს, რომ ზოგიერთებისათვის  ჩვენი მოქმედება შეიძლება არასაკმარისად დამარწმუნებლად გამოიყურება“, - ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი და იმოწმებს „გამოცოცხლებულ“ კონფლიქტებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ კავკასიაში და დასავლეთ ბალკანეთში.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ტრადიციული მოკავშირები, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩათვლით, ბოლო წლებში საკმაოდ სკეპტიკურად აღიქვამენ აშშ-ის მზადყოფნას მათი ინტრესების დასაცავად.. სწორედ ამ სკეპტიციზმის გამო მათ გადაწყვიტეს უფრო გააფართოვონ კავშირები მოსკოვთან და პეკინთან. ამერიკის გავლენის კიდევ უფრო დასუსტება საბოლოო ჯამში იმ სააერთაშორისო წესრიგს დაარღვევს, რომლის შექმნაზეც ამერიკის ხელისუფლებას წლები დაჭირდა და უდიდესი პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა

ჯო ბაიდენი ნატოს აქებს, ენტონი ბლინკენი კი ევროკავშირს ამერიკისათვის „პირველი ინსტანციის პარტნიორს“ უწოდებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, მაგრამ იმავდროულად ამერიკას იმედი უცრუვდება, რომ ალიანსის პარტნიორები თავდაცვის ხარჯებს არ ზრდიან.

თავს მხრივ, ევროპელებიც ეჭვს გამოხატავენ აშშ-ის ერთგულების მიმართ ეკონომიკურ თანამშრომლობაში, განსაკუთრებით იმ კანონის მიღების შემდეგ, რომელიც ინფლაციის სესამცირებლადაა გამიზნული: ევროკავშირში ბევრი თვლის, რომ ეს კანონი აშშ-ის ეკონომიკის სუბსიდირებას ნიშნავს მათ ხარჯზე.

წყარო: https://www.wsj.com/politics/policy/in-u-s-fights-over-ukraine-aid-allies-fear-deeper-global-harm-d54ea330?mod=hp_lead_pos8

 

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის