USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Wall Street Journal» : „პუტინი რუსეთის რესურსებს მთლიანად იყენებს უკრაინაზე გამარჯვებისათვის. შეუძლია თუ არა დასავლეთს კრემლს გაუმკლავდეს?“
дата:  388

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „პუტინი რუსეთის რესურსებს მთლიანად იყენებს უკრაინაზე გამარჯვებისათვის. შეუძლია თუ არა დასავლეთს კრემლს გაუმკლავდეს?“ (ავტორი - მარკუს უოლკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იმ დროს, როცა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის დაწყებიდან უკვე მეორე წელი იწურება, მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტებზე უპირატესობას ინარჩუნებს: რუსეთს უფრო მეტი ადამიანური რესურსები აქვს, ვიდრე უკრაინას (კიევს პრობლემები გაუჩნდა დანაკარგების შევსებაში, არ ჰყოფნის  კარგად გაწრთვნილი ჯარისკაცები), პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სწრაფად მოახდინა რუსეთის ეკონომიკის მილიტარიზება (ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი იარაღის წარმოებისათვის იხარჯება). ამასობაში კი აშშ-ში და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები (ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურება, უკრაინისადმი სოლიდარობის შესუსტება) კიევს იარაღისა და ფულის მიწოდების შემცირებასა და შეწყვეტას უქადის.

დასავლეთში არსებული განხეთქილება და რუსეთის მზარდი მზადყოფნა - რაც შეიძლება მეტი ადამიანური და სამრეწველო რესურსების მოახმაროს უკრაინასთან ომს - იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელი უკრაინისათვის მძიმე იქნება. კიევის კონტრშეტევა ჩაიშალა და უკრაინა ახლა იძულებულია თავდაცვითი პოზიციური ბრძოლები აწარმოოს.

თუმცა ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ შორს არის უკრაინის სრული დამორჩილების მიღწევისაგან, რომლის არსებობას იგი „ისტორიულ ანომალიას“ უწოდებს. კრემლისთვის რთულია უკვე დაკავებული ტერიტორიების კონტროლი, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნეს წარმოადგენს.

„2024 წელს სამხედრო თვალსაზრისით, უპირატესობა ისევ რუსეთს ექნება, თუმცა კრემლი რაიმე გადამწყვეტ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევს“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი აზრით, სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთი ომში გაიმარჯვებს, მაგრამ თუ მომავალ წელს დასავლეთი კიევის სასარგებლოდ მკაფიო და მტკიცე არჩევანს არ გააკეთებს და მას რესურსებით არ დაეხმარება, ამ შემთხვევაში უკრაინის პერსპექტივა ძალიან გაურკვეველი იქნება.

ეკონომიკა საომარ მდგომარეობაში

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მოცულობა ერთობლივად 45 ტრილიონ დოლარს აღწევს, ანუ 20-ჯერ მეტს, ვიდრე რუსეთის ეკონომიკა. დასავლეთი ფლობს უკეთეს ტექნოლოგიებს... მოკლედ, ქაღალდზე უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უფრო ძლიერად გამოიყურებიან, ვიდრე ჩამორჩენილი რუსეთი, მაგრამ რუსეთი უფრო აქტიურია სამხედრო ძალისხმევაში, ვიდრე მდიდარი და მოწინავე აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ერთად აღებული.

რუსეთის 2024 წლის სამხედრო ბიუჯეტი 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ყველაზე მაღალია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. რუსეთის სამხედრო ქარხნები ვოლგისპირეთში, ურალში და ციმბირში სადღეღამისო მუშაობაზე არიან გადასულნი. სამოქალაქო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც კი სამხედრო რელსებზე გადადიან - საჭიროა მეტი დრონები, მეტი ტანკები და მეტი რაკეტები. დასავლეთისაგან განსხვავებით, რუსეთი უფრო სწრაფად ახერხებს იარაღის წარმოების მიზნით შეკვეთების განთავსებას ქარხნებში. თვალსაჩინოა, რომ ევროკავშირი ვერ ასრულებს უკრაინისათვის მიცემულ დაპირებას, რომ მომავალი წლის მარტისათვის მილიონ ჭურვს მიაწოდებს. ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო არსენალები ფაქტიურად თითქმის ცარიელია, დარჩა მხოლოდ ე.წ. „ხელშეუხებელი რეზერვი“.

უკრაინის ეკონომიკა თანდათან გამოდის კოლაფსიდან - ქვეყანამ გადაიტანა 2022 წლის ღრმა კრიზისი და წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს მეტ-ნაკლებად მოიმატა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სოციალური სფეროსათვის ბიუჯეტიდან ფული არ იხარჯება (განათლებისა და ჯანდაცვის დარგებს დასავლეთი აფინანსებს), ამიტომ გადასახადების სახით ხაზინაში შესული თანხები მთლიანად სამხედრო სფეროში იხარჯება. 

რუსეთი დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს მესამე ქვეყნებიდან იმპორტით უმკლავდება. რუსული დიპლომატია ცდილობს გადაიბიროს ახლო აღმოსავლეთისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები და ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას აღწევს.

პოლიტიკური გაურკვევლობა

უკრაინასთან ომის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მხოლოდ ერთი რყევა განიცადა, როცა „ვაგნეროველები“ კრემლის წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა მათი „ბუნტი“ სწრაფად იქნა განეიტრალებული. მას შემდეგ ვერავინ ვეღარ ბედავს კრემლი „დუელში“ გამოიწვიოს.

სამაგიეროდ, დასავლეთში და უკრაინაში პოლიტიკური რყევები გახშირდა. აშშ-ში ორპარტიული დაპირისპირებაა უკრაინის მიმართ დახმარების გაწევა-არგაწევის საკითხში: დემოკრატებს სურთ, რესპუბლიკელები ყოყმანობენ (ან არ უნდათ). ევროკავშირშიც ვერ არის საქმე კარგად: 50-მილიარდიანი ევროს დახმარება ბრიუსელმა ვერადავერ დაამტკიცა ზოგიერთი ქვეყნის პრორუსული ლიდერის გამო. გარდა ამისა, გერმანია, რომელიც ადრე ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივად ითვლებოდა, დღეს აშკარად კრიზისისაკენ მიექანება.

უკრაინაში კონტრშეტევის ჩაშლამ და იმ გარემოებამ, რომ არმიამ რუსეთისაგან ოკუპირებული ტერიტორიები ვერ დაიბრუნა, დაპირისპირება წარმოქმნა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის. არმიის სარდალი ვალერი ზალუჟნი თვლის, რომ ომი ჩიხშია შესული და წინსვლა შეუძლებელია, პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა უნდა გააგრძელოს. თავის მხრივ, დასავლეთი უკრაინის ტერიტიორიული მთლიანობის აღდგენას 1991 წლის საზღვრებში არაეალურად თვლის. გაისმის ხმები, რომ დროა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილონ.

არ არის გამორიცხული, რომ ასეთი სიტუაცია, როცა „სამშვიდობო მოძრაობა“ ფართოვდება, ვლადიმერ პუტინმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - ეს ყოველივე დასავლეთის დასუსტებად ჩათვალოს და ომი არ შეაჩეროს. გარდა ამისა, კიევი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინი რომც დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, იგი სექმნილ პაუზას თავისი ჯარის გაძლიერებისათვის გამოიყენებს.

ბევრი დასავლელი ჩინოვნიკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდება - ვინ იქნება გამარჯვებული? თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ უკრაინისადმი დახმარება შემცირდება. შესაძლოა არასასიამოვნო დღეები შეიძლება დაუდგეს ნატოსაც და ამერიკამ ალიანსის ევროპელ წევრებს რუსული ექსპანსია-აგრესიისაგან დასაცავად მეტი თანხების ხარჯვა მოსთხოვოს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ჩვენ აზრით, ის არ არის სტრატეგიულად მოაზროვნე პიროვნება, არც თუ ისე ჭკვიანია, მაგრამ სამაგიეროდ, ის ძალიან გაბედულია“, - ამბობს კონსტანცია სტელცემიულერი, ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგის ინსტრიტუტის დირექტორი.

ბალანსი ბრძოლის ველზე

ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი შიშობს, რომ ზამთარში უკრაინის არმიის მდგომარეობა ფრონტის ხაზზე გაუარესდება. უკრაინის ჯარს არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა, წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგად არმიამ დიდი ზარალი განიცადა ცოცხალი ძალის მხრივ. გაწვევეის პუნქტებში კორუფციაა გამეფებული (ცალკეული დაჭერებით სიტუაცია ვერ გამოსწორდა), ჯარისკაცთა მომზადების დონე დაბალია. მაგალითად, ამჟამად ფრონტის წინა ხაზზე სანგრებში და ტრანშეებში 40 წლის ჯარისკაცები იმყოფებიან, რომლებიც თანამედროვე ომისათვის და იარაღის მოხმარებისათვის სუსტად არიან გაწრთვნილები.

უკრაინის არმიას აწუხებს საბრძოლო მასალების დეფიციტიც, რის გამოც კიდევ ერთი კონტრშეტევის განხორციელება უახლოეს ხანში შეუძლებელია. ის, რომ უკრაინულმა დესანტმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმი დაიკავა, ომის ნათელი წერტილია, მაგრამ თავისი მასშტაბით ნაკლებად მნიშვნელოვანი.

ვერც რუსეთის არმია ვერ ახორციელებს რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკაში.

როგორც უკრაინელი და დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, უკრაინის არმია, მართალია, ბრძოლებით დაქანცულია, მაგრამ მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ეფექტური თავდაცვის ორგანიზება მოახერხოს, თუ კიევი თავის რესურსებს ეკონომიურად, მაგრამ მიზანმიმართულად გამოიყენებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ მხრივ რუსული გამოცდილებით ისარგებლებს: კიევმა კარგად გამოსცადა საკუთარ თავზე, თუ რაოდენ მტკიცე აღმოჩნდა რუსეთის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეები უკრაინის სამხრეთში და ახლა თვითონაც შეეცდება იგივენაირად მოიქცეს, თავისი პოზიციების გასამაგრებლად.

„მომავალი წელი უკრაინის არმიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, - „კიევისათვის აუცილებელია ჯარში გაწვევის სისტემისა და პირადი შემადგენლობის მომზადების გაუმჯობესება... თუ ეს არ მოხდება, მაშინ მომავალი წელი გარდამტეხი აღმოჩნდება: უკრაინა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო არამომგებიან სიტუაციაში ჩავარდება“.

წყარო: https://www.wsj.com/world/putin-has-staked-russias-resources-on-victory-in-ukraine-can-the-west-match-him-b5d7b5f2?mod=RSSMSN

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати