USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«The Wall Street Journal» : „მსოფლიოში საუკეთესო ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს... მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული“
Date:  388

აშშ-ის გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიოში საუკეთესო ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს... მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული“ (ავტორი - იენ ლოვეტი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „აბრამსები“ უკრაინას საომარი მოქმედებების გარდატეხვაში ვერ დაეხმარებიან - იმიტომ, რომ ამ მძიმე ჯავშნიანი ტექნიკით სარგებლობა მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში შეიძლება, თორემ საერთო-საჯარისო ბრძოლებს ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„აბრამსი“ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტანკად ითვლება, რადგან მათ საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით. ბევრი ქვეყნის ახალი მოდელის ტანკები მათ ვერ გაუტოლდებიან.

უკრაინაში „აბრამსები“ უკვე ჩაიტანეს იმ საჯარისო ქვედანაყოფების დასახმარებლად, რომლებიც კონტრშეტევას ახორციელებენ. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად ჩაერთვება ამერიკული მძიმე ტექნიკა საომარ მოქმედებებში და გავლენას მოახდენს მათი გამოჩენა ბრძოლის ველზე.

თანამედროვე დასავლური ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკით სარგებლობა ვაშინგტონსა და კიევს შორის თითქმის დავის საგანი გახდა. აშშ-ის სამხედრო უწყების ზოგიერთ წარმომადგჰენელს სურს, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა ბრძოლების დროს.

სხვათა შორის, უკრაინის არმიის სარდლობა თავდაპირველად ცდილობდა, რომ ამერიკელების მიერ მიცემული რეკომენდაციებით ესარგებლათ, მაგრამ ფიასკო განიცადეს. საქმე იმაშია, რომ რუსებმა მჭიდროდ დანაღმეს თავდაცვითი ზღუდეები და მოწინააღმდეგის მიმართ ჰაერიდან დარტყმების მიყენება დაიწყეს. როცა უკრაინელებმა დაინახეს, რომ ამერიკულმა რეკომენდაციებმა ვერ ივარგა, ტაქტიკა შეცვალეს, თუმცა ამის გამო დასავლელი მიმომხილველების კრიტიკა დაიმსახურეს.

„აბრამსებს“, სხვა დასავლურ ტანკებთან შედარებით, ბევრი ტექნიკური უპირატესობა აქვთ და შეუძლიათ უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანონ და ჯარისკაცების საბრძოლო სული აამაღლონ. თავის მხრივ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც კმაყოფილია - იგი ხომ დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ამ ტანკების მიწოდებას.

რა თქმა უნდა, უკრაინის ფრონტებზე ამერიკული ტანკების გამოჩენა მისასალმებელია, მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობა იმასაც აღიარებს, კონტრშეტევის მეოთხე თვის შემდეგ „აბრამსები“ საბრძოლო მოქმედებების ხასიათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან.

თავის მხრივ, პენტაგონმაც არაერთხელ გააფრთხილა უკრაინა, რომ არ არსებობს [ჩვეულებრივი] იარაღის ისეთი სახეობა, თუნდაც ყველაზე თანამედროვე, რომელსაც, მხოლოდ თავისი უპირატესობის წყალობით, ერთპიროვნულად, საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხვის შეტანა შეუძლია.

„აბრამსები“ ისეთ დროს ჩაიტანეს უკრაინაში, როცა შემოდგომის წვიმები ახლოვდება, მასთან ერთად კი ე.წ. „რასპუტიცის“ (უგზოობის) სეზონი, როცა მძიმე ტექნიკას ნალექებით გაჯერებულ ველებზე მოძრაობა და მანევრები უძნელდება. ჯერ კიდევ ზაფხულის ბრძოლების გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ რუსებისათვის დასავლური ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა კარგ სამიზნეს წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილია ის ვიდეოკადრები, როცა რუსები ამერიკულ „ბრედლებს“, გერმანულ „ლეოპარდებს“ და ბრიტანულ „ჩელენჯერებს“ დრონებით და რაკეტებით აფეთქებენ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, გენერალ კირილო ბუდანოვის თქმით, მძიმე ტექნიკისათვის დანაღმული ველები ძნელი გადასალახავი გახდა. „ტანკები მწყობრიდან გამოდიან მუხლუხების მცირე დაზიანებითაც კი და მათ მოძრაობა აღარ შეუძლიათ. ამჟამად ჯავშანტექნიკა ძირითადად მხოლოდ „ისვენებს“, ტანკები ბრძოლებში არ მონაწილეობენ. მათი გამოყენება სახმელეთო ქვეითთა შეტაკებების დროს საზარალოა, ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ“, - ამბობს იგი ერთ-ერთი უკრაინული გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბენ ბარი, ლონდონის სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, ბრიტანული ტანკის ეკიპაჟის ყოფილი მეთაური ამბობს, „აბრამსი“ კარგად შეიარაღებული ტანკია, თანამედროვე მოწყობილობებით და, რასაკვირველია, ბევრად სჯობს მოძველებულ გერმანულ „ლეოპარდებს“, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული მინუსები - „აბრამსის“ მომსახურება და რემონტი უკრაინელებისათვის ძალიან რთული იქნება.

„აბრამსები“ გამოირჩევიან მაღალი სიჩქარით და სქელი ჯავშნით, ამიტომ მათი განადგურება ძნელია, მაგრამ იმავდროულად ისინი ძალიან მძიმენი არიან და, სავარაუდოდ, მათთვის უკრაინული ველ-მინდვრების ტალახი დიდი დაბრკოლება იქნება. გარდა ამისა, მათი რემონტი მაღალხარისხიან სათადარიგო ნაწილებს და საკმაო დროს მოითხოვს“, - ხაზს უსვამს ბენ ბარი. ასე რომ, „აბრამსების“ გამოყენება უკრაინაში გარკვეულ პირობებთან არის დაკავშირებული და მათი გამოყენება უახლოეს თვეებში შეიძლება პრობლემატური გახდეს.

წყარო: https://www.wsj.com/world/u-s-abrams-tanks-reach-ukraine-is-it-a-case-of-too-little-too-late-f1fb5061?mod=hp_lead_pos4

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way