USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
The Wall Street Journal - პოკროვსკის უკანასკნელი დღეები: ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან, მოსახლეობა მშობლიურ ქალაქს ემშვიდობება, ბევრი კი ტრანშეებს თხრის თავდასაცავად
Date:  207

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პოკროვსკის უკანასკნელი დღეები: ქალაქს რუსეთის ჯარები უახლოვდებიან, მოსახლეობა მშობლიურ ქალაქს ემშვიდობება, ბევრი კი ტრანშეებს თხრის თავდასაცავად“ (ავტორი - მეთიუ ლაქსმორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოკროვსკი - უკრაინის ფრონტისპირა ქალაქი. ადგილობრივი ხაბაზი პურს მხოლოდ ღამ-ღამობით აცხობს, რომ ქალაქიდან წამსვლელებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საგზაოდ ლუკმა-პური წაიღონ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს - დანაყრების საშუალება. ქალაქში მხოლოდ ერთი სუპერმარკეტი მუშაობს, მისი ვიტრინები შეფიცრულია, თაროები კი ნახევრად ცარიელი, სურსათი თითქმის არ არის. ქალაქის მისადგომებთან მეშახტეები ტრანშეებს თხრიან, რათა რუსების ჯარების წინსვლა როგორმე შეანელონ. პოკროვსკის ეკლესიის წინამძღვარი, მეუფე ვადიმი მოსახლეობას, სანამ ისინი დასავლეთისაკენ შორეულ გზას გაუყვებიან, აღსარებაზე იწვევს და შემდეგ ამ სიტყვებით ლოცავს - „უფალს ებარებოდეთ!“.

ორწელიწადნახევრიანი ომის განმავლობაში რუსეთი ათობით უკრაინულ ქალაქს საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებით ანგრევდა, შემდეგ კი რუსული არმია მიწასთან გასწორებულ, ფანტასტიკურ მოჩვენებად ქცეულ ქალაქებში შედიოდა და იკავებდა. შემდეგი ასეთი ქალაქი პოკროვსკი იქნება.

უკრაინა აგვისტოს დასაწყისში კურსკის ოლქში შეიჭრა, რომ დონბასში შექმნილი მძიმე სიტუაცია როგორმე შეემსბუქებინა და პოკროვსკიდან მოსკოვის ძალები კურსკის ფრონტზე მიეზიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტყუვდა: კრემლმა მხოლოდ გააორმაგა შეტევების ძალა პოკროვსკზე და ახლა რუსეთის ჯარების მოწინავე ქვედანაყოფები ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. იმიტომ, რომ პოკროვსკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია - მსხვილი სატრანსპორტო, სამრეწველო და ლოჯისტიკური კვანძი. მართალია, რუსეთი ამ ქალაქს ისე არ ბომბავს, როგორც ბახმუტს ან ავდეევკას ბომბავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოკროვსკიც მათ ბედს გაიზიარებს - უკრაინის არმიის სარდლობას ქალაქის შენარჩუნება სურს, რუსეთის არმიას კი მისი დაუფლება.

თუ კრემლის არმია ქალაქს აიღებს, ამით ვლადიმერ პუტინის ოცნება შესრულდება - რუსეთი მთელ დონეცკის ოლქს დაიპყრობს. „ვინ შეაჩერებს რუსებს?“, - ეს კითხვა ბევრ ადგილობრივ მოსახლეს უჩნდება, რომლებიც გამალებით მუშაობენ და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ ქალაქის მისადგომებთან. უკრინის არმია თავდაცვისათვის ემზადება, მაგრამ... ძალები უთანასწოროა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში პოკროვსკში სიცოცხლე ჩქეფდა, რადგან საომარი მოქმედებები ქალაქიდან შორს მიმდინარეობდა. გაიხსნა ახალი სუპერთანამედროვე სავაჭრო ცენტრი... დასასვენებელი პარკები ბავშვებით იყო სავსე. ახლა კი საბავშვო ბაღები, სკოლები და პარკები ცარიელია. სუპერმარკეტი დაკეტილია, რადგან რუსეთის არტილერიის პოტენციური სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. ამჟამად პოკროვსკისაკენ ძირითადად სამხედრო ამუნიციით და იარაღით დატვირთული ტექნიკა მიდის, იქიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა, ევაკუირებულები დასავლეთისაკენ მიდიან. ქალაქში ჯერ კიდევ დარჩენილი პენსიონერები გრძელ რიგებს იკავებენ დახმარების მისაღებად. როგორც ამბობენ, ოდესღაც 80-ათასიან ქალაქში ჯერ კიდევ რჩება 30 ათასამდე მცხოვრები - მიუხედავად იმისა, უკვე ასობით მოქალაქე მიემგზავრება ყოველდღიურად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში - მატარებლებით, ავტობუსებით, პირადი ტრანსპორტით...

ქალაქის ხელისუფლებას მიაქვს სხვადასხვა ქონება და მოწყობილობები  ქარხნებიდან, საავადმყოფოებიდან და დაწესებულებებიდან. იხურება ის სკოლები და კულტურული ცენტრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და მოდერნიზირებული იქნა. ყველაფერი მიაქვთ - სასკოლო მერხები, დაფები და თეატრალური კოსტიუმებიც კი, რომ რუსებს არაფერი ხელში არ ჩაუვარდეთ.

სამოქალაქო პაციენტებიც გაჰყავთ ჰოსპიტლებიდან და საავადმყოფოებიდან, მათ შორის სამშობიაროებიდანაც - ფეხმძიმეები და ახლადდაბადებულები. ამჟამად ჯანდაცვის ყველა დაწესებულება მხოლოდ ფრონტიდან დაჭრილი სამხედროების მკურნალობაზე არიან  გადასულები.

„ადრე ჩვენ ვიღებდით ლტოლვილებს, ახლა კი ლტოლვილებად ჩვენი მცხოვრებლები გადაიქცნენ“, - ამბობს პოკროვსკის მერის მოადგილე მარგარიტა იდრისოვა, - არ ვაპირებდით ევაკუაციას, გვჯეროდა, რომ ჩვენი არმია დაგვიცავდა... სამწუხაროდ, ახლა იძულებული ვარ მოსახლეობა დავარწმუნო, რომ სანამ არ დაგვიანდება, ქალაქიდან წასვლა მოასწრონ. რა თქმა უნდა, ისევ გვაქვს ჩვენი არმიის იმედი, მაგრამ საარტილერიო დაბომბვის დროს გადარჩენა ძნელია“.

პოკროვსკში უკრაინაში ყველაზე დიდი კოქსური ქვანახშირის საბადოა - აქაური „შავი ოქრო“ ძირითადად სამხედრო მრეწველობას ხმარდება. ბოლო დღეებში მეშახტეები თავიანთი ტექნიკით ქალაქის აღმოსავლეთით მუშაობენ და ღრმა ტრანშეებს თხრიან, რუსულმა ტანკებმა რომ ვერ გაიარონ.

პოკროვსკს რუსები უახლოვდებიან. ქალაქი, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ მეტ-ნაკლებად მშვიდობან დღეებს ითვლის. მატარებლები დასავლეთისაკენ მიემართებიან. მეშახტე დიჩკო ოჯახს აცილებს. იგი, რკინიგზის სადგურის ბაქანზე მდგომი, ვაგონის სარკმელში შვილს - 8 წლის მტირალ ილიას უყურებს და იღიმება. „ნუ ტირი, ჩემო ბიჭო, მამას ძალიან უყვარხარ, ჩემი ღიმილი მთელ გზაზე გაგყვება“.

წყარო: https://www.wsj.com/world/europe/the-last-days-of-pokrovsk-ukrainians-dig-trenches-and-say-goodbye-to-their-city-as-russians-close-in-425436e1

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way