USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
«The Daiy Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთი ისეთ დამანგრეველ კოლაფსშია, საიდანაც ვერასოდეს ვეღარ გამოვა“
თარიღი:  531

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daili Telegraph) დაბეჭდილია პოლიტიკური მიმომხილველის რიჩარდ კემპის სტატია სათაურით „რუსეთი ისეთ დამანგრეველ კოლაფსშია, საიდანაც ვერასოდეს ვეღარ გამოვა“, რომელშიც ავტორი აგრესორ კრემლს მძიმე პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საერთაშორისო წესრიგის პაროდიას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორიოდე დღის წინათ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა რუსეთი - ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის მიმართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გამოწერილი, სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო. გაეროს რეპუტაცია შელახულია, მისი მისია ჩაფუშულია, უშიშროების საბჭო კი არაქმედითუნარიან ორგანოს წარმოადგენს. თავისი არსებობის 78 წლის განმავლობაში უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო მრავალი ომის თავიდან აცილება, ვერ შეძლო ბირთვული იარაღის გავრცელების დამუხრუჭება. მისი გავლენა უკრაინის ომზე - ყველაზე სისხლისმღვრელ ომზე ევროპაში 1945 წლიდან, ნულოვანი აღმოჩნდა.

კაცმა რომ თქვას, რუსეთის თავმჯდომარეობა უშიშროების საბჭოში მაინცდამაინც დიდ რეალურ საფრთხეებთან არ არის დაკავშირებული. საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეუძლია ეს დროებითი ტრიბუნა მოჩვენებითობისათვის გამოიყენოს, თუმცა მაინც ვერაფერს მიაღწევს. თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, ჩინეთის გარდა, შეუძლიათ რუსეთის მიმართ გარკვეული დემარში განახორციელონ და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში თავიანთი უპატივცემლობა გამოავლინონ: დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების სახით საბჭოს სხდომებზე დაესწრებიან მხოლოდ ისეთი პირები, რომლებსაც დაბალი დიპლომატიური სტატუსი ექნებათ. სერგეი ლავროვს ავტორიტეტი დაკარგული აქვს, რაც მისი ქვეყნის მარგინალობასაც ნიშნავს.

რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია, მისი ლიდერი ვლადიმერ პუტინი კი არმიას არაკომპენტენტურად ხელმძღვანელობს - იმ არმიას, რომელიც ოდესღაც იმდენად ძლიერი იყო, რომ მის საწინააღმდეგოდ ევროპაში მუდმივად იყო განლაგებული აშშ-ის ნახევარმილიონიანი სამხედრო დაჯგუფება. რუსეთის დემოგრაფიული მდგომარეობა ისედაც რთული იყო, პუტინმა კი, უკრაინასთან დაწყებული ომით, ამ მხრივ ქვეყნის მდგომარეობა კატასტროფული გახადა: ათასობით რუსი ახალგაზრდა დაიღუპა ბახმუტის ბრძოლების შედეგად, ხოლო 700 ათასი მობილიზაციას საზღვარგარეთ გაექცა.

ბევრი ქვეყნისათვის რუსეთი გარიყულ, განდგომილ ქვეყანას წარმოადგენს. მისი სტატუსი, რომელიც „შეიარაღებული ბენზინგასამართი სადგურის“ სახით გამოიხატებოდა, ისიც კი განადგურებულია. ალბათ, კრემლი ვეღარასოდეს ვერ გამოვა ამ სიტუაციიდან. მოსკოვი შეეცდება, რომ მის მიმართ უცხოეთს სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ მისი პატივისმცემელი ქვეყნები ცოტანი იქნებიან - იმათ გარდა, რომლებმაც იაფი რუსული ნავთობ-გაზის სუნი იგრძნეს და იმედი აქვთ, რუსეთისაგან რამდენიმე ავიაგამანადგურებელს შეღავათიან ფასში შეიძენენ.

დიახ, მოსკოვს ბირთვული იარაღი აქვს და ვლადიმერ პუტინიც ხელიდან არ გაუშვებს მუქარას ამ იარაღის გამოყენების თაობაზე, მაგრამ მან იცის, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, კრემლს ამის ნებას არ მისცემს. ეს აჩვენებს იმას, თუ რაოდენ ღრმა მორევში აღმოჩნდა რუსეთი მისი ლიდერის მოქმედებით. ახლო მომავალში რუსეთი, სავარაუდოდ, ჩინეთის ვასალი გახდება. მოსკოვში სი ძინპინის ამასწინანდელი ვიზიტის დროს ბევრმა შეამჩნია, რომ ჩინეთის ლიდერი საკმაოდ იმპოზანტურად, შესამჩნევი ქედმაღლობით უყურებდა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ძლიერ სტუმარს მდიდრული, მაგრამ მაინც დამამცირებელი მასპინძლობა გაუწია.

ჩვენ არ ვიცით, თუ რაზე შეთანხმდნენ დახურულ კარს მიღმა სტუმარ-მასპინძელი, მაგრამ თუ პეკინმა მოსკოვს იარაღის მიწოდება აღუთქვა, ის არ იქნება რუსეთის გასაძლიერებლად გამიზნული. იარაღის სავარაუდო მიწოდებით ჩინეთს, ალბათ, სურს, რომ რუსეთის ომი დასავლეთთან გაგრძელდეს. სი ძინპინმა თავისი ცნობილი განცხადებით რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობაზე“ ფაქტიურად მოსკოვი უკრაინასთან ომისაკენ წააქეზა - ისევე როგორც 1939 წელს ხელმოწერილმა „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა“ ხელი შეუწყო ჰიტლერული გერმანიის აგრესიას პოლონეთის წინააღმდეგ.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორც ღრმავდება ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულება, ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა ჩინეთის კომპარტიისაგან რაიმე შეღავათს ტყუილად ელოდება. თებერვალში პეკინმა რუკა გამოსცა, რომელზეც საზღვრისპირა რუსულ ქალაქებს ჩინური სახელწოდებები აქვთ (ვლადივოსტოკს ჰქვია „ხაიშენვაი“, უსურიისკს - „შუანჩენძი“, ხაბაროვსკს - „ბოლი“, ბლაგოვეშენსკს - „ჰაილანპაო“.. - რედ.). ჩინეთი თვლის, რომ აღნიშნული ქალაქები საერთაშორისო რუკებზეც ასეთი დასახელებით უნდა იყვნენ. სი ძინპინის მზერა სულ უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავაზე და მოსკოვი მას, როგორც ჩანს, ვერაფერს დაუპირისპირებს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/04/01/russia-will-never-recover-from-this-devastating-collapse/

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის