USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Daily Express» : „თბილისი რუსებს ულტიმატუმს უყენებს - მათ, ვინც თავი აარიდა უკრაინის ომში გაწვევას და თავი საქართველოს შეაფარა“
Date:  1498

ბრიტანული გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისი რუსებს ულტიმატუმს უყენებს - მათ, ვინც თავი აარიდა უკრაინის ომში გაწვევას და თავი საქართველოს შეაფარა“ (ავტორი - ელის სკარსი).

„ქართველები ზეწოლას აძლიერებენ იმ ათასობით რუსი მოქალაქის მიმართ, რომლებიც სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში რუსეთიდან შევიდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის სექტემბერში ცოცხალი ძალის მობილიზაცია გამოაცხადა, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი თავისი არმიის რიცხოვნობის გაზრდის მიზნით“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოში რუსების ყოფნა, რომელთა რაოდენობა უკვე ათეულობით ათასს აღწევს, ადგილობრივი მოსახლეობის სულ უფრო მეტ გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევს, რაც კედლებზე არსებულ საკმაოდ უხამს წარწერებში (Graffiti) და ქაღალდის ფურცლებზე დაწერილი ულტიმატუმურ მიმართვებში გამოიხატება.

ანტირუსული განწყობები განსაკუთრებით ძლიერია საქარტველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ათეულ ატასობით რუსი მოქალაქის სახლი გახდა მას შემდეგ, რაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შესახებ, გასული წლის თებერვალში.

როგორც ამას წინათ უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი შევჩენკომ აღნიშნა ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის პროგრამაში გამოსვლისას, „თითქმის მთელ თბილისში ნახავთ უამრავ ანტირუსულ წარწერას, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ უხეშად ჟღერს“. კიეველი კორესპონდენტის თქმით, ზოგიერთი წარწერა პირდაპირ მოუწოდებდა რუსების სიძულვილისა და მოკვლისაკენ („სიკვდილი რუსებს!“, „ჩვენთვის მიუღებელია ყოველი რუსი, „კარგიც“ და „ცუდიც“!). გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქის ფოტოსურათებზე, რომლებიც [გლობალურ სოციალურ ქსელშია] გამოქვეყნებული, მოჩანს კიდევ უფრო უცენზურო გამონათქვამები რუსებისა და რუსეთის ხელმძღვანელების მიმართ.

როგორც ვიტალი შევჩენკომ აღნიშნა, „ამჟამად, სამხედრო პერიოდის ენით თუ ვიტყვით, კარგი რუსები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც მხარს არ უჭერენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის წინააღმდეგ“.

„თბილისში ყოფნისას ძნელია თავიდან მოიშორო და არ იფიქრო უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრაზე, - თქვა ჟურნალისტმა და აღნიშნა, რომ „ომს გაგახსენებთ ისეთი ადგილებიც კი, სადაც ბრძოლები და სისხლისღვრაზე ლაპარაკი ცოტა უცნაურია. მაგალითად, რესტორნებში და კაფე-ბარებში“.

„ერთ-ერთ კაფეში დავინახე ქაღალდის ფურცელზე დაბეჭდილი მიმართვა რუსებისადმი, რუსულ ენაზე, რომელიც ასე ჟღერდა:

„უკრაინის ომზე პასუხისმგებლობა ყველა რუსს ეკისრება. სანამ თქვენ აქ დასეირნობთ და გართობას არ იკლებთ, თქვენი არმია უკრაინაში ძალადობით და ძარცვა-გლეჯვით არის დაკავებული. თუ თქვენ რუსეთში ვერ შესძელით ომის გაპროტესტება, მაშინ ანტისაომარი განწყობა აქ გამოხატეთ. თუ ამ მოწოდებას არ ეთანხმებით,  მაშინ თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის სასიხარულო არ არის“.

ბევრმა რუსმა საქართველო თავშესაფრის სახით იმიტომ აირჩია, რომ ქართველებმა მეტ-ნაკლებად კარგად იციან რუსული ენა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნებოდათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებებიც, რომ საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს (სახმელეთო საზღვრით) და ამისთვის თვითმფრინავით მგზავრობის აუცილებლობა არ იდგა, ასევე ის მომენტიც, რომ რუსეთბს საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ ჭირდებოდათ.

ქართველების უკმაყოფილება ახალგაზრდა რუსების მოზღვავების გამო [რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ არმიაში გაწვევას და უკრაინის ფრონტზე მოხვედრას], შეიძლება მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ისინი ფართოდ უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთთან ომში, არამედ იმ გარემოებითაც, რომ ათასობით რუსის შესვლამ საქართველოში საცხოვრებელი ბინების ყიდვისა და ქირავნობის ფასები ასწია, ანუ ქვეყნის სოციალურ ინფრასტრუქტურას იმიგრაციამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

უფრო მეტიც, თბილისელებს და მთლიანობაში საქართველოს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი „ხუთდღიანი ომის“ შედეგები, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპირება განახორციელა [ადგილობრივი პრორუსულად განწყობილი აფხაზი და ოსი მოსახლეობის დაცვის საბაბით] და იქ თავისი ყოფნა სამხედრო ბაზებით განამტკიცა.

იმ დროს, როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსკოვზე ორიენტირებულად ითვლება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მთავრობა უარს აცხადებს დასავლური ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ქართველთა უმრავლესობა რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს - როგორც თავიანთი ქვეყნისათვის, ასევე მეზობლებისათვის. ალბათ, ამიტომაც უჭერენ მხარს როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე უკრაინის მთავრობას“.

წყარო: https://www.express.co.uk/news/world/1800426/city-russians-fled-military-draft-georgia-tbilisi

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way