USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
Тбилиси
«The Daily Star»: „რადგანაც უკრაინამ რუსეთთან ომში გარღვევა ვერ მოახდინა, კიევისთვის ახლა მშვიდობაც კი „კატასტროფული“ იქნება“
дата:  

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო დაბნეულად გამოიყურება. სამწუხაროდ, კიევისათვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება ისეთი სტაბილური და საიმედო არ აღმოჩნდა, როგორიც ეს უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა წარმოდგენილი“, - ამბობს ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი  ენტონი გლიზი ბრიტანულ გაზეთ „დეილი სტართან“ (The Daily Star) ინტერვიუში, სათაურით „რადგანაც უკრაინამ რუსეთთან ომში გარღვევა ვერ მოახდინა, კიევისთვის ახლა მშვიდობაც კი კატასტროფულია“ (ესაუბრება ჟურნალისტი ევან გლიდოუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინტერვიუში პროფესორი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ამჟამად ჩიხური სიტუაციაა შექმნილი და რადგანაც არცერთ მხარეს არ შეუძლია მნიშვნელოვანი შეტევის განხორციელება, შესაბამისად, ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. ვითარება უკრაინის ლიდერში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს: კიევი ზამთრის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნებიდან რაიმე ქმედით დახმარებას ვერ მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე შეურიგდა იმას, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო შორსმიმავალი გეგმები და ოპერაციები გაზაფხულამდე ვერ განხორციელდება. ენტონი გლიზი ეთანხმება ამ შეფასებას და ამბობს, რომ ამგვარ ვითარებაში სამშვიდობო მოლაპარაკება და სავარაუდო საზავო შეთანხმება [უკრაინასა და დასავლეთს] „კატასტროფად“ შეუბრუნდება.

„დეილი სტარისადმი“ მიცემულ ინტერვიუში პროფესორმა შემდეგი განაცხადა: „ფრონტის ხაზზე არავითარი მნიშვნელოვანი სვლები არ ჩანს. უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და მისი ნათქვამი კარგად უნდა გააცნობიეროს“.

ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შედეგად, ამჟამად არცერთი მხარე რაიმე სამხედრო გარღვევის ნიშნებს არ ამჟღავნებს. კრემლმა უნდა იცოდეს: რუსეთის არმია კიევს ვერ აიღებს, ხოლო კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის არმია ყირიმს ვერ დაიკავებს“.

„სამწუხაროდ, მამაცი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს დაბნეულად გამოიყურება. ის, რაც მას ადრე გარანტირებული ჰქონდა - აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად უფრო ნაკლებად საიმედოდ ჩანს, ვიდრე პრეზიდენტს ადრე ჰქონდა წარმოდგენილი.

რასაკვირველია, თავიდანვე დასავლეთის პოზიცია ნათელი იყო: სწორედ უკრაინელებს უნდა ებრძოლათ ფრონტის ხაზზე, დასავლეთი(ანუ აშშ და ევროკავშირი) კიევს ფულით და იარაღით დაეხმარებოდა. ლაპარაკი არ არის არც ნატოს წევრი სახელმწიფოების არმიებისა და არც „ამერიკულ ჯარზე“ - ისინი კონფლიქტში არ ჩაერევიან. ვფიქრონ, მთელი 2024 წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მხრიდან ფასული ზეწოლის ქვეშ იქნება, რომ მან ვლადიმერ პუტინს დაუთმოს ის ტერიტორიები, რომლებიც კრემლს უკვე დაკავებული აქვს და თავის რუს კოლეგას შეურიგდეს.

რასაკვირველია, სამშვიდობო ზავი კატასტროფულად შეუბრუნდება როგორც უშუალოდ უკრაინას, ასევე ჩვენც, დასავლეთსაც. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის ბოლოს ჩვენ მშვიდობის დამყარების მოწმენი გავხდებით - ისეთი მშვიდობისა, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირობებზე იქნება დამყარებული“, - ამბობს ინტერვიუში ენტონი გლიზი, დიდი ბრიტანეთის ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: https://www.dailystar.co.uk/news/world-news/ukraine-war-shows-no-sign-31893424

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати