USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Mirror» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“
თარიღი:  705

„რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“, და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი მირორში“ (The Daily Mirror) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ჩარლი ჯონსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 „რუსეთის გეგმებშია „თეთრ სახლში თავისი კაცი დასვას“ ნატოს დასუსტების მიზნით, მესამე მსოფლიო ომის შესაძლო გაჩაღების ფონზე“, - აცხადებს ბრიტანელი მწერალი და რუსეთის სპეციალისტი, პოლიტოლოგი კირ ჯაილსი, რომელიც თავისი აკადემიური კარიერის დაწყებამდე სამხედრო მფრინავი იყო, 1990-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში ცხოვრობდა, ამჟამად კი არის კონფლიქტების კვლევითი ცენტრის დირექტორი, თანამშრომლობს „ჩეთემ ჰაუსთან“.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ ევროპელ ლიდერებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მისი მკვეთრი „ანტიუკრაინული განწყობისა“ და „პრორუსულ პოზიციებთან“ დაკავშირებით.

კირ ჯაილსმა „დეილი მირორისადმი“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაანალიზა მოსკოვის პოტენციური სტრატეგია ნატოს მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ. მან მწვავედ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ გამოხატული მუდმივი მხარდაჭერის გამო. სწორედ დონალდ ტრამპის - რესპუბლიკური პარტიის ლიდერის - მითითებით აჭიანურებდნენ რესპუბლიკელები კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებას

ვარაუდები დონალდ ტრამპის რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი თავის „რუსოფილობას“ უარყოფს.

კიმ ჯაილსის თქმით, რუსეთისათვის აუცილებელი არ არის ამერიკისათვის დარტყმების მიყენება. თუ კრემლი მოახერხებს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავის კაცს“ - დონალდ ტრამპს გაამარჯვებინებს, იგი წარმატებით იმუშავებს თეთრ სახლში და ამერიკას (ჩათვალე: ნატოს) ძირს შიგნიდან გამოუთხრის.

„ნატოს ძალა მისი მობილურობა და წევრების ერთიანობა წარმოადგენს, მაგრამ ნატოს ერთიანობაში ალიანსის სისუსტეც იმალება: აგრესორისადმი კოლექტიური პასუხის ჩაშლა ალიანსის ყოველ ცალკეულ წევრ ქვეყანას შეუძლია. ბევრი შეშფოთებულია იმით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება თვით ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდეს, რომელიც ნატოსთვის საყრდენი და უძლიერესი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოა. სამწუხაროდ, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის კაცი“ გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთს უკრაინაში ომის მოგება შეუძლია. შესაბამისად, მოსკოვის წინაშე მოქმედებისათვის ფართო სივრცე იხსნება, რუსეთს შეუძლია ბევრი ვარიანტით იმოქმედოს“, - ამბობს კიმ ჯაილსი.

ინტერვიუში პოლიტოლოგი გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „უაზრო ორგანიზაციად“ გადააქცევს:

„ნატოს დასასუსტებლად ალიანსის შემადგენლობიდან აშშ-ის გასვლა აუცილებელი არ არის. დონალდ ტრამპს ნატოდან გაუსვლელადაც შეუძლია ალიანსის არსებობის  განეიტრალება. იმიტომ, რომ მას როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ეროვნულ ლიდერს, შეუძლია თავის არმიას უბრძანოს, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაერიოს. მორჩა და გათავდა. ნატო თავისი არსებობის აზრს დაკარგავს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო ქვეყნის ალიანსიდან გასვლა, საკმარისია უარის თქმა თანამშრომლობაზე და სხვების დახმარებაზე. სხვათა შორის, ასეთი ნაბიჯის გადადგმა სხვა წევრ-სახელმწიფოსაც შეუძლია“, -  ამბობს ინტერვიუში კიმ ჯაილსი.

როგორც ცნობილია, ნატო ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია სამთავრობოთაშორისო სამხედრო ალიანსს წარმოადგენს, რომლის წევრი ამჟამად 32 სახელმწიფოა: 30 ევროპული და 2 ჩრდილოამერიკული ქვეყანა (აშშ და კანადა). ნატო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას ქმნის - მისი წევრები ეტანხმებიან პრინციპს, რომ მესამე მხარის აგრესიის შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან და დაიცავენ.

წყარო: https://www.mirror.co.uk/news/world-news/russia-hoping-their-man-white-32758074

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის