„ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, - ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, ყველაფერში თვითონ არიან დარწმუნებულნი, რასაც ლაპარაკობენ. ისინი არ ხუმრობენ, როცა ამბობენ, რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამერიკამ ნატო უნდა დატოვოს და რომ გრენლანდია აუცილებლად უნდა მიიერთონ. მათი აზრით, მსოფლიოში მხოლოდ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს აქვთ მნიშვნელობა. ისინი ბრიტანეთს ევროპისაგან გარიყულ ქვეყნად თვლიან. მათი აზრით, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ლოზუნგის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (ანუ MAGA - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) რეალიზებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოპონენტების, სასამართლოსა და მასმედიის შეზღუდვას. მათთვის ფაქტები მონაგონია, ხოლო მონაგონი - ფაქტები. ამერიკას განზრახული აქვს ევროპიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, პუტინის გულის გასახარებლად. ისინი თანხმდებიან უკრაინის განადგურებაზე, ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სხვა ქვეყნებზე შურისძიებას ნიშნავს. ტრამპსა და ვენსს თაკერ კარსონის ყოველი ტყუილი სინამდვილე ჰგონიათ. თუ ამერიკა ჩაიკეტება და საკუთარ ნაჭუჭში მოექცევა, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვისთვის არის ეს სასარგებლო? თუ ნატოში განხეთქილება მოხდება, როგორ იქნება ალიანსი ავტორიტეტული და სხვებისთვის სასურველი ორგანიზაცია? ვინღა დაუჭერს მხარს სახელგატეხილ ნატოს?
გარწმუნებთ, რომ ამით დასავლეთში არავინ მოგებული არ იქნება. სამაგიეროდ, რეალური მოგება ექნებათ რუსეთს, ჩინეთს და მსოფლიოს ყველა ჯურის ექსტრემისტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკას თავის უპირველეს სამიზნედ თვლიდნენ. ისინი ნადირობენ არა ევროპაზე, არამედ ძია სემზე. პუტინი - კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთს ევრძოდა, დონალდ ტრამპის მეგობარი ხდება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ არ დავიწყებიათ ის დამცირება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის სედეგად გადაიტანეს. რუსეთს დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილება შეაქვს - კრემლი ამას ყველანაირად ცდილობს.
ჩინეთი გახარებული იქნება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის დემონტაჟით. ტაივანის გამო ყველაფერი, რამაც ამერიკა ნამდვილად დიდებულ და მდიდარ ქვეყნად გადააქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაფერი პოტენციურ კოცონზეა დაწყობილი დასაწვავად. დღეს ჩინეთს ტაივანის სრუტის გადალახვა [და კუნძულზე თავდასხმა] ყველაზე იოლად შეუძლია.
არ ვიცი, რეალიზდება თუ არა ეს ყველაზე უარესი სცენარი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს არ მოხდება. დონალდ ტრამპი გააცნობიერებს, რომ ყველა წააგებს, თუ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იზოლაციონიზმის სიმბოლო იქნება. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მიხვდებ, რომ მეგობრებს „უბილეთო მგზავრები“ არ უნდა უწოდოს და ყველას ყველაფერში ფულის გადახდა მოსთხოვოს. ეს ისეთ განხეთქილებას და უტანხმოებას იწვევს, რომლის გამოსწორება ზალიან რთულია.
მე ასევე იმედი მაქვს, ჩვენ, ატლანტიკის აქეთ ნაპირზე მცხოვრებნი, არ დავივიწყებთ, რომ ამერიკა მხოლოდ ერთი, დღევანდელი პრეზიდენტი არ არის. შესაძლოა ჯეი დი ვენსს ეწყინოს, მაგრამ ყველა ამერიკელი მისებურად არ ფიქრობს.
სამწუხაროდ, ამჟამად შემაშფოთებელი დროა დამდგარი. ჩვენ საკმაოდ შორს ვართ რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის ეპოქიდან. ყველა ჩვენთაგანისათვის სახიფათოა ის, რომ ოვალური კაბინეტის ახალი ბინადრები არასწორ განცხადებებს აკეთებენ და რაც სოციალურ ქსელებში იწერება, ბოლო ჭეშმარიტებად თვლიან.
ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით Twitter-ით სარგებლობაზე. ერთმა ამერიკელმა მაგნატმა კერძო საუბარში მისაყვედურა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალური ქსელების რეგულირებას ცდილობს. როცა მე უშიშროების მინისტრი ვიყავი, საოცარი ფაქტები გავიგე - სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ათასობით ადამიანის გადაბირება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და „ალ-ქაიდას“ მიერ.
ირონია იმაში გამოიხატება, რომ სწორედ ის სოციალური ქსელები, რომლებსაც MAGA იყენებს „ამერიკისათვის ძველი დიდების დასაბრუნებლად“, სინამდვილეში მას ასუსტებს და შლის.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს უფლება გვაქვს თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მოქმედებასთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სწორად იქცევა, როცა იგი თეთრი სახლის მიმართ რბილ დამოკიდებულებას იჩენს. მეორევადიან დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აღზდა ჭირდება, რბილი მეთოდებით, იგი არ უნდა ვლანძღოთ.
მოდით, დონალდ ტრამპზე ვიმსჯელოთ მისი პრაქტიკული ნაბიჯების შედგებით და არა იმ ხმამაღალი განცხადებებით, რომლითაც ყოველი მთავრობა იწყებს თავის საქმიანობას. ჩვენ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა, უნდა ვემზადოთ უარესისთვისაც.
წყარო:
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.