USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«The Daily Telegraph»: „უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა: მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ“
თარიღი:  298

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა: მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ“ (ავტორი - ლიზ ქუკმენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ჯარების მოულოდნელმა შეჭრამ კურსკის ოლქში ჩაშალა სერიოზული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამიზნული იყო დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის ნაწილობრივ  შეწყვეტისათვის.

აგვისტოს დასაწყისში კიევმა და მოსკოვმა დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ დოჰაში - კატარის დედაქალაქში - დელეგაციები გაეგზავნათ იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების (ელექტროსადგურების) დაბომბვები.

მაგრამ რუსულმა მხარემ შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც ექვს აგვისტოს უკრაინის ჯარების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მოსკოვის დელეგაციის წევრებმა კიევის მოქმედება ომის ესკალაციად ჩათვალეს და დოჰაში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, - ამბობს დიპლომატი, რომელმაც სახელი არ გაამხილა. მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა ამერიკულმა პრესამაც, მაგალითად, გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“.

ზოგიერთი ოფიციალური პირი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკება, რომელიც კატარის მთავრობის შუამავლობით უნდა ჩატარებულიყო, პირველი ნაბიჯი იქნებოდა - გადადგმული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისაკენ.

„კურსკის ოლქის სამხრეთში შეჭრის შემდეგ რუსებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს“, - ამბობს კიდევ ერთი წყარო, რომელიც დაგეგმილი მოლაპარაკების საქმის კურსში იყო. ამასთან, როგორც წყარო ირწმუნება, რუსებს მოლაპარაკებაზე საბოლოოდ მაინც არ უთქვამთ უარი და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დოჰაში სამიტი 22 აგვისტოს მაინც გაიმართება - მართალია, ვიდეოჩართვის მეშვეობით, მაგრამ მაინც. უკრაინის დელეგაცია კატარში წასასვლელად მზად არის.

ორივე მხარე ერთმანეთს არ შეხვედრია მას შემდეგ, რაც სტამბოლში და ანკარაში, 2022 წლის მარტ-აპრილში და ივლისში, საიდუმლო მოლაპარაკებები ჩატარდა. საბოლოო ჯამში, სტამბოლისა და ანკარის მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებები ჩაიშალა. ასევე არ განხორციელებულა გეგმები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის თაობაზეც.

რაც შეეხება შეთანხმებას ძვირადღირებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტის თაობაზე, ეს ეკონომიკყრად ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნებოდა.

უკრაინის ენერგოობიექტები ომის პირველივე ზამთრიდან რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნეები გახდნენ, დაბომბვის შედეგადაც ელექტროენერგია გამუდმებით და მასობრივად ითიშებოდა, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის მდგომარეობასა და ბიზნესის განვიტარებაზე.

მოგვიანებით, უკვე 2023 წელს, უკრაინამაც შეძლო და განახორციელა საპასუხო საჰაერო დარტყმები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა შედეგად რუსეთში საწვავის წარმოება დაახლოებით 15%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, მოიმატა მსოფლიო ფასებმა როგორც დიზელზე და ბენზინზე, ასევე გაზზე.

რატომ გადადგა უკრაინამ ისეთი ნაბიჯი (იგულისხმება კურსკის ოლქში შეჭრა), რომელიც  ხელს შეუშლიდა კატარში დაგეგმილ მისთვის სასარგებლო დიპლომატიურ მოლაპარაკებას? ალბათ, კიევმა აწონ-დაწონა სიტუაცია და უპირატესობა კურსის ოლქში შეჭრაზე შეაჩერა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კრემლზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონოდა - ტერიტორიული გაცვლის საკითხის განხილვის დროს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთი სამხედრო ქვედანაყოფებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა და ამით აღმოსავლეთის ფრონტზე საომარი მოქმედებები შესუსტდებოდა.

კიევის მტკიცებით, მისი არმია ამჟამად 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებს კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში. უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის იურიდიულ ტერიტორიაზე თავდასხმამ და კურსკის ოლქის რამდენიმე რაიონის ოკუპაციამ კრემლი მსოფლიოს თვალში ძალიან დაამცირა. მოსკოვი იძულებული გახდა უკრაინას მოსაზღვრე ტერიტორიიდან 200 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განეხორციელებინა.

სამხედრო ანალიტიკოსები კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო რეიდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ უკრაინა ვერ შეინარჩუნებს მიღწეულ წარმატებას, ანუ კურსკის ოლქში შეჭრა რაიმე გავლენას ვერ მოახდენს დონბასში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე, სადაც უკრაინის არმია უკან იხევს, რუსები კი წინ მიიწევენ და მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს - ქალაქ პოკროვსკს აღებით ემუქრებიან.

როგორც ცნობილია, დღეისათვის სამშვიდობო მოლაპარაკების იდეა ჩიხშია შესული: რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის არმიამ დატოვოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, უკრაინა კი აცხადებს, რომ ცეცხლის მთლიან შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა მოსკოვი ჩამოთვლილი ოკუპირებულ ტერიტორიებიდან თავის ჯარებს სრულად გაიყვანს - ყირიმის ჩათვლით, რომლის ანექსია კრემლმა 2014 წელს მოახდინა.

სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში უარყო კატარში მოლაპარაკების გამართვის განზრახვა და ხაზი გაუსვა, რომ  არავითარი სამიტი დოჰაში დაგეგმილი არ ყოფილა და ამრიგად, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მოლაპარაკების გადატანისა და ჩაშლის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება: „არავის არაფერი არ ჩაუშლია - იმიტომ, რომ ჩასაშლელი არაფერი არ იყო“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/08/18/ukraine-kursk-derailed-partial-ceasefire-talks-russia-qatar/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.