ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-კომენტარი სათაურით „როგორც იქნა, პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა - კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსულ საზოგადოებაზე?“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
ის, რაც კვირას, პირველ ივნისს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შეტანილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - მანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა სიტუაცია, როგორც იქნა, უკრაინისათვის პოზიტიურად იცვლება და ისარი კიევის სასარგებლოდ გადაიხარა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, როგორც ჩანს, საშინელი დარტყმა მიიღეს: უკრაინისაგან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკის ოლქში განადგურებული იქნა 40 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის შორის რადიუსის მოქმედების მქონე ბირთვულ იარაღმზიდი სტრატეგიული ბომბდამშენები.
გარდა ამისა, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ოლქებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა - კიევის მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაინგრა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები... ხოლო პოლარული წრის მიღმა, არქტიკაში, კოლის ნახევარკუნძულზე უკრაინულმა დრონებმა რუსული სტრატეგიული ავიაციის ბაზებს შეუტიეს... ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჩანდა ყველასთვის და, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვისაც.
რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა მთელი ძალებით შეეცდება მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა შეამციროს, სიმართლე მიჩქმალოს და ისე წარმოადგინოს, რომ თითქოსდა არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა - ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის („სპეცოპერაციის“) მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე და მეტი არაფერი...
საინტერესოა, სად იყო რუსეთის ჰაესაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რომლებსაც აეროდრომები და სარკინიგზო ხაზები უნდა დაეცვათ? იქნებ ისინი ვლადიმერ პუტინის სასახლეების დასაცავად არიან გადატანილნი, ან ჩრდილოეთ კორეას მისცეს საბრძოლო მასალების სანაცვლოდ?
უკრაინის მიერ შეტევებისათვის შერჩეული დრო მნიშვნელოვანია: რუსეთში მატულობს რიგით მოქალაქეთა უკმაყოფილება. რუსული ეკონომიკის კრიზისისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე საზოგადოების მემაბოხური განწყობის ჩახშობა ადვილი არ იქნება.
რასაკვირველია, ომის დროს „ცალმხრივი მოძრაობა“ არ არსებობს. ცხადია, რუსეთიც ცდილობს დარტყმები მიაყენოს უკრაინას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მოსკოვი ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დარწმუნებულია, რომ რაც მეტ მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს მოკლავს, უკრაინა მით უფრო სწრაფად დამარცხდება, მაგრამ კრემლის ბინადარს ინტინქტები ღალატობს და სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს - ტაქტიკურს და სტრატეგიულს.
ახლა როცა რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია უკრაინის არმიისთვის მისაწვდომი ხდება და შეიძლება ითქვას, სამხედრო მოქმედების არეალში ექცევა - დრონებისა თუ დასავლური რაკეტების მეშვეობით, ან თუნდაც უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებული თუ გადაბირებული პირების დახმარებით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კრემლი, როგორ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს??
სხვათა შორის, უკრაინის გაბედული ნაბიჯი პესიმისტურ ფიქრებს იწვევს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ნაკლოვანებებზე. შეძლებს თუ არა ბრიტანეთი მსგავსი ეფექტური ოპერაციების განხორციელებას დაფინანსების 20-წლიანი შემცირებებისა და საკუთარი არმიისადმი მთავრობების გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი კუნძულები? თავის დროზე ბრიტანეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ თავისი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გაანადგურა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომდა აღარ დაჭირდებოდა. ჰოდა, ახლა ვლადიმერ პუტინი მშვენივრად სარგებლობს ჩვენი სუსტი პოზიციებით...
რადგანაც კრემლი პატივს სცემს ძალას, ამიტომ ისევ უნდა დავიწყოთ ჩვენი ბირთვული პოტენციალის აღდგენა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის კვლავწარმოების ჩათვლით.
უკრაინის შეტევების დონე, ინტენსივობა და მასშტაბურობა იმას მიანიშნებს, რომ კიევს, რუსული არმიის შეტევების სამწლიანი მოგერიების შემდეგ, უკვე თვითონაც შეუძლია კატატროფული დარტყმების მიყენება, თანაც ისეთ ადგილებში და ისეთი დონით, რომ კრემლს არც დაესიზმრება. ჩვენ მოგვიწევს უკრაინის გამოცდილების შესწავლა, რათა ხვალინდელ დღეს მზად შევხვდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც პლაცზე დაწყობილი მხოლოდ ლამაზად კი არ გამოიყურება, არამედ მაღალი საბრძოლო თვისებებიც აქვთ... ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ტირანების შეჩერება, როგორიც ვლადიმერ პუტინია.