USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«The Daily Telegraph»: „პუტინმა უკრაინის დამარცხების შანსი ხელიდან გაუშვა“
Date:  329

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინმა უკრაინის დამარცხების შანსი ხელიდან გაუშვა“ (ავტორი - ფრენსის დირნლი, რედაქტორის თანაშემწე). „მოსკოვს ჰქონდა კრიტიკული დრო, რომ კიევისათვის მიმდინარე წელს გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ აშშ-ის წყალობით კრემლმა ეს ვერ მოახერხა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ცაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ, მიწაზე არტილერია ქუხს. ისმის ადამიანთა ემოციური შეძახილები. ეს უკრაინა არ არის, ეს საფრანგეთია, ნორმანდია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის („დღე „დ“) 80 წლისთავის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. თუმცა სტუმრები უკრაინასაც არ ივიწყებენ:  „უკრაინაში ტირანია შეჭრილი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობს... ჩვენ ქედს ვერ მოვიხრით ხულიგანი დიქტატორების წინაშე, რაც, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ასე რომ მოვქცეულიყავით, ეს იმას დაემსგავსებოდა, რომ ჩვენ დავივიწყეთ ის, რაც ამ ქვიშიან ნაპირზე ხდებოდა“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას.

შესაძლოა ჯო ბაიდენის სიტყვას, მისი პოლიტიკური წინამორბედის აბრაამ ლინკოლნის გამოსვლისაგან განსხვავებით, რომელიც მან 1863 წელს გეტისბერგის ბრძოლის შემდეგ წარმოსთქვა, პოეტურობა აკლია, მაგრამ მასში მკაფიოდაა აღნიშნული: ებრძვის რა რუსეთს,  კიევმა თავის მხრებზე დაიდო დასავლური ფასეულობების ტვირთი და მას ღირსებით ატარებს.

ბოლო დროს მომხდარი ამბები ერთ გასაოცარ ჭეშმარიტებას აჩვენებს: ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ხელიდან გაუშვა გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შანსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს. კრემლმა ვერ მოახერხა ხარკოვის ოლქში დასახული მიზნის მიღწევა, და ამ დროს ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენოს თანამედროვე ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად. ამ ნებართვამ კიევს უდიდესი დივიდენდები მოუტანა. უკრაინის არმიამ უკვე განახორციელა რამდენიმე ავია- და სარაკეტო შეტევა-თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საზღვაო და ავიაბაზების წინააღმდეგ.

რასაკვირველია, ცალკე აღებული, არცერთი ეს შეტევა სტრატეგიულ სიტუაციას არ ცვლის, მაგრამ  რუსეთის არმიის საწყობებზე ხშირი დარტყმები, მათ შორის გასულ კვირაში, რომლის შედეგად 540 მილიონი დოლარის ნავთობის მარაგი განადგურდა, იმას ნიშნავს, რომ ლოჯისტიკის თვალსაზრისით, უკრაინამ შემობრუნებით მომენტს მიაღწია: კიევის არმიას უკვე მოსკოვის ჯარები ვეღარ დასძლევენ.

რუსეთის ტერიტორიაზე კონკრეტული დარტყმების განხორციელების მიზნით აშშ-ის მიერ გაცემულ ნებართვასთან ერთად, კიდევ ერთ საკვანძო ფაქტორად ითვლება ის, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების კანონის შესაბამისად, ფრონტს უკვე რეგულარულად მიეწოდება საბრძოლო მასალები. მართალია, ამ მხრივ სიტუაცია ჯერ კიდევ არასახარბიელოა, მაგრამ ისეთი დრო უკვე აღარ არის, როცა უკრაინელი ჯარისკაცები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილნი. სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება. ჩეხეთის გეგმა მილიონნახევარი საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე წარმატებით, სწრაფი ტემპით რეალიზდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ის კრიტიკული პერიოდი, როცა მოსკოვი კიევის მიმართ სრულ უპირატესობას ფლობდა საბრძოლო მასალების, ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობის თვალსაზრისით, წარსულში დარჩა. კრემლმა დრო აშკარად ხელიდან გაუშვა და შანსით ვერ ისარგებლა, რაც ვლადიმერ პუტინს ძალიან ძვირად დაუჯდება - აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების მოახლოების კვალობაზე. ვლადიმერ პუტინს მაისში გამიზნული ჰქონდა, რომ სანამ ამერიკაში არჩევნები დაიწყებოდა, მას ხარკოვის ოლქში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაეკავებინა, რომ ჯო ბაიდენი უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდო და ის, ვინც თეთრ სახლში მას შეცვლიდა, კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აეძულებინა.

ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მიერ გამაგრებული ფრონტის ხაზის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ნორმანდიაში ჯო ბაიდენმა განაცხადა, ორწლიან ომში კრემლმა უკვე დაკარგა 350 ათასი ჯარისკაცი (შედარებისათვის: ავღანეთში 10-წლიანი ყოფნის დროს 50 ათასი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასეთმა დანაკარგებმა სსრკ-ის დაშლა დააჩქარა).

ამიტომაც დადგა დრო, რომ უკრაინის ორწლიანი საომარი მოქმედებების გადაფასება მოხდეს, მათ შორის შარშანდელი ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევისაც. რუსეთი თანდათან სუსტდება, უკრაინის თავდაცვა კი სულ უფრო მაღალეფექტური ხდება, რაც ნიშნავს პოტენციალს სამომავლო გამარჯვებისათვის.

რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ომი უკვე მოგებულია. უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია გამარჯვებისთვის, მათ შორის დასავლური იარაღით მომარაგებისა და მხარდაჭერის  უკმარისობა. მაგრამ მხარდაჭერა მაინც არის -  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დანაკარგები ბევრად აღემატება ნორმანდიაში, ამერიკელთა სასაფლაოზე მდგარ 10 ათას ჯვარს, ალბათ, ათჯერ მაინც. უკრაინა დგას - ისევე როგორც ის ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს, 80 წლის წინათ, ნორმანდიაში გადმოსხდნენ, მედგრად იდგნენ და საბოლოო ჯამში გაიმარჯვეს კიდეც.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/06/11/putin-has-missed-his-chance-to-crush-ukraine/

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way