USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Daily Telegraph»: „კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა: პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა“
Date:  

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „კომენტრი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა: პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის  საფუძვლები ირყევა“ (ავტორი - დენიელ ჰანანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 ჩვენ უკრაინაზე მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა მიპყრობილი, შავი მიწით მდიდარ ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკური ბიძგები არყევს. უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ ვოლოდიმირ ზელენსკის ენით - „სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია“.

იმის გამო, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლებით დაქანცულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების მიერ გამაგრებული ზღუდეები და დანაღმული ველები ვერ გადალახეს, ინიციატივა ხელში რუსმა დამპყრობლებმა ჩაიგდეს. რუსები იკავებენ ქალაქ მარინკას, მართალია, მთლიანად დანგრეულს, მაგრამ მას მაინც აქვს სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. რუსული რაკეტების კიევს ისევ ურტყამენ. უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია „ბი-ბი-სი“-ს სთხოვს, რომ ყველა გააფრთხილოს - „უკრაინას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება“.

ახლა უკრაინელების ჯერია, რომ სანგრები გათხარონ და რუსების წინსვლას აღუდგნენ - სეეცადნონ იმის შენარჩუნებას და დაცვას, არასაც ამჟამად აკონტროლებენ. ისევე როგორც 1914 წელს, ფრონტის ხაზი ახლაც დნეპრის დელტიდან დონბასის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრამდე გადის. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, სამხედრო ტექნოლოგიები თავდამსხმელებს უფრო ხელს უწყობს, ვიდრე თავდამცველებს, რომელთა მცირე მიღწევებს საშინელი ფასი აქვთ.

პირველი მსოფლიო ომი საბოლოო ჯამში მათი გამარჯვებით დასრულდა, ვისაც მეტი ცოცხალი ძალა, ანუ მეტი ჯარისკაცები ჰყავდა. ანტანტელმა მოკავშირეებმა გერმანიის შევიწროვება შეძლეს მხოლოდ მაშინ, როცა 1918 წლის მარტისათვის ომში ამერიკაც ჩაერთო და ფრონტის ხაზზე უფრო მეტი ჯარისკაცები გაგზავნეს, ვიდრე „ცენტრალური ღერძის“ ქვეყნებმა [„ოთხთა კავშირმა“].  

ამჯერად დემოგრაფიული უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, რომლის მოსახლეობა უკრაინისას სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ თავისი ომამდელი  სამოქალაქო წარმოების მესამედი სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და უწყვეტად ამზადებს საომარ საჭურველს. რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს დრონების თვალსაზრისითაც. მოკლედ, რუსებს ახლა ვერავინ შეაჩერებს ისე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებს მავთულხლართებით და ტყვიამფრქვევებით აჩერებდა.

რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლას თავისი ნეგატიური ხასიათიც აქვს: ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ხალხი საშინელი მრავალწლიანი სიღარიბისა და შიმშილისათვის გაწირა, თუმცა ამ ეტაპზე მან თავისი საქმე გააკეთა: რუსეთი უკრაინის არმიის კონტრშეტევას გაუმკლავდა და მოწინააღმდეგე შეაჩერა, იძულებული გახადა სანგრები გაეთხარა და პოზიციურ ბრძოლაზე გადასულიყო. მოსკოვი ზამთარს უკრაინელთა გარღვევის გარეშე ხვდება.

ვაღიარებ, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ელოდებოდა, რომ უკრაინის არმია აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა და ომს მალე გამარჯვებით დაასრულებდა. 2022 წლის განმავლობაში უკრაინის სარდლობა დარწმუნდა, რომ თუ „ყირიმ-დონბასის სატრანსპორტო დერეფანს“ არ დაარღვევდა და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს არ გადაუჭრიდა, ისე ომში წარმატება მიუღწეველი იქნებოდა. დერეფნის დარღვევით და აზოვის ზღვის გაკონტროლებით (ქერჩის ხიდის დანგრევის ჩათვლით) უკრაინის არმია ყირიმის რუსული გარნიზონს ფაქტიურად ბლოკადაში მოაქცევდა, ელექტროენერგიას გამოურთავდა, სურსათს არ მიაწოდებდა და კრემლი იძულებული გახდებოდა მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა. მაგრამ სიტუაცია ისე არ განვითარდა, როგორსაც ველოდი.

რატომ შევაფასე არასწორად სიტუაცია, რატომ შევცდი?

მე ვესაუბრე არა მარტო უკრაინელებს, არამედ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს და დამკვირვებლებს, რომლებიც კარგად იცნობენ საომარ მოქმედებებს. ისინი აკვირდებოდნენ უკრაინის არმიის საოცარ წარმატებას ხარკოვისა და ხერსონის ოქებში 20022 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ წარმატებამ დასავლეთს გამარჯვების რწმენა გაუძლიერა და უკრაინას ისეთი შეიარაღება მისცეს, რომლებზეც ადრე თავს იკავებდნენ - ვაითუ რუსებს ჩაუვარდეთ ხელშიო.

კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინას უკვე ჰქონდა შორი მოქმედების რაკეტები, განნაღმვის საშუალებები და პრინციპში, თანამედროვე ამერიკული, გერმანული, ფრანგული და ბრიტანული მძიმე ჯავშანტექნიკა. იმავდროულად „ვაგნერელთა“ ამბოხმა დაადასტურა, რომ რუსეთის სიმტკიცე ფრონტის ხაზის მიღმა მაინცდამაინც ძლიერი არ არის.

მაგრამ დამპყრობლებმა წინა შეცდომებიდან დასკვნები გააკეთეს. იმ დროს, როცა გასულ გაზაფხულს უკრაინა ტავის ჯარისკაცებს ახალი იარაღის გამოყენებას ასწავლიდა, რუსი ჯარისკაცები კილომეტრებით ნაღმავდა ველ-მინდვრებს და გზებს, აგებდა გამაგრებულ ზღუდეებს, თხრიდა სანგრებს და ტრანშეებს, აგროვებდა დრონებს და გამალებით ამზადებდა რაკეტებს და ჭურვებს.

ვლადიმერ პუტინს ახლა მხოლოდ 12 თვით გაძლება ჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ (იგი თავის აღტაცებას ვერ მალავს რუსი ტირანის მიმართ - ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ პუტინს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე თავის სპეცსამსახურებს), კონგრესმენი რესპუბლიკელები მაინც ომის შეწყვეტას მოითხოვენ, ფულს არ გამოყოფენ და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედებენ. უფრო მეტიც - ახლახან, ფაქტიურად, კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დახმარების დაფინანსება დაბლოკა.

ალბათ, ბევრმა შეამჩნია ვლადიმერ პუტინის ზამბარისებური მოქმედების ეფექტი. დიდი ხნის განმავლობაში იგი საკმაოდ იყო დაშინებული და რუსული პოსტსაბჭოთა გავლენის სივრცის მიღმა ფეხს ვერ დგამდა. გარდა იმისა, რომ მის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოწერილი დაპატიმრების ორდერი არსებობდა, კრემლის ბინადარს, ალბათ, სხვა ბევრი მტერიც ჰყავდა და შიშობდა, მასზე თავდასხმა არ მოეწყოთ. ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უცხოური ვიზიტების მისამართი იყო ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და მეგობრული დიქტატურის ორი ქვეყანა - ირანი და ჩინეთი.

მაგრამ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა უფრო შორეული ვიზიტების განახორციელა - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში. ვიდეოკადრებში აშკარად ჩანდა, რომ ეს პირადად დესპოტი ვლადიმერ პუტინი იყო და არა მისი ორეული. რატომ გაგულადდა რუსეთის ლიდერი და ისეთ ქვეყნებში გაემგზავრა, რომლებიც დასავლეთთან არიან დაკავშირებულნი უსაფრთხოების საკითხებში? რამდენად შესაძლებელია, რომ საემიროებსა და საუდიტებს დასავლეთმა სთხოვა, რომ ვლადიმერ პუტინს წინასწარ დალაპარაკებოდნენ სამშვიდობო შეხვედრის პრელიუდიის სახით?

თუ ეს მართლაც ასეა, დიდი რისკია იმისა, რომ ჩვენ სუეცის არხის 1956 წლის მსგავსი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ყოველი გარიგება, რომელმაც შეიძლება რუსეთის აგრესია წაახალისოს, იქნება სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ ნატომ, მთელი თავისი რესურსებით და შეიარაღებით, ვერ მიაღწია მინიმალურ მიზანს - იმ ქვეყნის გადარჩენას, რომლის დაცვა ალიანსის ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა - აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ივალდებულეს.

ერთი მხრივ, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში დემოკრატია მოიკოჭლებს. მართალია, უკრაინა უფრო ლიბერალია, ვიდრე რუსეთი, მაგრამ მაინც ბევრი დემოკრატიული უფლება ირღვევა - არა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამო. აკრძალულია ზოგიერთი პარტია - დიახ, ისინი რუსოფილურები არიან, მაგრამ არის შიში იმისა, რომ აკრძალვები დასავლურ ოპოზიციურ პარტიებსაც დაემუქრებათ. მაგალითად, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას. თვითონ პარტიის ლიდერს ამას წინათ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტის ნება არ დართო. მართალია, პეტრო პოროშენკომ, პატრიოტული მოსაზრებით, უარი განაცხადა ამ ინციდენტის გამო საერთაშორისო სკანდალის ატეხვაზე, მაგრამ ამ ფაქტმა მე პირადად ძალიან დამაფიქრა.

მეორე მხრივ, გავიხსენოთ, რომ 1939 წელს პოლონეთს ავტორიტარული მთავრობა მართავდა, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია გერმანიის თავდასხმისათვის. ჩვენ, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთის დაცვაზე ვალდებულება გვქონდა აღებული და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას ვაძლევდით - ისევე როგორც უკრაინას მივეცით 1994 წელს, როცა კიევმა თავის ბირთვულ არსენალზე უარი თქვა.

მართალია, ამჯერად ჩვენ ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მაინც იმდენად ვართ ჩარეული უკრაინის საქმეში, რომ რუსეთის გამარჯვება (ანუ კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების საერთაშორისო დადასტურება), დასავლეთისთვის პრესტიჟის კატასტროფული დაკარგვა იქნება, პლუს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასავლურ ფასეულობებს - პირად თვისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

კონფლიქტები მსოფლიოში სულ უფრო მოიმატებს იმის კვალობაზე, როცა დიქტატორული რეჟიმები დარწმუნდებინ - „ქუჩაში წესრიგის დამცველი პოლიციელები აღარ დგანან“. ვენესუელას დიქტატორი პრეზიდენტის პრეტენზიები მეზობელი გაიანის მიმართ მადესტაბილიზებელი პროცესების მხოლოდ დასაწყისია.

„დასავლეთმა მშვიდობა მოიპოვა არა იმდენად თავისი იდეების, ფასეულობებისა და რელიგიის უპირატესობით, არამედ ორგანიზებული ძალადობის გამოყენების უპირატესობით“, - წერდა სემუელ ჰანთინგტონი, - „დასავლელები ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტს, არადასავლელებს კი ყოველთვის ახსოვთ“.

რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უკრაინის მარცხს. უკრაინამ რუსეთი ფაქტიურად განდევნა შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილიდან და მისი პორტები საერთაშორისო ზღვაოსნობისა და ვაჭრობისათვის გახსნილები არიან. ამასთან ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმ ტენდენციისაგან, რასაც ჯორჯ ორუელი მეორე მსოფლიო ომის დროს ამჩნევდა - როცა ინტელექტუალები გადაჭარბებით აფასებდნენ ყოველ მიღწევას, ჩვეულებრივი ადამიანები კი მათ არ ეთანხმებოდნენ. გავიხსენოთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროს ინტელექტუალებში გადაჭარბებული პესიმიზმი იგრძნობოდა („უკრაინას რუსეთი რამდენიმე დღეში დაიპყრობს!“), ხოლო ხერსონის დაბრუნების შემდეგ ასევე გადაჭარბებული ეიფორია („უკრაინა მალე გაათავისუფლებს ყირიმს და დონბასს!“). ამიტომაც დღეს ჩვენ ძალიან დიდ და შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებს ამ წარუმატებელი შეტევის შემდეგ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც ღიად არ აქეზებს აგრესორს შემდგომი ექსპანსიისაკენ. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების შედეგად, უკრაინის აღმოსავლეთმა ნაწილმა [ვთქვათ, დონბასმა] ავტონომია მიიღოს სუვერენული უკრაინის შემადგენლობაში. შესაძლოა მოხდეს ყირიმის დემილიტარიზება და რეფერენდუმი ჩატარდეს საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლით...

მაგრამ თუ საბოლოო ჯამში უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივ ანექსიას მოახდენს, წააგებს არამარტო დასავლეთი, არამედ მთლიანად ბოლო მოეღება საერთაშორისო წესრიგს, 1945 წლიდან არსებულს. მსოფლიოში სიცივე მატულობს, წინ გრძელი ღამეები გველოდება...

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/12/09/putins-russia-is-closing-in-on-devastating-victory/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way