USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«The Daily Telegraph»: „ისლამური ანტისემიტიზმი - ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის, „განკითხვის დღის“ ომის შემდეგ“
თარიღი:  649

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ მწვავე კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ისლამური ანტისემიტიზმი - ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის, „განკითხვის დღის“ ომის შემდეგ“ (ავტორი - ჯეიკ საიმონსი);

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელში დღეს რაც ხდება, შეიძლება 50 წლის წინ მომხდარ ფაქტს - იომ-ქიფურის („განკითხვის დღის“) ომს შევადაროთ. 1973 წელს, ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა გაუგონარი ხელის მოცარვის ტოლფასი იყო. როცა მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას აპირებდა, ადამიანები გაოგნებულნი იყვნენ მასირებული მოულოდნელი თავდასხმით. ეს იყო ერთ-ერთი დამანგრეველი დილა ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში. იმ ომის შედეგად მსხვერპლი ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის დანაკარგები ვიეტნამის ომში. რა თქმა უნდა, იომ-ქიფურის ომი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დღევანდელ და იმდროინდელ სიტუაციას შორის გარკვეული პარალელი შეიძლება გატარდეს - 1973 წელს რაც მოხდა, დღესაც თითქმის იგივე კატასტროფას წარმოადგენს ებრაელებისათვის.

ისრაელის უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა შეცდომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შეიარაღებული ტერორისტები ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებში შეიჭრნენ და არავის არ ინდობდნენ. ეს ფაქტი ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 1973 წელს ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეცდომით ფიქრობდა, რომ არაბული არმიები მათ არ შეუტევდა - ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი დამარცხდებოდნენ და ამიტომ ეგვიპტე და სირია თვითმკვლელობაზე არ წავიდოდნენ. იყო თუ არა მსგავსი სასირცხვილო ქედმაღლობა გამოვლენილი ამ დღეებშიც, როცა ებრაელები სუკოტის (კარვების) დღესასწაულის დასასრულს აღნიშნავდნენ?

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ არაბი მებრძოლები ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს ესვრიან. გაურკვეველი რაოდენობის ებრაელები ტყვედ იქნენ ხელში ჩაგდებულნი. საზოგადოება ისრაელის სადაზვერვო სამსახურებს მძაფრად აკრიტიკებს. ბევრს იმის დანახვა, თუ როგორ ზეიმობენ და ცეკვავენ არაბები პალესტინის ქალაქებში, თუ როგორ ეპყრობიან ტყვედ აყვანილ ებრაელ ქალებს და ბავშვებს, ებრაელ ტანკისტებს, გულისრევის შეგრძნებას იწვევს. მათ შორის ჩემშიც.

ასე დაიწყო ჩვენს თვალწინ სამხედრო-პოლიტიკური ხანძარი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის უზრუნველყოფა ელექტროენერგიითა და გაზით შეწყდა. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის არმია უდიდესი ძალის საპასუხო დარტყმას მიაყენებს არაბი ტერორისტების საყრდენ პუნქტებს, კავშირგაბმულობისა სისტემას და ინფრასტრუქტურას. ომი არ დასრულდება მანამ, სანამ არაბები უკანასკნელ ებრაელ ტყვეს ან მოკლულთა ცხედრებს არ დააბრუნებს. ასე რომ, ტრაგედია ტრაგედიაზე აეწყობა. უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი საომარი პერსპექტივისათვის.

სხვათა შორის, არსებობს იმის საფრთხეც, რომ „ჰეზბოლა“ (არაბ ტერორისტთა დაჯგუფება ლიბანში), რომელსაც რაკეტების რეზერვი ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი აქვს, ისრაელის ჩრდილოეთში მეორე ფრონტს გახსნის და ებრაელთა თავდაცვის ძალებს ორად გაჰყოფს - ანუ 1973 წლის მოვლენები განმეორდება. და ყველასათვის გასაგებია, ამ ყველაფრის უკან ირანი დგას, რომელიც აიარაღებს როგორც „ჰამასს“, ასევე „ჰეზბოლასაც“. თეირანს დიდი ხანია სურს ისრაელზე თავდასხმა ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების მონაწილეობით.

ძნელია არაფერი არ ვთქვათ და არ გავაკრიტიკოთ დასავლეთის ე.წ. „დამწყნარებელი“ პოლიტიკა, რომელმაც ირანი და მისი საცეცები, მათ შორის, „ჰამასი“ გაათამამა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წინადადების წინააღმდეგ, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსი“ „შავ სიაში“ შეტანილიყო, მიუხედავად იმისა, რომ MI-5-ის გენდირექტორმა თავის მოხსენებაში ირანელ „გუშაგთა“ ანტიბრიტანული ტერორისტული ქმედების დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა.

ამასობაში კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის მმართველ რეჟიმს ჩუმად ეხმარება: ნავთობის ექსპორტის აკრძალვას აუქმებს და თეირანს ნებას აძლევს მილიონობით დოლარის შემოსავლები მიიღოს და ამ ფულით საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს არსებობა გაუგრძელოს, ასევე გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა.

სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც მოწმენი იმისა, რაც ხშირად ხოლმე ხდება ისრაელის მიმართ: როცა ერთი ომი რეალურად მიმდინარეობს, მეორე ომი ონლაინ რეჟიმით ინტერნეტში ხდება: ტროლები არმია ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვითი ნაბიჯები. იმ დროსაც კი, როცა „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ჩვენ გვესმის, რომ „ებრაელები თურმე სიკვდილს იმსახურებენ“. როცა ისრაელის არმია „ჰამასს“ საპასუხო დარტყმას აყენებს, ჩვენ გვეუბნებიან, არაპროპორციული მოქმედებთო. მაჰმუდ აბასმა, პალესტინელმა ე.წ. „ზომიერმა“ ლიდერმა, რომელიც უკვე 18 წელია პრეზიდენტის როლს ასრულებს, თანამემამულეთა მიერ ჩადენილი მხეცობა გაამართლა და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ისრაელის საოკუპაციო ჯარის მოქმედებით და არაბების მიწაზე ებრაელთა ახალმა დასახლებებით.

დასავლელი „სასარგებლო იდიოტები“ სოციალისტური მიდგომით აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ორგანიზაცია „წინააღმდეგობის მებრძოლთა ჯგუფს“ წარმოადგენს და რომ ისინი, როცა ებრაელებს ხოცავენ, უბრალოდ, კოლონიურ სახელმწიფოს ებრძვიან. საღად მოაზროვნე ადამიანების პასუხი ამ მართლაც იდიოტების მიმართ ასეთია: ეს არის ანტისემიტური თავდასხმა. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა შეიძლება პირდაპირი პარალელის გავლება „ჰამასსა“ და ადოლფ ჰიტლერს შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს  ექსტრემისტული პალესტინელი ლიდერი ამინ ალ-ჰუსეინი, რომელიც ებრაელობას ინფექციურ ავადმყოფობად მიიჩნევდა, ხოლო უშუალოდ ებრაელს - მიკრობად და ბაცილად თვლიდა, მესამე რეიხის იდეოლოგიის გამტარებლად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში: ხელს უწყობდა ფაშიზმის პროპაგანდას რადიოს, პრესის და პროკლამაციების მეშვეობით.

წაიკითხეთ „ჰამასის“ წესდება: 32-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ იბრძვის სიონისტთა შეთქმულების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ ნილოსსა და ევფრატს შორის არსებული ტერიტორიის დაპყრობა. ეს გეგმა „სიონელი ბრძენების ოქმებშია“ გამოხატული“. არასაკმარისი იქნებოდა იმის თქმა, რომ „ჰამასი“ ნაცისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს პირდაპირ ნაცისტურ პროპაგანდას წარმოადგენს.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიბერალი ორაზროვნად ლაპარაკობს და ირიბად მხარს უჭერს არაბებს, ისინი თავიანთი ასეთი ქცევით ფაქტიურად მხარს ისლამისტ ფაშისტებს უჭერენ. ასეთ „გულუბრყვილობას“ ვერაფრით  გამართლებ. ეს არის მორალური კრახი. დასავლეთი წინ უნდა აღუდგეს მსგავს პოლიტიკოსებს და ისრაელის გვერდით დადგეს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/10/07/islamist-anti-semitism-israels-darkest-since-yom-kippur-war/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.