USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“
თარიღი:  

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“ (ავტორი - როლანდ ოლიფანტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყირიმის ხიდზე უპილოტო აპარატების შეტევა ზღვიდან - მანამდე კი სევასტოპოლზე  ჰაერიდან დრონების თავდასხმა - მოწმობს იმას, რომ ყირიმი რუსეთის მოწყვლად ადგილს წარმოადგენს. მომხდარი ამბები ადასტურებს რუსეთისათვის იმ არასასიამოვნო სიმართლეს, თუ რა ზიანს აყენებს უკრაინა ყირიმს დისტანციური დარტყმებით.

რასაკვირველია, ოფიციალური კიევი ზოგადად თავშეკავებულად ეკიდება რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიისადმი მსგავსი თავდასხმების ფაქტებს: უკრაინელი სახელმწიფო ჩინოვნიკები გადაკრულად, ორაზროვნად და დაუზუსტებლად ლაპარაკობენ და თავიანთ პასუხისმგებლობას არ აღიარებენ.

მაგრამ ამჯერად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადგილობრივ მასმედიას აცნობა, რომ ოპერაცია განხორციელდა სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საზღვაო უპილოტო მცურავი აპარატების გამოყენებით.

არსებობს ვიდეოკადრები, თუ როგორ მოქმედებენ საზღვაო დრონები. დაკვირვებით რომ შევხედოთ, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება მათზე: როგორ გამოიყურებიან ისინი და როგორ მოახერხეს დიზაინერებმა ჰიბრიდის შექმნა - თანამედროვე ნავიგაციური ტექნოლოგიის გამოყენება საწყლოსნო სპორტის ტექნიკაში - მოტორიან ნავში ძველმოდური წესით ბომბის დასამზადებლად.

დრონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, 5,5-მეტრიან ჩქაროსნულ, სწრაფმავალ კატერებს ჰგავნან. მათ წინა ნაწილთან („ცხვირთან“) ახლოს პატარა კოშკურაზე დამონტაჟებული აქვთ მოძრავი ვიდეოკამერა, ხოლო უკან, კიჩოსთან - აპარატურა, რომელიც, როგორც ჩანს, ოპერატორთან კავშირის საშუალებას წარმოადგენს, ალბათ, Starlink-ის ტერმინალი.

ძრავაც, როგორც ჩანს, სამხედრო წარმოებისა არ არის, ცვეულებბრივი ბენზინის მოტორს ჰგავს, რომელსაც კანადის კომპანია ამზადებს სამოქალაქო ჰიდროციკლებისათვის.

ერთადერთი, რაც სამხედრო პროდუქციად შეიძლება ვაღიაროთ, არის დეტონატორი, რომელიც საბჭოური ავიაბომბიდან არის მოხსნილი და კატერზე დაყენებული.

საერთოდ, უპილოტო კატერ-ბომბდამშენები (ანუ ბრანდერები) რაიმე ახალი აღმოჩენა არ არის: სერ ფრენსის დრეიკმა მსგავსი ტექნიკა ჯერ კიდევ 1588 წელს გამოიყენა, ესპანური „უძლეველი არმადის“ წინააღმდეგ.

დასავლური სამხედრო-საზღვაო სტრუქტურები - კერძოდ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო  ძალები, რასაკვირველია, ითვალისწინებდნენ იმას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სწრაფმავალი კატერების თავდასხმის მოგერიება - ეს მოხდა მას შემდეგ, როცა „ალ-ქაიდას“ ტერორისტმა კამიკაძემ ჩქაროსნული კატერით ამერიკულ ხომალდს - Cole-ს  შეუტია, 2000 წელს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გახდა მსგავსი კატერების ნაკლები დანახარჯებით დამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საჭირო აღარ არიან მესაჭე-კამიკაძეები მიზანთან მიახლოებისათვის.

როცა ათამდე უკრაინულმა უპილოტო კატერმა სევასტოპოლის ნავსადგურში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შეუტია, ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა ამ ფაქტში საზღვაო ბრძოლების გარდამტეხი მომენტი დაინახა.

მართალია, შეტევის შედეგად არცერთი რუსული გემი არ ჩაძირულა (თუმცა ორი საკმაოდ დაზიანდა), უპილოტო კატერებმა აჩვენეს, რომ შავ ზღვაზე ახალი და სერიოზული ძალა გამოჩნდა.

17 ივლისს ყირიმის ხიდის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მიგვანიშნებს, რომ საფრთხე მატულობს და ვითარდება. ალბათ, ამ ფაქტს რიგი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ყურადღებას მიაქცევენ და შეისწავლიან.

ქერჩის ხიდი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და მოწყვლად ობიექტს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. ქერჩის ხიდი მნიშვნელოვან საინჟინრო მიღწევად და ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის დაუფლების სიმბოლოდ იქცა. ხიდის ექსპლოატაციაში გაშვებამ შეამცირა საზღვაო ბორნების დატვირთვა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მატერიკული ნაწილიდან ნახევარკუნძულთან კავშირი ხორციელდებოდა.

დღეს ხიდი რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ ქსელში (უკრაინის სამხრეთში) კრიტიკულად სუსტ და იმავდროულად მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. უკრაინელებმა ხიდს პირველად გასული წლის ოქტომბერში შეუტიეს, როცა მასზე საბარგო ავტომობილი ააფეთქეს. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე კვირით გამოვიდა. ორშაბათის შეტევა ადასტურებს, რომ მიუხედავად ვლადიმერ პუტინის შარშანდელი ბრძანებისა ხიდის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, 12-კილომეტრიანი ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო ძნელი ხდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის (ქერჩის) ხიდი კომპლექსურია - მასში შედის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ხიდიც და დაზიანდა მხოლოდ საავტომობილო ნაწილი, აფეთქების ფაქტი სამხედრო მომარაგებაზე რაიმე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან ყველაზე მეტი ტვირთი რკინიგზით გადაიზიდება, მაგრამ თვით ხიდის დაზიანება რუსეთის ჯარზე, რომელიც უკრაინელთა კონტრშეტევას იგერიებს, მორალურად მაინც უარყოფითად იმოქმედებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმის(ქერჩის) მხრიდან მატერიკისაკენ (ტამანისაკენ) მიმავალი ავტომობილების ნაკადი როსტოვისაკენ „ახალი ტერიტორიების“ (ყირიმ-დონბასისსახმელეთო დერეფნის) გავლით მიმართეს, რაც სამოქალაქო მგზავრებისათვის სარისკოა.

ქერჩის ხიდზე შეტევა, როგორც შარშანდელი, ასევე ახლანდელიც, უხერხულ მორალურ-ეთიკურ მომენტებთანაც არის დაკავშირებული. პირველი ინციდენტის დროს ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. არავინ იცის, ზუსტად როგორ იყო ორგანიზებული აფეტქება. ბევრი კითხვა ისმება: ნებაყოფლობით მონაწილეობდა თუ არა მძღოლი? თუ ასე არ არის, მაშინ აქვს თუ არა რაიმე გამართლება იმას, რომ სამოქალაქო პირს ბომბების წაღებას აძალებ? მეორე აფეთქების დროს კი, 17 ივლისს, მშვიდობიანი მოქალაქეები - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი გოგონა კი დაიჭრა.

ქერჩის ხიდი უკრაუინისათვის კანონიერ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ტოტალური ომის დროს, როცა ხალხი ეროვნული გადარჩენისათვის იბრძვის და მტრისაგან თავს იცავს, ზოგიერთი თანმდევი ზარალი გარდაუვალია. ხიდის აფეთქებისაგან გამოწვეული მსხვერპლი ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის არმიის მხეცობას ომის დროს, რომელიც აშკარად წინასწარგანზრახულად არის ჩადენილი.

ომი ყოველთვის ცუდი და მიუტევებელია - იმის მიუხედავად, თუ ვის მხარეზე ხართ.  თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს ასე არ არის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2023/07/17/ukraine-crimea-bridge-attack-drones-strategy-russia/

 

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის