USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი ღალატით შეიძლება დასრულდეს: უხერხემლო დასავლელი ლიდერები პუტინს გამარჯვებაში ხელს უწყობენ“
Date:  332

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის 3 იანვრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი ღალატით შეიძლება დასრულდეს: უხერხემლო დასავლელი ლიდერები პუტინს გამარჯვებაში ხელს უწყობენ“ (ავტორი - რობერტ კლარკი, სამხედრო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შარშან ამ დროს, 2023 წლის იანვრის დასაწყისში, უკრაინა ძალიან იმედიანად იყო განწყობილი: მისმა ჯარმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ჯერ ხერსონთან, შემდეგ კი ხარკოვთან, რუსი ოკუპანტებისაგან ტერიტორიები გაათავისუფლა და დაიბრუნა. მოვლენებს ისეთი პირი უჩანდა, რომ დასავლეთის დედაქალაქები დარწმუნდნენ - კიევის გამარჯვება მოსკოვზე ახლოს იყო. დასავლელი ლიდერები იმას კი არ ლაპარაკობდნენ, გაუგზავნონ თუ არ გაუგზავნოს კიევს რაკეტები, ქვემეხები, ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, არამედ იმას, თუ რამდენი გაუგზავნონ და როდის.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისადმი მრისხანე „ჩელენჯერების“ გაგზავნით დაადასტურა, რომ ლონდონი კიევისათვის წარმატებული სამხედრო დონორი გახდა. ალბიონმა ერთგვარი დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა ვაშინგტონ-ბერლინზე და ისინი აიძულა კიევისათვის „აბრამსები“, „ბრედლები“ და „ლეოპარდები“ გადაეცა. ამ ტანკებზე დიდი იმედები იყო დამყარებული დაგეგმილი კონტრშეტევისათვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის იანვრის დასაწყისში განწყობა სრულიად განსხვავებულია: კონტრშეტევა ჩაშლილია - უკრაინამ ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის არმიისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა. რუსულმა ეკონომიკამ დასავლეთის სანქციებს გაუძლო და სწრაფად გადავიდა სამხედრო რელსებზე, რათა ფრონტი უწყვეტად მოემარაგებინა იარაღით. დასავლეთი ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება და დაყოვნებულად მოქმედებს. ამასობაში კი უკრაინა ახალი წლის დღეებში მასირებულ დაბომბვას განიცდის, მისი ფრონტი შესუსტებულია, არმიას ჯარისკაცები აკლია, მობილიზაცია პრობლემების წინაშე დგას.

არადა, გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ უკრაინის მედგარი მებრძოლები დასავლეთმა ლიბერალური ფასეულობებისა და თავისუფლების დამცველებად შერაცხა, დღეს კი დასავლელ მთავრობებს ემჩნევათ, რომ უკმაყოფილონი არიან, გაჩნდა ეჭვები კიევისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხებში.

უკრაინელი ხალხისაგან დღეს ზურგით შებრუნება, თანაც ასე სწრაფად და მით უმეტეს, ბოლო თვეების სისხლისმღვრელი ბრძოლების ფონზე - ეს დასავლეთის მორალურ კრახსა და სტრატეგიულ გულგრილობას ნიშნავს.

გასაგებია, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს გარკვეული ეჭვი შეეპარათ დამანგრეველი ომის გაგრძელებაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოკლევადიან ან საშუალოვადიან ჩიხს უნდა ველოდოთ.

დასავლური ეკონომიკა ჯერაც ვერ გამართულა წელში გასული წლების პანდემიისა და ენერგეტიკული კრიზისისაგან. საერთაშორისო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, წითელი ზღვის აკვატორიაში (იემენელი ხუსიტების თავდასხმები სავაჭრო გემებზე) - ეს ყველაფერი მყიფე მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

და ამ დროს, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში სპილოების - ამერიკელი რესპუბლიკელების დაბრუნების პოტენციური შესაძლებლობაა გაჩენილი 12 თვის შემდეგ, დღის წესრიგში დგება უკრაინისადმი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე. ვაშინგტონში ჯო ბაიდენი ამბოხებულ კონგრესს ებრძვის და აგებს, ბრიუსელში კი ევროკავშირს ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება და იგებს - უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკავს.

ერთობლიობაში საკმაოდ შავბნელი სურათი იხატება. უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა, ჩიხური სიტუაცია თითქმის მთელ ფრონტზე, რუსეთის ეკონომიკის ამტანობა და სიმტკიცე, დასავლეთის ყურადღების გადატანა უკრაინის მიღმა... დღეს კიევი ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე შარშან ამ დროს იყო.

თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედოდ არ არის: უკრაინა თავის სამხედრო მრეწველობას ავითარებს, რათა დასავლეთზე დამოკიდებულება შეასუსტოს. კიევს შესწევს იმის ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დაიბრუნოს, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა. უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანია, ათასობით ჯარიკაცი მომზადდა ნატოს მიერ, საზღვარგარეთ. მათი ერთ მუშტად გაერთიანება ფრონტზე წარმატების მომტანი იქნება. მთავარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფა და არტილერიის რეზერვების შევსება.

თავის მხრივ, რუსეთის ემზადება ომის გასაგრძელებლად - მისი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედი სამხედრო დანიშნულებისაა. კრემლი ცდილობს მიტაცებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. თუ მოსკოვი ამას მოახერხებს, მაშინ დრო მის სასარგებლოდ იმუშავებს, უკრაინის ეკონომიკა კი, დასავლეთის დაუხმარებლად, მძიმე ტვირთს ვერ გაუძლებს და გამოიფიტება.

რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს. ვლადიმერ პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ დასავლეთი გამოცდას ვერ გაუძლებს და წელში გაწყდება. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, შეგვიძლია მას ხელი შევუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი 2024 წელს არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობას დაასრულებს, არამედ ევროპის სუვერენიტეტსაც.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/01/02/ukraine-war-2024-western-betrayal-russian-victory/

 

analytics
«The Guardian» : „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში“

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში“ (ავტორი - პატრის ვინტური). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ხელისუფლების სავარაუდო შეცვლის გზები და განხილულია ქვეყნის ხელმძღვანელთა სხვადასხვა კანდიდატები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა უთანხმოება ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხის მიმართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „შვიდეულის“ წევრებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა, როცა საკითხი მთავრობის დამხობას ეხება: „ჩვენ აზრზე არ ვართ, რა მოჰყვება ამას და რა იქნება შემდეგ“. მან აღნიშნა, რომ ირანის მთავრობის სავარაუდო შექმნისათვის დრო არ აქვს და საერთოდ, თავიანთი მთავრობა ირანელებმა თვითონვე უნდა შექმნან. „ირანის რეჟიმის შეცვლა სამხედრო საშუალებებით დღეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირავს. ვინმე თვლის, რომ 2003 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა კარგი იდეა იყო? ვინმე თვლის, რომ ის, რაც ლიბიაში გაკეთდა - მუამარ კადაფის დამხობა - კარგი იდეა იყო? რეჟიმის შეცვლა გეგმის გარეშე - სტრატეგიული შეცდომა იქნება“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი, პირიქით, განაცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ტერორისტულია და კარგი იქნება, რომ ის ახლავე დაემხოს“. მართალია, კანცლერმა აღიარა, რომ რეჟიმის ცვლილებას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგები, მაგრამ არსებობს დადებითი პრეცედენტიც, მაგალითად, სირიაში, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის კრახის შემდეგ ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას ცდილობს. ამასთან, ფრიდრიხ მერცს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სირიაში მთავრობის ცვლილებას წინ 9-წლიანი სამოქალაქო ომი უძღვოდა და რომ ხელისუფლების ამგვარ შეცვლას ძალიან ძნელი იქნება დემოკრატიული გადასვლა ვუწოდოთ.

ხშირად ხდება, როცა ავტორიტარული ხელისუფლების დამხობის შემდეგ არენაზე გამოდიან უპროგნოზო პოლიტიკური ძალები, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია ყალიბდება და უკონტროლო პროცესები იწყება. დიახ, თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა გეგმები ერაყის ომისშემდგომი მოწყობის საკითხში (სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, „მომდევნო დღიასათვის“), მაგრამ საბოლოო ჯამში თვით აშშ-მაც კი ვერ აიცილა თავიდან დესტაბილიზაციური პროცესები.

ირანის შემთხვევა კი უფრო უარესია - ირანში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი, რომლის შემოსავლების გადანაწილება კონფლიქტს გამოიწვევს. დასავლეთს ბოლო დროს ირანის რეჟიმის დამხობა საერთოდ დაგეგმილი არ ჰქონია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ბალკანიზაცია რეალურად მოხდეს. მართალია, ირანი ხელოვნურად შეკოწიწებულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს, ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამჟამინდელ საზღვრებით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა - სპარსელები მხოლოდ 50%-ს შეადგენს, დანარჩენი კი სხვა ხალხებია: დაახლოებით 25% - აზერბაიჯანელები, უფრო ნაკლები - თურქები, ქურთები, ბელუჯები, არაბები, ასირიელები, სომხები, ებრაელები... ანუ როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება დაემხობა, თავს იჩენს სეპარატიზმი.

როგორც კი ეთნიკური სეპარატიზმის აფეთქება მოხდება, ბაქოს რეჟიმი აზერბაიჯანში და ბევრი ქურთული სამხედრო მოძრაობა თავის უფლებებს გამოაცხადებს რომელიმე ანკლავის სახით ირანის ტერიტორიაზე. ისრაელის გაზეთმა Jerusalem Post-მა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ რადგან ირანის რეფორმირება შეუძლებელი იქნება, მაშინ უმჯობესია ქვეყნის ფედერალიზება მოხდესო.

ირანში ორგანიზებული ოპოზიცია არ არსებობს, პოლიტიკური პარტიები აკრძალულია, ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციონერი და რეჟიმის მოწინააღმდეგე საპყრობილეში - ზოგი უშუალოდ საკანში, ზოგიც - იშვიათად - შინაპატიმრობაში. ყოველგვარი დისიდენტობა და სხვაგვარად აზროვნება მკაცრად იდევნება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები განადგურდნენ, მაგრამ აიათოლების ხელისუფლებას მაინც აქვს თავდაცვის პოტენციალი. მათგან ყველაზე საშიშია უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი. მისი ლიკვიდაცია შეიძლება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით ან არმიის დახმარებით. შესაძლოა გუშაგთა კორპუსში მოიძებნონ საშუალო და უმცროსი დონის უკმაყოფილო ოფიცრები, რომლებიც რეჟიმით უკმაყოფილონ არიან და რომლებიც შეძლებენ გადატრიალების მოწყობას. ამით თავიდან აცილებული იქნება ახალი რევოლუცია და დამყარდება შედარებით ლიბერალური საერო ხელისუფლება.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ირანის თეოკრატიული მთავრობის დამხობას ელოდება, რეზა ფეჰლევია - აწ გარდაცვლილი ირანის ბოლო შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი. იგი 1979 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს. სხვათა შორის, დღეს მონრქისტულ პერიოდს ბევრი ირანელი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, „ვარდისფერი სათვალით“ იხსენებს - სასმელ-საჭმელი იყო, ქალებს თავისუფლება ჰქონდათ, ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლირებული არ იყო და ა.შ.  რეზა ფეჰლევი ამჟამად აშშ-ის ტელეარხებით გამოდის და აცხადებს, რომ აიათოლების რეჟიმი კრახის პირზეა და დასავლეთს საკუთარ თავს დემოკრატიისაკენ გადასვლის გარდამავალ ეპოქაში ქვეყნის ხელმძღვანელად სთავაზობს. „ირანელი ხალხი ხედავს, რომ მათი უმაღლესი ლიდერი მხდალია და ბუნკერში ვირთხასავით იმალება. მაღალჩინოსნები ირანიდან უკვე გარბიან. მე მაქვს ირანის სამომავლო მმართველობისა და მისი აღდგენის გეგმა“, - აცხადებს შაჰის ვაჟი.

მაგრამ არის ეჭვები, რომ მას არ ესმის ირანის საზოგადოების დღევანდელი ინტერესები, არ იცნობს ქვეყნის შიდა მდგომარეობას, რადგან ირანიდან მამამისის გაქცევის დროს, იგი მხოლოდ 17 წლისა იყო. ყველამ იცის, რომ რეზა ფეჰლევი ახლოს არის ისრაელის მთავრობასთან და ეს გარემოება მისთვის ერთგვარ ლაქას წარმოადგენს. ირანელებში ნეგატიურ  ემოციებს იწვევს მისი საზეიმო [პროისრაელური] განცხადებები იმ დროს, როცა ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ხოცავს.

ხმები გავრცელდა, რომ თითქოსდა საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება და თითქოსდა ამ საკითხის ორგანიზატორები არიან ირანის ორი ყოფილი ლიდერი - ექს-პრეზიდენტი ჰასან რუჰანი (2013-2021 წლებში) და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯავად ზარიფი. მათ ტანდემს შეიძლება შეუერთდეს ალი ლარიჯანი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი.

ზოგიერთები თვლიან, რომ სამომავლო პოლიტიკურ ფიგურებდ შეიძლება დასახელდეს ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფი - 2011 წლიდან - მირ ჰუსეინ მოსავი (ირანის ექს-პრემიერ-მინისტრი 1981-1989 წლებში) და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი. ცოლ-ქმარი ისრაელის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს დამნაშავედ და აგრესორად თვლის, რომელიც „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლს“, მაგრამ იმავდროულად აკრიტიკებენ ირანის დღევანდელ ხელისუფლებას. საყურადღებო ფიგურას წარმოადგენს აგრეთვე თეირანის ემინის საპყრობილეში მყოფი მუსტაფა ტაჯზადე, ირანის შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი და პრეზიდენტ სეიდ მუჰამედ ჰათამის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (1997-2005 წლებში), რომელიც დაპატიმრებამდე ხშირად აკრიტიკებდა აიათოლა ალი ჰამენეის: „იგი თვალს ხუჭავს ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე“. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მუსტაფა ტაჯზადე წერს: „მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისრაელის დაბომბვებს მხარს უჭერს იმ იმედით, რომ როგორმე კლერიკალური მმართველობა დაემხოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასე მოხდება, ირანისაგან ნანგრევები დარჩება, გაბატონდება უკანონობა და ქაოსი, არ არის გამორიცხული ქვეყნის დაშლა-დანაწილებაც“.

ირანის მასწავლებელთა პროფკავშირული ასოციაციის საკოორდინაციო საბჭო ალტერნატიული ხელისუფლების კიდევ ერთ პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. მისი განცხადებით, „ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკას, რომელიც ომის გაჩაღებისაკენ არის მიმართული - ვინც არ უნდა ატარებდეს მას, ირანის მთავრობა იქნება ეს თუ ისრაელის მთავრობა. ომი სიკეთის მთესველი და მომავლის მშენებლობის საშუალება კი არ არის, არამედ უბედურების მომტანია“.

ომის წინააღმდეგ განცხადებები ემინის საპყრობილეში ჩამწყვდეული ქალი ტუსაღების მხრიდანაც ისმის: ნარგეს მოჰამადი, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დასავლეთსაც აკრიტიკებს და ირანის რეჟიმსაც: „ომი არავისთვის სასურველი არ არის. ომის გამჩაღებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სინდისზე იქნება უამრავი ადამიანის სიკვდილი, ათასობით ირანელი მოქალაქის უსახლკაროდ დარჩენა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება ომისა და ძალადობის გზით ვერ იქნება მიღწეული“.

მოკლედ, ირანულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოოდ, როცა რეპრესიული სტრუქტურები დასუსტდებიან, ქვეყნის სამომავლო არჩევანი თვითონ ირანელებზე იქნება დამოკიდებული. ვიმეორებთ: ბევრ ირანელს თავიანთი რეპრესიული რეჟიმი სძულს, მაგრამ ასევე სძულთ ისრაელიც და მას ქვეყნის ნგრევაში ადანაშაულებენ. ბევრ ირანელს თავისი მთავრობის მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს, მაგრამ მათ ასევე იციან, თუ რა გაუკეთა ღაზას მოსახლეობას ისრაელმა. ირანელებს არ სურთ, რომ თეირანიც იგივე დღეში აღმოჩნდეს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way