ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ უკრაინა და დასავლეთი დამარცხდებიან, ამით რუსეთთან ერთად, ჩინეთიც ისარგებლებს“ (ავტორი - რობერტ კლარკი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის ტანკები გასულ წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ომის დასრულების სამი ვარიანტი განიხილება: ა) რომელიმე მოწინააღმდეგე მხარის გამარჯვება, ბ) კონფლიქტის გაყინვა [ცეცხლის დროებითი შეწყვეტის საფუძველზე] და გ) სამშვიდობო მოლაპარაკება. ალექსი არესტოვიჩის - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის - ბოლოდროინდელი განცხადება-კომენტარი იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ომის დასრულების ბოლო „გ“ ვარიანტი უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე ადრე ითვლებოდა.
ალექსი არესტოვიჩი შეეხო იმ სავარაუდო პერსპექტივას, რომლის მიხედვით, უკრაინა გადაწყვეტს ტერიტორიულ დათმობას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის დანარჩენი ნაწილი მიიღებს უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველაზე მტკიცე გარანტიას, როგორიც კი დღეს არსებობს, სახელდობრ, ნატოში გაწევრიანებას.
პრეზიდენტის ოფისის ექს-მრჩევლის კომენტარმა ძალზე ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურება ჰპოვა: ალექსი არესტოვიჩის პოზიცია კიევში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ ის, რომ ასეთი ვარაუდი გაჟღერდა, ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინულ მხარეს და მის დასავლელ მოკავშირეებს ეჭვი გაუჩნდათ - იქნება თუ არა სამომავლოდ იმის გარანტია, რომ უკრაინა კიდევ დიდხანს გააგრძელებს საომარ მოქმედებებს?
ალექსი არესტოვიჩის განცხადება კრიტიკულ მომენტში გაისმა: კიევის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ-დაპირებული კონტრშეტევა როგორც იქნა დაიწყო, მაგრამ აგერ უკვე მეორე თვეა უკრაინის არმია რუსების გამაგრებულ პოზიციებს უტევს და ჯერ-ჯერობით ვერ გადაულახავს, ვერ ახერხებს მთავარი მიზნის შესრულებას - აზოვის ზღვის ნაპირისაკენ გასვლას და „ყირიმ-დონბასის დერეფნის“ ორ ნაწილად გაჭრას.
რასაკვირველია, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზები აქვს - უკრაინამ დასავლეთის მიერ დაპირებული იარაღის მხოლოდ ნაწილი მიიღო და რადგანაც გააფთრებული ბრძოლების შედეგად დანაკარგები იზრდება, იძულებულია ბრძოლაში თანდათან მეტი და მეტი სარეზერვო ნაწილები ჩააბას. დასავლური პრესა აცხადებს, რომ რუსეთის არმიის ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება დაბალიაო. შეიძლება მართლაც არის ასეთი სიმპტომები, მაგრამ როგორც რეალური სიტუაცია გვაჩვენებს, რუსული სარდლობა მტკიცედ არის განწყობილი, რომ უკან არ დაიხიოს - ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის არმიისათვის გადაცემული ტანკები და ჯავშანმანქანები, თვით უკრაინელ განმნაღველთა ჩათვლით, რეგულარულად ფეთქდებიან რუსეთის მიერ დანაღმულ ველებზე. საბოლოო ჯამში, უკრაინის არმიამ წინ მხოლოდ 8 კილომეტრით წაიწია. აზოვის ზღვის ნაპირამდე ჯერ კიდევ თითქმის 100 კილომეტრამდეა დარჩენილი, რომლის დაუფლება კიევისათვის ძალიან მძიმე იქნება: ბრძოლა მათ პრაქტიკულად, შიშველ სტეპში, ვაკეზე მოუწევთ, სადაც თავს ვერსად შეაფარებენ. წინ ფართო და მრავალრიცხოვანი დანაღმული უბნებია, სანგრებისა და ტრანშეების ქსელი, რომელთა გადალახვა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, ამას ემატება რუსული ავიაციის რაკეტული დარტყმები. გარდა ამისა საყურადღებოა უკრაინელებისათვის ძალზე ნეგატიური მომენტი: უკრაინის არმიას ჰაერიდან მხარდაჭერა არ აქვს.
ის, რომ კონტრშეტევის ორგანიზება ძალიან დიდ დროს და დაგეგმვას მოითხოვს, საერთაშორისო აუდიტორიას ნაკლებად აინტერესებდა. დასავლეთი - პოლიტიკოსები და მასმედია - ვერ ითმენდნენ და კიევს მუდმივად ახსენებდნენ დანაპირების შესრულებას. არადა, კონტრშეტევა არის უდიდესი მასშტაბის მქონე სამხედრო ოპერაცია, სადაც ყველაფერს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს - ჯარების კონცენტრაციას და რაოდენობას, საბრძოლო სულისკვეთებას, იარაღით ნორმალურად აღჭურვას და უზრუნველყოფას, ლოჯისტიკას, აგრეთვე პირად მამაცობას და იღბალსაც კი. ობიექტურად რომ ვთქვათ, უკრაინელებს თითქმის ყველა ეს თვისება აქვთ, მაგრამ...
მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს - დრო. ომში დროის ფაქტორი ყველაზე ულმობელი და სასტიკია, რომელსაც ვერაფრით ვერავინ ვერ შეცვლის. ჩვენ ეს ავღანეთშიც ვნახეთ, სადაც ტალიბები დიდი სიამოვნებით იმეორებდნენ ავღანურ ანდაზას - „თქვენ შეიძლება საათი გაქვთ, მაგრამ დრო ჩვენს მხარეზეა“.
ზაფხულს მალე შემოდგომა შეცვლის. ცხელი სეზონის ნახევარი უკვე გავლილია. შემოდგომით ამინდი გაუარესდება და ჯარის აქტიურობა შენელდება, რაც რუსეთს თავდაცვის გაძილერების შესაძლებლობას მისცემს - ისე, როგორც ეს გასულ ზამთარს მოხდა. მომავალი წლის გაზაფხულისათვის კი დასავლეთის ყურადღება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იქნება მიმართული. არცევნები იქნება დიდ ბრიტანეთშიც...
კიევმა, რასაკვირველია, იცის, რომ მას სამომავლოდ წარმატების შესაძლებლობები შეუმცირდება, თუ სრულად არ გამოიყენებს დღევანდელ სიტუაციას და რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას არ დაიბრუნებს.
თუ უკრაინა ზამთრამდე ვერ მიაღწევს სამხედრო მიზნების შესრულებას (ანუ ვერ გაარღვევს სახმელეთო დერეფანს ყირიმსა და დონბასს შორის), ამ შემთხვევაში მოწოდებები ტერიტორიულ დათმობებზე უფრო მეტად გაძლიერდება - არამარტო ქვეყნის გარეთ, არამედ, სავარაუდოდ, ქვეყნის შიგნითაც. ომით ყველა იღლება. დასავლეთს თავისი პრობლემები ექნება: არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოლიტიკოსები ლაპარაკს დაიწყებენ ეროვნული ბიუჯეტის სახსრების დაზოგვა-ეკონომიაზე, საბრძოლო მასალების საკუთარი ინტერესებისთ გამოყენებაზე და ა.შ.
უკრაინას უახლოეს თვეებში კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს თავის სამხრეთ რეგიონში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ნეგატიური შედეგისათვის მაინც ახლავე უნდა მოემზადნონ: თუ კონტრშეტევა ჩაიფუშება, ასეთი ფიასკო ნიადაგს შექმნის ტერიტორიული დათმობისათვის. და თუ ტერიტორიული დათმობა მტკიცე უსაფრთხოების გარანტიით არ იქნება უზრუნველყოფილი (ანუ ნატოში უკრაინის უცილობელი მიღებით, რაც სადაო გახდება მარცხის შემთხვევაში), კრემლი, ალბათ, მყიფე საფუძველზე დადებულ შეთანხმებას არ დაიცავს.
გარდა ამისა, რაც არ უნდა იყოს, უეჭველია, ასეთი სცენარი მისასალმებელი იქნება ჩინეთის მმართველი ელიტისათვის: თუ ომი უკრაინის ორად გაყოფით დასრულდება, თუ დონბასში რუსეთის არმია იქნება დისლოცირებული (რომელიც კვლავ დაემუქრება უკრაინას და ევროპას), თუ ნატოში პოლიტიკური განხეთქილება მოხდება, პეკინი აშკარად ნასიამოვნები დარჩება. უკრაინის ფიასკო საჩუქარი იქნება ჩინეთისათვის - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში სი ძინპინის მზარდი იმპერიალისტური ამბიციების ფონზე - და გამანადგურებელი მარცხი დასავლეთისათვის.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/07/18/ukraine-and-the-west-are-facing-a-devastating-defeat/
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge