USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია“
Date:  433

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მაშინ კამალა ჰარისი კომუნისტია“ (ავტორი - ტიმ სტენლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტერიული სტადიის მოწმენი ვხდებით, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე ქვეყნის ისტორიაში. ვისაც კარგი მახსოვრობა აქვს, ალბათ, იმას გაახსენდება, თუ როგორ წვავდა წიგნებს სარა პეილინი, ხოლო მიტ რომნი აცხადებდა, რომ  შავკანიანებს ბროკილებს დაადებდა. ამჯერად დონალდ ტრამპის შესახებ, თეთრი სახლის აპარატის უფროსმა გამაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი როცა პრეზიდენტი იყო, თურმე პირადულ საუბრებში ჩიოდა - რატომ არ მყავს ისეთი გენერლები, როგორიც ადოლფ ჰიტლერს ჰყავდაო. კამალა ჰარისმა დაუყონებლივ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა - აი, ხედავთ, დონალდ ტრამპს ისეთი ადამიანები მოსწონს, რომლებმაც მილიონობით ებრაელი გაანადგურესო“,

სინამდვილეში ექს-პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა, რომ მას სურს კომპეტენტური და ლოიალური გენერლები ჰყავდეს, თუმცა ეს უფრო ბედის ირონიას ჰგავს, თუ გავიხსენებთ, რომ რაიხსფიურერის მოკვლა იმავე „ლოიალურ“ გენერლებს ჰქონდათ განზრახული. და მაინც იმის თქმა, რომ „დონალდ ტრამპი ფაშისტია“, ეს დიდი ზედმეტობა და გადაჭარბება იქნებოდა.

დიახ, ამერიკული არჩევნები სავსეა პარადოქსული მომენტებით. ზოგიერთი თვლის, რომ ამჟამინდელი არჩევნები ყველაზე მეტად ამაზრზენია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში დაბუდებული უცხო ვირუსს წარმოადგენს... მაგრამ ისინი ივიწყებენ იმას, რომ ოდესღაც თეთრ სახლში შედიოდნენ ქურდებიც, მონათფლობელებიც, ზნედაცემულები და ომის გამჩაღებლებიც. მათ ფონზე დონალდ ტრამპი ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტს წარმოადგენს.

როცა ამბობენ, რომ რესპუბლიკელებმა „უოტერგეიტი“ და ერაყის ომი მოგვიწყესო, მაშინ ისიც გაიხსენონ, რომ დემოკრატებმა ვიეტნამი და ჯონ ედვარდსთან დაკავშირებული სკანდალი მოაწყეს. პოლიტიკა იგივე რჩება, როგორიც ყოველთვის იყო. თუ რაიმე [ნეგატიურად] შეიცვალა, ეს უფრო ისტორიულ განათლებაზე ითქმის: თანამედროვე პოლიტიკოსების უმრავლესობა, როგორც ჩანს, დღევანდელი მოვლენებით ცხოვრობს და ერთადერთი, თუ რაიმეს შესახებ რაღაცის თქმა შეუძლიათ, მეორე მსოფლიო ომი და მისი ფიურერი წარმოადგენს. აბა, როდის გაიგონეთ უკანასკნელად, რომ რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის ოპონენტს იულიუს ცეზარი ან ნაპოლეონ ბონაპარტი უწოდა?

მემარცხენეები, რომლებიც თავიანთი განათლების მწირ რეზერვებს იყენებენ, ცხოვრების არსს ჰიტლერსა და არაჰიტლერს შორის აპოკალიპტური არჩევანის გაკეთებაში ხედავენ და ის ადამიანები, რომლებიც მათ 100%-ით არ ეთანხმებიან, ან პროჰიტლერები არიან, ან ჰიტლერის იდეებს იზიარებენ. გასულ კვირას კამალა ჰარისმა თემატური აქცია ჩაატარა - „აბორტი - ეს ჯანმრთელობაა“. აქციაზე გამოსულმა ცნობილმა ექიმებმა - თეთრ ხალათებში გამოწყობილებმა - დაამოწმეს, რომ დონალ ტრამპს ამერიკის გადაქცევა სურს ისეთ ქვეყნად, როგორიც სერიალ „მსახურის მოყოლილ ზღაპარშია“ – გამოგონილ ტოტალიტარულ და რელიგიურ-თეოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს სრული აბსურდია. დიახ, ექს-პრეზიდენტს სურს აბორტების ნებადამრთველი კანონი გააუქმოს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ აბორტის გაკეთება არ შეიძლება. ეს ქალების უფლებაა. დონალდ ტრამპი აბორტების საერთოეროვნულ დონეზე აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის.

ადოლფ ჰიტლერი ბოროტების განსახიერებას წარმოადგენდა, ეს უდავოა. მაგრამ განა იოსებ სტალინიც იგივენაირი არ იყო? და თუ დონალდ ტრამპი ფაშისტია (თუმცა ეს, ვიმეორებთ, აბსურდია), მაშინ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ დემოკრატები, რომლებსაც სოციალური ქსელების გაკონტროლება სურთ და ზემოდან კულტურული რევოლუციის განხორციელებას გვპირდებიან, კომუნისტები არიან? ვისგან გადაიღეს ლიბერალმა პოლიტიკოსებმა მკაცრი კარანტინის მოწყობა? „წითელი ჩინეთისაგან“. ესე იგი, შეიძლება თუ არა შევრაცხოთ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი „ახლადმოვლენილ მაო ძედუნად?

რა თქმა უნდა, არსებობს შედარებით უფრო ცინიკური მიდგომა ფენომენის - „ვინც მე არ მეთანხმება, ის ჰიტლერია“ - მიმართ: კამალა ჰარისი სწორედ ასე აკეთებს. მას ავიწყდება, რომ რადგან იგი თვითონ ახლოს დგას მარქსიზმთან [მამამისი ეკონომისტი იყო, რომელიც მარქს-ენგელსურ ეკონომიკას სწავლობდა) შეიძლება კომუნისტად შერაცხონ.

ისტორიკოსი ვიქტორ დევის ჰენსონი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ასე აღწერს: ის ვინც ლექციას სხვას განგებ არასწორად უკითხავს, საკუთარი თავის მავნებელია“. იგი იხსენებს აშშ-ის ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთს ფაქტს: როდესაც  1833 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის მე-7 პრეზიდენტს ენდრიუ ჯექსონს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, მისი წინამორბედი, აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი ჯონ ქუინსი ადამსი კოლეგის საზეიმო ცერემონიაზე არ მივიდა. ‘არა, მე არ მოვალ. მე არ მსურს დავინახო, რომ ცემი საყვარელი უნივერსიტეტი დოქტორის წოდება ბარბაროსს და ბელურს ანიჭებს, რომელსა საკუთარი სახელის ასოებით წარმოთქმა არ შეუძლია“.

როცა ცერემონიის დროს სტუდენტებმა ენდრიუ ჯექსონს ლათინურ ენაზე დაუსვეს კითხვა, მან ინგლისურ ენაზე უაპასუხა: „ერთადერთი ლათინური გამოთქმა, რომელიც მე ვიცი, ესაა E Pluribus Unum („ერთი მრავალთაგან“ - აშშ-ის დევიზი, რომელიც თავდაპირველად მიუთითებდა 13 დამოუკიდებელი კოლონიის ერთ გაერთიანებულ სახელმწიფოდ ინტეგრაციას). სტუდენტები აღფრთოვანებულები დარჩნენ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/10/27/if-trump-is-a-fascist-then-harris-is-a-communist/

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way