USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „შემცდარი ევროპა ვერ ამჩნევს, რომ მისი დრო დასრულებულია: სანამ კონტინენტი მოსახლეობის სიბერეს ებრძვის, მსოფლიოში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება“
Date:  371

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შემცდარი ევროპა ვერ ამჩნევს, რომ მისი დრო დასრულებულია: სანამ კონტინენტი მოსახლეობის სიბერეს ებრძვის, მსოფლიოში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება“ (ავტორი - ჟერარ აგო, საფრანგეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ, ევროპელები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პატარა კონტინენტი დღემდე არამხოლოდ მსოფლიო ისტორიის ცენტრია, არამედ ამჟამინდელ მსოფლიოსაც აყალიბებს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დანარჩენ ისეთ ფასეულობებს, რომელთა უნივერსალურობაში ეჭვიც კი არ შეგვაქვს. ჩვენ საკუთარ თავს დიდსულოვან, უძლიერეს და კეთილზნეობრივ ადამიანებად ვთვლით.... მაგრამ ევროპული ძლიერების ჭეშმარიტი პერიოდი სინამდვილეში უკვე მხოლოდ გავლილ ისტორიულ ეპიზოდს წარმოადგენს

დიახ, ევროპელები მსოფლიოში ბრძანებლობდნენ მე-18 საუკუნიდან 1945 წლამდე და ახლაც ჩვენ მხოლოდ ამერიკას ჩამოვრჩებით, მაგრამ მბრძანებლობის პერიოდი რაღაც ორასიოდე წელი თუ გრძელდებოდა. ჩვენ რომ ავიღოთ და 1950 ან 1750 წლის ინდოეთისა და ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროპისას შევადაროთ, მათი მშპ, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა.

ამრიგად, ნიუ-დელი და პეკინი ჩვენი აყვავებისა და ბატონობის დროს ევროპელებს მხოლოდ მეტიჩრებად გვთვლიდნენ, ხოლო დღევანდელი ეკონომიკური ბალანსის აღდგენის მცდელობა აზიასა და ევროპას შორის (რომელიც ოცი წელიწადია გრძელდება), მათი ხედვით, მხოლოდ ძველი ისტორიული ნორმისადმი დაბრუნებას წარმოადგენს. ჩვენ, მეტიჩრებს, ჩვენი ადგილი გვაჩვენეს.

გასაკვირი არაა, რომ 2016 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალ The Atlantic-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ივარაუდა, რომ კაცობრიობის მომავალს ერთად გადაწყვეტენ ნიუ-დელი, პეკინი და ვაშინგტონი.

აშშ-ში ელჩად ყოფნის დროს ყურადღება მივაქციე იმას, თუ როგორ გულგრილად, მოწყენილად და უგულვებელყოფით გვიყურებენ ჩვენ, ევროპელებს, ჩვენივე მემკვიდრე ამერიკელები. ჩვენ მათთვის ბებერი დეიდები ვართ, რომელთა ნათქვამი სერიოზულად არ უნდა მიიღო.

ვაშინგტონისათვის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და იმავდროულად ძირითადი გამოწვევებიც აზიაში მდებარეობენ, ამიტომაც აშშ-სათვის სრულიად ლოგიკურია სწორედ აზიისაკენ მიიხედოს და აზიელების მიმართულებით იმქომედოს. ამ საკითხში ყველაფერი ერთმნიშვნელოვნადაა: იმიტომ, რომ ამერიკა რუსეთს რეგიონულ სახელმწიფოდ მიიჩნევს და ყურადღების ცენტრად აღარ თვლის. თეთრ სახლს სურს რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს უკრაინის ომის საკითხი და გაერკვეს რეალურ საფრთხესთან - ჩინეთთან მიმართებით.

შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ევროპელებს, დავამტკიცოთ, რომ ძველებურად მნიშვნელოვანი ვართ და ტურისტებისათვის მხოლოდ პერიფერიულ ღირსშესანიშნაობას არ წარმოვადგენთ?

ვეჭვობ, რომ არა და თანაც ძალზე კონკრეტული მიზეზით: როგორც ფრანგი, ჩემს ქვეყანას ყურადღებით ვაკვირდები, რომელსაც 1815 წლიდან, მცირე პერიოდების გამოკლებით, ჩინეთი საფრანგეთს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ თვლიდა. დღეს კი საფრანგეთი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის ბედს სწორედ დემოგრაფია განსაზღვრავს.

აქედან გამომდინარე, ევროპა უპრეცედენტო სიტუაციის წინაშე დგას. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლამდე ევროპის მოსახლეობა 5-10%-ით შემცირდება, ხოლო შრომისუნარიან ასაკში უფრო მეტად - 17%-ით.

რას ნიშნავს ეს?

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნაკლები მოსახლეობა, იქნება ნაკლები მოთხოვნილება და, შესაბამ,ისად, ნაკლები ეკონომიკური ზრდა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, საფრთხე ელოდება იმ „ევროპულ მოდელს“, რომელიც კომპრომისს გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსა და ეკონომიკურ რეალობას შორის.

დაბერებული ევროპელი ამომრჩეველი ითხოვს პირველს მეორის ხარჯზე. უახლოეს ათწლეულში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის დაბერებული მოსახლეობა (80 წელზე ზევით) გაორმაგდება.

მოსახლეობის დაბერება დაკავშირებულია მედიცინის ხარჯების ზრდასთან, სოციალური შეღავათების გადიდებასთან. დემოგრაფიული კრიზისი სულ უფრო მეტად შეიტანს განხეთქილებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის - შრომისუნარიანებსა და პენსიონერებს შორის. კიდევ უფრო გამწვავდება დავა მიგრანტებთან დაკავშირებით. შობადობის წახალისების პროგრამების ჩავარდნების გამო მთავრობები, დემოგრაფიული კრიზისის გამოსწორების მიზნით, ქვეყანაში სულ უფრო მეტ მიგრანტს შეუშვებენ. რა თქმა უნდა, დღევანდელ ევროპაში ასეთი გადაწყვეტილება ენთუზიაზმს არ იწვევს. როცა ფრანგმა მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, რომ რიგ სფეროებში კადრების უკმარისობის გამო მიგრანტების გარკვეული მიღება მოგვიწევსო, საზოგადოებაში ისეთი პროტესტი გაისმა, რომ მან სწრაფად „უკუსიჩქარე“ ჩართო.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ყველაზე მეტად იმ მიზნით გავიდა, რომ იმიგრაციის ტალღა შეეჩერებინა, თანაც თვით ევროკავშირის ქვეყნებიდან. გერმანიამ 2015 წელს ახლო აღმოსავლელ მიგრანტებს კარი გაუღო - ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მაგრამ დღეს სანანებლად გაუხდა. გერმანელები და ევროპელები სამუშაოს საძებნელად აშშ-ში მიდიან. რასაკვირველია, ევროპიდან ამერიკაში მიგრაცია უკიდურესად არასასურველია - ჩვენ ვკარგავთ მაღალგანათლებულ ახალგაზრდებს, რადგან ამერიკაში მათ დიდი შესაძლებლობები ელოდებათ.

აშშ-ში ჩემი ელჩად ყოფნის დროს მოგზაურობის შესაძლებლობა მქონდა, ბევრი შტატი მაქვს მოვლილი და ყველგან ვხვდებოდი ევროპელ სწავლულებს, ქირურგებს, მასწავლებლებს და ბიზნესმენებს. ჩემთვის ძალიან საწყენი იყო ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მათ სწავლაზე თანხები დახარჯეს, ისინი კი თავიანთი შრომით ამერიკას ამდიდრებდნენ.

ჩემს კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს საფრანგეთი (ან გერმანია, იტალია და ა.შ.), მათი ერთადერთი არგუმენტი ასეთი იყო: უკეთესი დაფინანსება და ცოტა საკანონმდებლო ბარიერები. დიახ, სამწუხაროა, რომ დაბერების პროცესში მყოფ ქვეყნებში ბევრად ცოტა ფულია და მთავრობები სულ უფრო მკაცრ საფინანსო განკარგულებებს იღებენ.

ამ სტატიის წაკითხვისას ნუ გაიფიქრებთ იმას, ჩემი პესიმიზმი ტიპიური ფრანგული ბუზღუნია და იტყვით, რომ ბრიტანული და ფრანგული დემოგრაფია კარგ მდგომარეობაშია.

ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ევროპა სიბერისაგან თანდათან სუსტდება. ჭეჭმარიტებაა, რომ ჩვენ მართლაც ძველი სამყარო ვართ. კაცობრიობის მომავალი კი სადღაც სხვა ადგილზე გადაწყდება.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/business/2023/08/25/deluded-europe-cant-see-that-its-finished/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way