USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთის დრო თითქმის ამოიწურა - კრემლის სტრატეგია კიევის წინააღმდეგ კრიტიკას ვერ უძლებს“
თარიღი:  

„უკრაინის კონტრშეტევა, შეიძლება ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, დრო კიევის წინააღმდეგ კი არა, მოსკოვის საზიანოდ მუშაობს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთის დრო თითქმის ამოიწურა - კრემლის სტრატეგია კიევის წინააღმდეგ კრიტიკას ვერ უძლებს“ (ავტორი - რიჩარდ კემპი).

„უკრაინის არმიის კონტრშეტევის ოპერაცია ერთი თვის წინ დაიწყო. მძიმე ბრძოლების შედეგები მაინცდამაინც წარმატებული არ არის, თუმცა ტერიტორიის მცირე ნაწილი ხელიდან ხელში გადავიდა. უკრაინის დასავლელი მოკავშირეები - თავიანთი ამომრჩევლებისათვის რომ კიევისადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობა ეჩვენებინათ - წინასწარ განგებ დიდ იმედებს ამყარებდნენ შეტევაზე, თუმცა, რასაკვირველია, იმედებისა და სურვილების დაუყონებლივი დაკმაყოფილება არ მომხდარა, ეს მიუღწეველი იყო.

უკრაინას დასავლეთის მიერ გაწეული ათობით მილიარდიანი დახმარებაც კი არ ჰყოფნის ისეთი დამთრგუნავი ძალის მოსაკრებად, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესაძლებლობა მისცა სწრაფად გაენადგურებინათ ერაყი 1991 და 2003 წლებში. უკრაინის არმია ამჟამად სასინჯ შეტაკებებს აწყობს, რუსეთის ჯარის პოზიციებში სუსტი ადგილების გამოსავლინებლად. შესაბამისად, ისეთი სწრაფი გარღვევის იმედი არ უნდა გვქონდეს, როგორიც გასულ წელს ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ვნახეთ. არსებობს იმის შიშიც, რომ თუ ნატოს მიერ აღჭურვილი კიევის ჯარი რუსულ პოზიციებს ვერ გაარღვევს, რუსეთის არმია პირიქით, თვითონ გადავა კონტრშეტევაზე.

როგორც ჩანს, რომ რუსეთის სტრატეგია უკრაინელთა დაქანცვას გულისხმობს - კრემლი იმედოვნებს, რომ მოწინააღმდეგის მოქმედება ისეთი მძლავრი თავდაცვითი ხაზით შეზღუდოს, რომელსაც მრავალი თვეების განმავლობაში ამზადებდა, შემდეგ კი, როცა კიევი წარმატებას ვერ მიაღწევს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების დადებაზე აიძულოს, ან ისევ დაარტყას უკრაინის დასუსტებულ არმიას.

ვლადიმერ პუტინი უპირატესობას, ალბათ, პირველ ვარიანტს მისცემს - იმიტომ, რომ კრემლი სწრაფ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის: რუსული ჯარი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დროს უკრაინულ არმიას ვერ დაამარცხებს. ვლადიმერ პუტინს იმის შიშიც აქვს, რომ დასავლეთი კიევს უფრო ფართოდ დაეხმარება. დღეს იგი შოკშია ჩავარდნილი - მას ნამდვილად არ ეგონა, რომ ამერიკა და ევროპა უკრაინას ასე ფართო მრავალმხრივ მხარდაჭერას აღმოუჩენდა. ეს შიშები აშშ-ის სენატის იმ რეზოლუციითაც ძლიერდება, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს ფაქტი განხილული იქნება ნატოზე თავდახმად, რომლის პასუხი წესდების მე-5 მუხლით არის განსაზღვრული.

უკრაინის დაყოვნებული წინსვლა, რომლის დროსაც ჩვენ მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების მოწმენი გავხდით, ერთი შეხედვით, ზოგიერთებმა შეიძლება ვლადიმერ პუტინის ნებაზე - ომის გაჭიანურებაზე - თანხმობად აღიქვას, მაგრამ განა რამდენი დრო აქვს რუსეთის პრეზიდენტს რეზერვში, განსაკუთრებით „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხების შემდეგ?

ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ახლა რუსეთის მმართველი რეჟიმი შედარებით ნაკლებად სტაბილურია. განა ვინმე წარმოიდგენდა ჯერ ევგენი პრიგოჟინის ანტისამთოვრობო შეიარაღებულ გამოსვლას, შემდეგ კი იმას, რომ მას წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა? ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიის უმაღლეს სარდლობაში ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულება არსებობს. სად გაქრა გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც ევგენი პრიგოჯინის მომხრეა? რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება ომი რუსეთისათვის აშკარა წარუმატებლობის ფონზე, მით უფრო მეტი შანსია რეჟიმი შეიცვალოს.

რუსეთს შეიძლება ახალწვეულების შეუზღუდავი რეზერვი ჰქონდეს, მაგრამ მას არ შეიძლება ჰქონდეს საბრძოლო მასალების განუსაზღვრელი მარაგი. კრემლმა ძლივ-ძლივობით შეძლო მობილიზებულების აღჭურვა, თუმცა ძალიან დიდი პრობლმები აქვს მძიმე სამხედრო ტექნიკის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალების წარმოებაში. ამიტომაც რუსეთი ეძებს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მისი სამხედრო მანქანის „მკვებავი“ გახდება, ვთქვათ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. თუმცა დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტ იარაღს რუსეთს აიათოლების ირანი აწოდებს.

ჩინეთსაც აქვს შესაძლებლობა რუსეთს „მაშველი რგოლი“ გადაუგდოს. რუსეთის გამარჯვება დასავლეთზე, ჩინეთის ინტერესებში შედის, მაგრამ „ცისქვეშეთს“ ისეთი რუსეთის ხილვა ჭირდება, რომელიც ომიდან დასუსტებული გამოვა და პეკინი მასზე დომინირებას განახორციელებს. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ჩინეთი რუსეთის გამო ამერიკასთან ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს, ის ძალიან სცდება. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეკინი მოსკოვს სამხედრო თვალსაზრისით ღიად დაეხმარება.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერის მტკიცე საფუძველი აქვს - განსაკუთრებით ახლა, როცა ჩინეთი თავშეკავებას ავლენს რუსეთის იარაღით მომარაგების საკითხში. დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თუ ის სრული პოტენციალით ამოქმედდება, რუსეთის შესაძლებლობებს მთლიანად გადასწონის. კიდევ ერთი მომენტი: იმ დროს, როცა რუსეთის სავარაუდო მარცხი მხოლოდ მისი მარცხი იქნება და არ განიხილება კრემლის მოკავშირეების მარცხად, უკრაინის შემთხვევაში პირიქითაა - კიევის მარცხი მთელი დასავლეთის, ნატოს მარცხად იქნება აღიარებული. ამიტომ ევროპამ და ამერიკამ ამ ფაქტორს ყურადღება უნდა მიაქციოს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სიტუაცია შეიცვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს თავის მზადყოფნას უკრაინის დასახმარებლად. დღეისათვის დასავლეთის დახმარება იმისთვისაა საკმარისი, რომ რუსეთმა კიდევ რაიმეს ხელში ჩაგდება ვერ შეძლოს, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის, რომ უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს. ამისათვის აუცილებელია სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა, აგრეთვე უკომპრომისო ძალისხმევა, რათა მოსკოვისათვის იარაღის მიწოდება შეწყდეს, განსაკუთრებით ირანიდან.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/07/03/time-is-no-longer-on-vladimir-putins-side/

 

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის