ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „თვალსაზრისი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ბანდიტური სახელმწიფო ძალებისაგან იფიტება“, რომლის ავტორი, პოლკოვნიკი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი - სამეფო სატანკო პოლკის ყოფილი მეთაური - მსჯელობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამეფებულ კორუფციაზე, უპასუხისმგებლობაზე, მმართველი ელიტის მორალურ გახრწნაზე და ასკვნის, რომ ვლადიმერ პუტინის ბანდიტური რეჟიმის დამხობა მომწიფებულია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გასაკვირი არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს საოცრად კორუმპირებული სახით მართავს. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ მიდის სახელმწიფოს სახსრები მისი მოკავშირეებისა და ოლიგარქების ჯიბეში, თუმცა ხაზინის ფულით თვითონაც კარგად სარგებლობს. მრავალი წლის განმავლობაში სისტემური კორუფცია მისი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა, მაგრამ ახლა, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ფრონტის ხაზზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი, ასეთი კორუფციული სისტემა სახელმწიფო ვერტიკალზე უარყოფითად მოქმედებს - ნელა, მაგრამ განუხრელად ასუსტებს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს ზღუდავს მოვლენების გაკონტროლების საკითხში.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად კრემლი სიმშვიდეს ინარჩუნებს, რუსეთის აგრესიული მოქმედება სულ უფრო წარუმატებელი ხდება - განსაკუთრებით ცუდად არის საქმე სახმელეთო და საზღვაო სამხედრო-სატრანსპორტო ტექნიკის მომსახურების სფეროში, რაც კრემლის ლპობის შედეგს წარმოადგენს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკის ეკიპაჟის მეთაური ჯავშნიანი მანქანის ძრავის მოპარვისათვის დააპატიმრეს. ამ ფაქტმა არ უნდა გაგვაკვირვოს და არც იმან, რაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ხდება - ფარდა ეხდება ხომალდების დიდი ნაწილის არასაბრძოლო მდგომარეობას. ეს არის მშვენიერი ილუსტრაცია იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ბანდიტური სახელმწიფო მორალურად იხრწნება.
ჯავშანტექნიკის შთამბეჭდავი დანაკარგები, რომელსაც მოსკოვის არმია განიცდის, თავდაპირველად დასავლელეი ანალიტიკოსების მოულოდნელი იყო, მაგრამ ახლა მეც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ლოგიკურია: სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, როცა საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ელემენტები ჯართში იქნა ჩაბარებული და რაც დარჩა, იმასაც სათანადოდ არ პატრონობენ. უკან თუ გავიხედავთ, ჩვენ ამის გათვალისწინება უნდა მოგვეხერხებინა: მე მახსოვს იმდროინდელი ერთ-ერთი ისტორია, როცა ცივი ომის დროს ტანკის მეთაური ვიყავი, გერმანიაში ვმსახურობდი და მზად ვიყავით რუსეთთან საომრად. ხშირად მესმოდა ხოლმე, რომ რუსი ტანკისტები ტანკების ძრავის გამაცივებელ (სპირტის შემცველ) სითხეს იპარავდნენ და სვამდნენ, ასევე გავრცელებული იყო ტანკებიდან დიზელის საწვავის ფარული „ხარჯვა“ და მისი გაყიდვა, სურსათის შეძენის მიზნით.
რაც შეეხება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მდგომარეობას: რუსების ერთადერთი ავიამზიდი ხომალდი „ადმირალი კუზნეცოვი“, 2018 წელს მწყობრიდან იქნა გამოყვანილი, წარუმატებელი რემონტისა და ფულის უკანონო გაფლანგვის გამო. 2021 წლის მარტში იმ გემთმშენებელი ქარხნის გენდირექტორი, სადაც ხომალდი რემონტდებოდა, ფულადი სახსრების დატაცების გამო დააპატიმრეს. სავარაუდო პროგნოზით, „ადმირალ კუზნეცოვის“ აქტიური ექსპლოატაციია, ალბათ, მხოლოდ 2024 წელს თუ დაიწყება.
დიდი ალბათობით, ჩამოწერილი იქნება რუსეთის ატომური სამხედრო ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „პეტრე დიდი“, რომელიც უკვე საკმაოდ არის მოძველებული (გემი წყალში ჩაუშვეს 1989 წლის აპრილში). მისი მოდერნიზება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აგება. აი, სინამდვილეში ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელიც „გონზე მოდის“ უკრაინის ომის დროს განცდილი დამცირების შემდეგ, როცა კრეისერი „მოსკოვი“ შავ ზღვაში ჩაიძირა.
ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბევრი სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის მთავარ კოზირს მისი დიდად ქებული ტაქტიკური ატომური იარაღი წარმოადგენს, მაგრამ არც ის არ იმუშავებს სათანადოდ, რადგან მას „შენახვის ვადა გაუვიდა“. ძნელია რუსი ჯარისკაცების დარწმუნება იმაში, რომ მათ ასეთი იარაღი გამოიყენონ.
როგორც ყოფილი ჯარისკაცი, მე მჯერა, რომ ლპობის პროცესი რუსების ნებისყოფას დაასუსტებს და ბრძოლის უნარს წაართმევს. ყველაზე ეფექტური „მებრძოლები“, რომლებიც კრემლს დარჩა, როგორც ჩანს, ის პატიმრები არიან, რომლებიც დაქირავებულთა „ვაგნერ-ჯგუფს“ ციხეებიდან გამოჰყავს და თავისუფლების დაპირებით, ფრონტის ხაზზე გზავნის. მაგრამ რადგანაც საბრძოლო სულის საფუძველი რწმენა და სიმართლეა, „ვერცხლით“ და ფულით წაქეზებული ბრძოლა დიდხანს ვერ გასტანს. რუსული „ოქრო და ვერცხლი“ გაფერმკრთალდა, ხალხის მოტყუება ძნელდება, მოსახლეობა ხვდება, რომ მისი ექსლოატაციას მცირერიცხოვანი ელიტით ხდება. საბოლოო ჯამში, კრემლის მონეტა იმათ იმსხვერპლებს, ვინც სიმდიდრეს უფრთხილდება და ვისაც ხელისუფლების დაკარგვა არ სურს... ეს ყველაფერი რუსეთს კაპიტულაციამდე მიიყვანს.
რუსეთში [სოციალური] აფეთქების დრო მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა რუსმა მეომრებმა საბრძოლო სული და ბრძოლის უნარი საბოლოოდ დაკარგონ. სამწუხაროდ, არის ცნობები, რომ უკრაინელ სამხედროებს ტყვია-წამლისა და ჭურვების დაზოგვა უწევთ. ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის ზურგს უკან მოწინავე და განვითარებული ქვეყნები დგანან. ეს ჩვენი სირცხვილია. დღეს 1915 წელი კი არ არის, არამედ 2023 წელი დგას.
ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია მობილიზაციის ჩატარება და მოქალაქეების ჯარში გაწვევა, ასევე ტექნიკის სწრაფი წარმოება - ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ. პუტინის ბანდიტებმა საკუთარი ქვეყანა გაძარცვეს, არმიაში კორუფცია დააკანონეს და ამით საკუთარი თავიც დამარცხებისთვის გაწირეს. რუსეთისათვის მორალური კორუფცია ეპიდემიის ხასიათს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ისე დაამხობს, როგორც მანამდე ბევრ ტირანს მოუვიდა. პუტინის რეჟიმის კრახი მხოლოდ დროის საკითხია. მთავარი ისაა, გამოავლენს თუ არა დასავლეთი ისეთივე სიმტკიცეს უკრაინის მხარდაჭერაში, როგორც ამას უკრაინელები ავლენენ თავიანთი ქვეყნის დაცვაში.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2023/04/30/putins-gangster-state-is-bleeding-his-forces-dry/