USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის ბანდიტური სახელმწიფო ძალებისაგან იფიტება“
Date:  

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „თვალსაზრისი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ბანდიტური სახელმწიფო ძალებისაგან იფიტება“, რომლის ავტორი, პოლკოვნიკი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი - სამეფო სატანკო პოლკის  ყოფილი მეთაური - მსჯელობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამეფებულ კორუფციაზე, უპასუხისმგებლობაზე, მმართველი ელიტის მორალურ გახრწნაზე და ასკვნის, რომ ვლადიმერ პუტინის ბანდიტური რეჟიმის დამხობა მომწიფებულია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასაკვირი არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს საოცრად კორუმპირებული სახით მართავს. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ მიდის სახელმწიფოს სახსრები მისი მოკავშირეებისა და ოლიგარქების ჯიბეში, თუმცა ხაზინის ფულით თვითონაც კარგად სარგებლობს. მრავალი წლის განმავლობაში სისტემური კორუფცია მისი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა, მაგრამ ახლა, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ფრონტის ხაზზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი, ასეთი კორუფციული სისტემა სახელმწიფო ვერტიკალზე უარყოფითად მოქმედებს - ნელა, მაგრამ განუხრელად ასუსტებს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს ზღუდავს მოვლენების გაკონტროლების საკითხში.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად კრემლი სიმშვიდეს ინარჩუნებს, რუსეთის აგრესიული მოქმედება სულ უფრო წარუმატებელი ხდება - განსაკუთრებით ცუდად არის საქმე სახმელეთო და საზღვაო სამხედრო-სატრანსპორტო ტექნიკის მომსახურების სფეროში, რაც კრემლის ლპობის შედეგს წარმოადგენს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკის ეკიპაჟის მეთაური ჯავშნიანი მანქანის ძრავის მოპარვისათვის დააპატიმრეს. ამ ფაქტმა არ უნდა გაგვაკვირვოს და არც იმან, რაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ხდება - ფარდა ეხდება ხომალდების დიდი ნაწილის არასაბრძოლო მდგომარეობას. ეს არის მშვენიერი ილუსტრაცია იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ბანდიტური სახელმწიფო მორალურად იხრწნება.

ჯავშანტექნიკის შთამბეჭდავი დანაკარგები, რომელსაც მოსკოვის არმია განიცდის, თავდაპირველად დასავლელეი ანალიტიკოსების მოულოდნელი იყო, მაგრამ ახლა მეც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ლოგიკურია: სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, როცა საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ელემენტები ჯართში იქნა ჩაბარებული და რაც დარჩა, იმასაც სათანადოდ არ პატრონობენ. უკან თუ გავიხედავთ, ჩვენ ამის გათვალისწინება უნდა მოგვეხერხებინა: მე მახსოვს იმდროინდელი ერთ-ერთი ისტორია, როცა ცივი ომის დროს ტანკის მეთაური ვიყავი, გერმანიაში ვმსახურობდი და მზად ვიყავით რუსეთთან საომრად. ხშირად მესმოდა ხოლმე, რომ რუსი ტანკისტები ტანკების ძრავის გამაცივებელ (სპირტის შემცველ) სითხეს იპარავდნენ და სვამდნენ, ასევე გავრცელებული იყო ტანკებიდან დიზელის საწვავის ფარული „ხარჯვა“ და მისი გაყიდვა, სურსათის შეძენის მიზნით.

რაც შეეხება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მდგომარეობას: რუსების ერთადერთი ავიამზიდი ხომალდი „ადმირალი კუზნეცოვი“, 2018 წელს მწყობრიდან იქნა გამოყვანილი, წარუმატებელი რემონტისა და ფულის უკანონო გაფლანგვის გამო. 2021 წლის მარტში იმ გემთმშენებელი ქარხნის გენდირექტორი, სადაც ხომალდი რემონტდებოდა,  ფულადი სახსრების დატაცების გამო დააპატიმრეს. სავარაუდო პროგნოზით, „ადმირალ კუზნეცოვის“ აქტიური ექსპლოატაციია, ალბათ, მხოლოდ 2024 წელს თუ დაიწყება.

დიდი ალბათობით, ჩამოწერილი იქნება რუსეთის ატომური სამხედრო ფლოტის ფლაგმანი,  კრეისერი „პეტრე დიდი“, რომელიც უკვე საკმაოდ არის მოძველებული (გემი წყალში ჩაუშვეს 1989 წლის აპრილში). მისი მოდერნიზება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აგება. აი, სინამდვილეში ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელიც „გონზე მოდის“ უკრაინის ომის დროს განცდილი დამცირების შემდეგ, როცა კრეისერი „მოსკოვი“ შავ ზღვაში ჩაიძირა.

ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბევრი სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის მთავარ კოზირს მისი დიდად ქებული ტაქტიკური ატომური იარაღი წარმოადგენს, მაგრამ არც ის არ იმუშავებს სათანადოდ, რადგან მას „შენახვის ვადა გაუვიდა“. ძნელია რუსი ჯარისკაცების დარწმუნება იმაში, რომ მათ ასეთი იარაღი გამოიყენონ.

როგორც ყოფილი ჯარისკაცი, მე მჯერა, რომ ლპობის პროცესი რუსების ნებისყოფას დაასუსტებს და ბრძოლის უნარს წაართმევს. ყველაზე ეფექტური „მებრძოლები“, რომლებიც კრემლს დარჩა, როგორც ჩანს, ის პატიმრები არიან, რომლებიც დაქირავებულთა „ვაგნერ-ჯგუფს“ ციხეებიდან გამოჰყავს და თავისუფლების დაპირებით, ფრონტის ხაზზე გზავნის. მაგრამ რადგანაც საბრძოლო სულის საფუძველი რწმენა და სიმართლეა, „ვერცხლით“ და ფულით წაქეზებული ბრძოლა დიდხანს ვერ გასტანს. რუსული „ოქრო და ვერცხლი“ გაფერმკრთალდა, ხალხის მოტყუება ძნელდება, მოსახლეობა ხვდება, რომ მისი ექსლოატაციას მცირერიცხოვანი ელიტით ხდება. საბოლოო ჯამში, კრემლის მონეტა იმათ იმსხვერპლებს, ვინც სიმდიდრეს უფრთხილდება და ვისაც ხელისუფლების დაკარგვა არ სურს... ეს ყველაფერი რუსეთს კაპიტულაციამდე მიიყვანს.

რუსეთში [სოციალური] აფეთქების დრო მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა რუსმა მეომრებმა საბრძოლო სული და ბრძოლის უნარი საბოლოოდ დაკარგონ. სამწუხაროდ, არის ცნობები, რომ უკრაინელ სამხედროებს ტყვია-წამლისა და ჭურვების დაზოგვა უწევთ. ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის ზურგს უკან მოწინავე და განვითარებული ქვეყნები დგანან. ეს ჩვენი სირცხვილია. დღეს 1915 წელი კი არ არის, არამედ 2023 წელი დგას.

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია მობილიზაციის ჩატარება და მოქალაქეების ჯარში გაწვევა, ასევე ტექნიკის სწრაფი წარმოება - ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ. პუტინის ბანდიტებმა საკუთარი ქვეყანა გაძარცვეს, არმიაში კორუფცია დააკანონეს და ამით საკუთარი თავიც დამარცხებისთვის გაწირეს. რუსეთისათვის მორალური კორუფცია ეპიდემიის ხასიათს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ისე დაამხობს, როგორც მანამდე ბევრ ტირანს მოუვიდა. პუტინის რეჟიმის კრახი მხოლოდ დროის საკითხია. მთავარი ისაა, გამოავლენს თუ არა დასავლეთი ისეთივე სიმტკიცეს უკრაინის მხარდაჭერაში, როგორც ამას უკრაინელები ავლენენ თავიანთი ქვეყნის დაცვაში.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2023/04/30/putins-gangster-state-is-bleeding-his-forces-dry/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way